საათების მთვლელი დედაჩემი

 

დედაჩემი შიშს ჰგავს.

ჩამოიქნა და ჩამოეზარდა შიშის ხელები,

შიშის ფრჩხილები,

შიშის თმები.

დედობის მერე კანი ერთბაშად გამოიცვალა და ლამაზი შიში გახდა,

ისეთი ლამაზი, როგორიც აქამდე არ ყოფილა..

თვალებშიჩამდგარი ვარამი ერთიანად ეკლაკნება სულზე და სხეულზე, როცა დედობრივი ინსტინქტები უძლიერდებიან.

დედაჩემი შიშს ჰგავს და ისეთი თბილია ეს შიში,

რომ მზერითაც კი ვხვდები,

თვალებითაც კი მაგრძნობინებს,

როგორ ვყავარ შეფუთული არსებაში და როგორ არ უნდა,

წამიერადაც კი მომაკლდეს ის სიფრთხილე და ზრუნვა,

წლების წინ ჩემთვის რომ გადადო..

თითქოს მისი არსებიდან წარმოშობილი ისევ მასში ვრჩები.

ისევ მასში ვხორციელდები, როცა რამე მტკივა და მიჭირს..

რადგან დედაჩემში ყოფნა უკიდეგანო იმედის ზღვას ჰგავს, წმინდას და მზისგან ნათბობს.

საათებს ითვლის დედაჩემი ჩემს მის გვერდით ყოფნასა და არ ყოფნას შორის და თითქოს, ეს არყოფნა უძილო ღამეებივით ეწელება.

სწორედ ამ დროს უძლიერდება ათასჯერ ნაგრძნობი და მაინც ახლებური შიში..

იმ წლების მერე, როცა უკვე დედაჩემი შორი მოგონება იქნება და სარკეში დანახულ სილუეტში მისი ანარეკლი გამიკრთება, მოვიგონებ დარდად ჩამოღვენთილ ყველაზე ლამაზ დედას მსოფლიოში.

და ეს მოგონება იქნება მხარზე გადებული საზიდარი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მთელი თავისი სიცხადით შემახსენებს თავს..

 

 

 

1 2 3 4 5 6