სიყვარულის ჭიანჭველები

 

ქვის ღეჭვას ჰგავს სიყვარული –

ვერც ერთი მხრიდან რომ ვერ გაკბეჩ,

ძვრას რომ ვერ უზამ,

მისგან ერთადერთი ჩალეწილი კბილები და დაღლილი ყბა გრჩება.

ღეჭვის პროცესში ამას ვერ ამჩნევ –

რაც უფრო გიძალიანდება,

უფრო გინდება – ეფერო და ეალერსო,

რაც მეტად უდრეკია,

მით მეტად გიზიდავს და განდომებს,

რომ როგორმე შენს ბაგეებს მოარგო,

შენს გემოზე გამოძერწო და

ზედ დაანათლო შენი სიღრმეებიდან მოდენილი იმედის სურნელი.

იმედის, რომელიც გაფიქრებინებს,

რომ მტკიცე დასაყრდენი იპოვე –

შენფერი..

სწორფერი..

ახალი სიტყვების სწავლას ჰგავს სიყვარული,

თავდაპირველად, გამოთქმაც რომ გიჭირს –

განა ბაგეებით,

არც ბგერებით,

არამედ ემოციურად ამოთქმა და იმის ამოტანა,

თუ რამდენი ხანი მოუნდი, თითოეული სიტყვის სწავლას..

და რომ ეს ახალი სიტყვები ზედმეტად ურჩები არიან –

კბილებს შორის გიგროვდებიან და ერთი სული აქვთ,

როდის გამოსცრი, როდის ახდი მათ ბაგეთა საფარველს..

ცის ჩამოქცევას ჰგავს სიყვარული –

არასდროს რომ ხარ მზად მისთვის,

მაგრამ მაინც რომ გემართება,

მაინც რომ წაგლეკავს და გიფუჭებს შენს ნაფერებ-ნალოლიავებ სიმშვიდეს,

სიზმრებს რომ ძლივს გამოაცალე ხელებიდან და ცხადში უპოვე ხსნილი გზა..

აი, ასე ქვანაჭამი,

ასე სიტყვებუსწავლელი და თავზე ცაჩამოქცეული,

გრძნობ,

ამ დროს როგორ დაგდიან სიყვარულის ჭიანჭველები თმებში,

თვალებზე,

მკლავებზე..

როგორ გიღებენ სიყვარულის ფანჯრებს სხეულზე,

როგორ გაღვიძებენ ღამით,

მაშინ, როცა ყველა ერთად გულთან იყრის თავს..

როგორ არ გაცლიან შენს თავად ყოფნას და გარწმუნებენ,

რომ მათი ყოველი კბენა სულზე ტკბილია..

ქვის ღეჭვას ჰგავს სიყვარული –

ვერც ერთი მხრიდან რომ ვერ გაკბეჩ,

ვერც რომ დაამტვრევ,

მაგრამ იცი,

შენია ეს ქვა და თუნდაც გულს უსაშველოდ გიმძიმებდეს,

უსასრულობამდე უნდა ატარო ეს სიმძიმე –

თუნდაც კვდებოდე..

 

 

 

1 2 3 4 5 6