ჩამომეძინა
ყური მოადე ჩემს სასთუმალს – ჩამომეძინა..
ერთად გავხადე თავს ფიქრები – სულის ხინჯები,
სულის დარდები – უკიდეგანოდ გადაშლილი ჩემს სხეულში,
მკვდარი დავწექი.
ჩამომეძინა, როგორც ბოშას და უსამშობლოს,
მე ღონემიხდილს, უსასრულოდ ჩამომეძინა
და გადავვარდი ჯუღრმულეთში, სადაც არც კი წვიმს,
სადაც არც კი თოვს – სულ არ იციან, ეს ზამთარი რა ხეირია..
ჩამომეძინა, როგორც ნასვამს,
როგორც ლოთ კაცს – ყველაზე მართალს
და არ მგონია, მალე გამეღვიძოს – მაცალეთ დაცლა..
სიზმრებში უნდა დავიცალო, როგორც არასდროს..
ჩამომეძინა, როგორც ღმერთკაცს –
ექვსი დღის ნაშრომს თავი მოვუყარე, ვზიდე გოდება,
ვზიდე ამქვეყნის ტკივილები –
და მეშვიდე დღეს დავისვენე, მე – შემოქმედმა..
სხვების მოსმენამ დამღალა და ჩამომეძინა,
თუკი რაიმე განსხვავებულს ისაუბრებენ,
თუკი რაიმე სასარგებლოს ისაუბრებენ,
თუკი რაიმე აზრიანზე ისაუბრებენ –
თვალებდახუჭულს შემეძლება მათი მოსმენა..
აი, მანამდე, მე, უთავოს ჩამომეძინა..
ჩამომეძინა შენს ქუჩაზეც მე უსირცხვილოს –
ორ ღერ ყვავილთან და პაწაწინა იმედთან ერთად ჩამომეძინა..
და მახსენდება დრო, როცა შენს მხარზე მეძინა –
ისე უბრალოდ,
ისე მშვიდად,
თითქოს მესიზმრა..
გადაივლიან ეს ზამთრები და გავიღვიძებ,
გადაივლიან ეს დღეები, როგორც ნისლები –
სოფელს რომ მარად გარს არტყია –
მგონი, ვიცლები..
ჩამომეძინა..
ყური მოადე ჩემს სასთუმალს – ჩამომეძინა..