ეს ვისი ხმაა გილგამეშ?

 

ეს ვისი ხმაა, გილგამეშ, ვერ ცნობ?

ვისი ხმა არის – გულისწასვლამდე ჩუმი და წვრილი

და ამავ დროს ხმაურიანი..

ვისი ხმა არის,

ქარავანივით რომ მოგზაურობს შენს გონებაში

და სიცოცხლეს ურცხვად რომ გართმევს?!..

ეს ვისი ხმაა, გამალებით რომ მობერავს ტრამალებიდან

და ასურთა უდაბნოები წახდნენ,

როგორც შენივე შიში – ფესვგაუდგმელი.

ეს ვისი ხმაა გილგამეშ, ვერ ცნობ?

იქნებ იმ ქალის, ოდესღაც რომ დაასამარე

და საფლავიდან ჩუმად ამოყეფს – თავგანწირული..

იქნებ იმ ომის, ღალატმა რომ წაგაგებინა

და შეგატოვა მარცხი, როგორც მტკნარი სირცხვილი..

იქნება ხმაა მარტოობის, რომელიც გთრგუნავს,

თუმცა, ვერ მოიშორე – რადგან სულ თვლი,

რომ ვისაც მფარველობ, უპირობოდ შენ გეკუთვნიან..

ეს ვისი ხმაა გილგამეშ, ვერ ცნობ?

იქნებ აქამდეც გაგიგია?

იქნებ აქამდეც აუწვია მის სურნელს ცხვირი?

ვისი ხმა არის?

იქნებ სულაც მომავლის ხმაა, გილგამეშ, იცი?

ასე იციან – წინ მყოფ ლანდებმა აწმყოეთში გადმოსახლება..

და გაფრთხილებენ, იყო მართალი,

რომ ისტორიამ დაგწეროს, როგორც მაგალითი სხვების ყოფისთვის..

იქნებ, ენქიდუ ჩამოგძახის ზესთასოფლიდან, გაფრთხილებს –

იყო მხნე და არავის დარი, რომ ვეღარავინ დაგცეს მახვილით

და შეგატოვოს მკვდრების ვალი – გადაუხდელი..

ვისი ხმა არის გილგამეშ, ვერ ცნობ?

 

 

 

1 2 3 4 5 6