ზავი

როცა წავედი
შეუძლებლის კარის სამტვრევად,
ხორცი შენთან დავაგდე
როგორც ჩვარი,
რომლითაც შეგეძლო,
დამტვერილი ოთახები გამოგეწმინდა.
შენ ამ ჩვარს მოთმინებით უფრთხილდებოდი,
უსიტყვოდ გადაგქონდა ნივთიდან
ნივთზე
როცა ის თვალში ან ფეხებში
გეჩხირებოდა.
გაღიზიანებული გუმანით გრძნობდი,
რომ ეს ერთადერთი იყო,
რაც დაგიტოვე,
რაც გავიმეტე
როცა წავედი
შეუძლებლის კარის სამტვრევად,
და ჩვენ ორივე ვთანხმდებოდით
ამ სარფიან, უტკივილო გარიგებაზე,
შენ მეფურად ეპყრობოდი იმას,
რაც გერგო,
პატივით ამტვრიანებდი,
ჭუჭყის ბიისფერ კრისტალებში
აბანავებდი,
ისევე როგორც მე ვიყავი კმაყოფილი
და გზადაგზა
ბედნიერების ქვირითს ვყრიდი
როცა მივდიოდი
შეუძლებლის კარის სამტვრევად.
მე ამას ვერ გავბედავდი,
რომ არ მცოდნოდა, რომ
შინ შენ დაგტოვე,
რომ არ მცოდნოდა, რომ
იჯექი სახლში მშვიდად და
ოდნავ მოშიებული,
დასცქეროდი ფეხქვეშ მოკრიალე
ჩემი ხორცის ჩვარს და
ყველაფერზე გეღიმებოდა,
როცა ამ დროს
მე სულ სხვაგან,
შეუძლებლის კარებს ვამტვრევდი…

 

1 2 3 4