***

სულ შენ მოდიხარ

და ინგრევა თეთრი ქაღალდი.

სიცარიელე ნაბიჯების ხმაზე გუგუნებს.

სულ შენ მოდიხარ

ვთენდები თუ როცა ვაღამებ

და მზე სტკივა დედა-უკუნეთს,

მე არ ვიძვრი. სულ შენ მოდიხარ.

 

სულ შენშია

ჩემი სული, ჩემი საბადო.

ვემორჩილები ფოთოლცვენას და გაზაფხულებს,

რამდენჯერ გულის კლდეებიდან ცეცხლი ავარდა

კრთოდა სამყარო მოლოდინით გადაზაფრული,

სულ შენშია

ჩემი ცეცხლი,

რასაც ვუყურებ.

 

სულ შენ მოდიხარ

მე კი ისევ მიწაში ვწევარ.

მოჰყვები ხეებს ნამის რუდ და

ფარდებს – ნიავად,

ეს სინანული ამისრულე – სიცოცხლის ჩვევა:

მკვდარიც რომ ვიყო

მაინც მოდი,

აქ ვარ. ღია ვარ.

ადამიანი დგას, არ იძვრის.

სულ შენ მოდიხარ.

 

 

 

 

1 2 3 4