***

ერთი თამაში მოვიგონე:
სადაც წავალ, ყველა ქალაქში
მამაჩემს ვეძებ.
არც რუკა მაქვს,
არც საძიებო ნიშნები ვიცი,
სიზმარშიც კი არ მინახავს
არაფერი დანამდვილებით,
უწესებო თამაშია –
ველური და მხიარული,
როგორც ზაფხულში ჩარჩენილი
ბავშვის
შარიანი თავგადასავალი.
აი, ამ ზღურბლზე,
ახლა რომ დავაბიჯე,
შეიძლება მამაჩემიც იდგა,
წამით გალავნის კედელს გახედა,
რაღაც გაახსენდა და
კაფეში შესვლა გადაიფიქრა.
ან ბაღი, სადაც ისე შემასწრო,
კვალი ვეღარსად ვიპოვე,
ან ეს ავტობუსი,
რომელშიც მხოლოდ იმიტომ ვზივარ
რომ იქნებ მამაჩემის ქუჩაზე გადაუხვიოს?..
ხანდახან მავიწყდება რას ვთამაშობ,
მხრებში მოხრილ მგზავრს ვაჩერებ და
ვეკითხები,
კიდევ ბევრი დარჩა გათენებამდე?
მერე ამასაც ვივიწყებ,
ყველა ქალაქი თავის ხმაურიან მუცელში მითრევს,
მოგზაურობა უცხო აბების ყლაპვას ემსგავსება –
არ იცი, როგორ ხარ, რა გჭირს,
რა გიშველის,
გათიშვამდე ლამაზია გაუგებრობა
რომელშიც ხარ,
რომელშიც, ახლა კი არა,
დაბადების წუთიდან აღმოჩნდი!..
სანამ ისევ არ იპოვი
ნაცნობ ნაფეხურს,
ჩადგამ ფეხს – დაატოლებ,
ისევ მოგინდება ძველი თამაში,
არც რუკა გაქვს
არც საძიებო ნიშნები,
მაგრამ ბავშვის სიჯიუტით იცი –
ის შენამდე აქ უკვე იყო,
ეს ადგილი შენთვის მონიშნა,
მუჭით ცეცხლიც დაგიტოვა –
სხვა გზებამდე გასათბობად,
გასანათებლად.

 

1 2 3 4