საწყალი სიყვარული

ზურგზე ჩვილივით აკიდებული
მიმყავს საწყალი სიყვარული,
მივაძუნძულებ ბნელ ქუჩებში
გზები საათებს ახველებენ,
იქნებ როგორმე გავაპარო
მათხოვრის ჩვრებში ჩაბეჟილი,
ძაღლივით ღრენით მოვიშორო
საწყალი სიყვარულის მნახველები…
მივრბივარ ჭაობის თავკომბალა,
ზურგზე სიყვარული მიხტუნავებს,
ცოტაც და მინდორი გამოჩნდება
ღრუბლის ნესტიანი სახვევებით,
იქნებ არ მომიკვდეს _ გადავასწრო,
ჩვილი ბალახზე მოვიწვინო
და უშფოთველად ვიყიყინო
საწყალი სიყვარულის სახელი…

 

1 2 3 4