ოპტიკური ილუზია

 

კაცმა, იმაზე მეტად რომ მიყვარდა,  ვიდრე შემეძლო,

ლავაქვით ამოქოლილი ტბები გაახილა,

წამწამები და ქუთუთოები ააშრიალა

და სწორ, პრიალა ზედაპირზე  მთელი სხეულით ამირეკლა;

თვალსა და თვალს შუა რომ გავეჩხირე,

იძულებული გახდა,  ჩემი სადაურობა ეკითხა.

ვუპაუხე:

– თანდაყოლილი მხედველობის დეფექტი გაქვს. . .

ამიტომ მთელი ეს დრო ვერ აღმიქვამდი,

არადა თავით შენს ნაპირებს ვეხეთქებოდი. . .

– იქნებ, მართლა ბრმა ვარ, როგორც მითხარი,

ყრუც ხომ არა ვარ?

ნაბიჯების ხმას მაინც ხომ გავიგონებდი? –

მიპასუხა

და და მთხოვა, მეამბა რაიმე მასზე,

მის ცხოვრებაზე –

ის მომეყოლა, რასაც ვხედავდი,

როგორადაც დამამახსოვრდა მისი ამბები. . .

და მოვუყევი ყველაფერი, რაც კი ვიცოდი,

მან  კი მითხრა, რომ ის ამბები, რომლებსაც ვყვები,

არ არსებობენ, რომ მე შევთხზე,

ან არასწორად დამინახავს,  რასაც ვხედავდი. . .

და როცა ვკითხე:

– აბა,  ის ცხვრები, ლავაქვის ტბაში  ყოველ ღამე რომ აძოვებდი?

ან ფურირმები,

კარადებად გადაცმული ხეებიდან  კაბებს რომ ძოვდნენ,

ან ის ქალი,

შენს დანახვაზე  ორივე თვალში  მკვდარი თევზები  რომ უცოცხლდებოდა?. . .

და მიპასუხა:

– არაფერი არ იცი ჩემზე,

სულ არაფერი. . .

ტყუილად მდგარხარ  იმ ნაპირზე,  სადაც იდექი. . .

– და შენ გინდოდა,  დამენახე? –

ვკითხე და მითხრა:

– ისე მინდოდა,  იმ ამბებიდან, რასაც ყვებოდი,

ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო სიმართლე  ან  გამონაგონი,

სიმართლეს რომ ოდნავ მაინც  მომაგონებდა…

და თუკი მართლა იქ იდექი,  სადაც შენ ამბობ

და უყურებდი ჩემს  ცხოვრებას,

ვერაფერი რატომ ვერ ნახე ჩემზე ან ჩემში?! .

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6