უსასრულობა

 

                                                                                                             რას  ვიფიქრებდი, რომ ეს ცხოვრება

                                                                                                                        არ ეყოფოდა შენს დავიწყებას.

გივი ალხაზიშვილი

 

 

ჩვენ წინ გადაშლილი უძირო ტბიდან

ოქროს თევზები სათითაოდ ამოვაშრეთ,

ცის ყველა კიბეს ღრუბლები ჩამოვატეხეთ,

ერთმანეთი არმოსვლად,

უკან ვერდაბრუნებად ვაქციეთ,

ძლივს გადარჩენილი,

ნემსის ყუნწში გატარებული სიცოცხლე

გარდაუვალ სიკვდილზე დაუფიქრებლად გადავცვალეთ,

ყინულის აკლდამებში შევლაგდით,

ჯავშნად ჩვენი გარდაცვლილი დღეები მოვიხურეთ. . .

ჟრუანტელის ნაცვლად ტანზე

ვერცხლისფერმა ქერცლმა დაგვაყარა,

ფერდებიდან ფხები გამოიფშიკნენ,

გაყინული სისხლი საწამლავად გვექცა,

ტყვია – ერთადერთ სურვილად.

უცნაური ის იყო,

რომ  ამ მოცემულობაშიც არ სრულდებოდა ჩვენი ამბავი.

– რა გვჭირს ასეთი დაუსრულებელი? –

ვეკითხებოდი საკუთარ თავს

და ყოველ ღამე ვეჩურჩულებოდი

ვერავისთვის ვერმოსაყოლ ამბავს  შენსა და ჩემზე,

გულში ხმამაღლა ვამეორებინებდი,

რომ არ დამვიწყებოდა.

შენ არ გჯეროდა სიყვარულის,

სამაგიეროდ იმის გჯეროდა,

რომ ბედნიერება და თავისუფლება

არჩევანის მრავალფეროვნებაა,

მერე კი ყველა ღალატს სადეგუსტაციო ღვინოსავით

იმ ერთადერთ ტბაში აფურთხებდი,

საიდანაც სუფთა წყალი უნდა დამელია;

დიდი ხნის წინ მომწამლა

შენი ღალატის ჭაობნაკრავმა  გემომ

და მძაფრმა, ცივმა,  ვულგარულმა სურნელმა,

მაგრამ მაინც არ სრულდებოდა ჩვენი ამბავი.

კი, მაგრამ რა გვჭირდა ასეთი დაუსრულებელი?..

შენ გასწავლეს, რომ არ უნდა გჯეროდეს სიყვარულის,

რომ ერთგულება სამარცხვინოა,

მარტოობა – უფხობა, უგერგილობა და დანაშაული,

მეც მასწავლეს, რომ არ უნდა მჯეროდეს ადამიანების,

არც შენი და მითუმეტეს, არც ჩვენი სიყვარულის.

არც მჯეროდა,  შენ კი მაინც მიყვარდი –

მანამდეც, სანამ გაგიცნობდი და მერეც –

როცა ერთმანეთს შევხვდით.

ზოგჯერ იმაზე მეტადაც მიყვარდი, ვიდრე შემეძლო.

ალბათ, ამიტომ არ დასრულდა ჩვენი ამბავი.

 

 

 

1 2 3 4 5 6