სიყვარულის მუზეუმი

 

თუ ვიქნებით თანმიმდევრულები

და გავიხსენებთ, ჯერ რა იყო,

ჯერ იყო ის, რომ მე და შენ მოგვკლეს . . .

მერე იყო ის,  რომ  აუტანელი სიცარიელისგან წელში გაწყვეტილ კარადას

ოთხივე ფეხი რომ მოტყდა,

აივნისკენ გადაყირავდა და პირდაფჩენილი უჯრებიდან

ყველა  ჩვენი საიდუმლო გამოყარა –

ფანჯრიდან ეზოში გადაისროლა ყველა ამბავი,

რომლებსაც მე და შენ წლების განმავლობაში  საგულდაგულოდ ვმალავდით –

რატომღაც  გვეგონა, ცხოვრებაშიც და ჩვენს ერთად ყოფნაშიც

მთავარი ამბების კარგად გადამალვა იყო

და ვმალავდით,  ვმალავდით –   სულ რაღაც ვმალავდით;

მერე კი, როცა აღარაფერი აღარ დაგვრჩა გადასამალი,

ერთმანეთისთვის და ერთმანეთის  ამბების მალვაში დავოსტატდით…

მერე მოგვკლეს. . .

არა მგონია, ვინმეს გადამალვების გამო მოვეკალით,

თუმცა, შეიძლებოდა, ასეც ყოფილიყო. . .

რას გაიგებ. . .

ამ ქვეყანაში ხომ ვერასდროს ვერაფერს გაიგებ –

სიმართლეს მითუმეტეს. . .

მარტო ის მახსოვს, როგორ გვესროლეს –

ერთმანეთის გვერდზე ვიწექით,

გაყინულ სხეულებს სისხლიანი ზეწრები გვილოკავდა

და რატომღაც, ვერც ერთი ვერ ვგრძნობდით,  რომ დავმთავრდით –

რატომ? ალბათ, იმიტომ,  რომ ჩვენში  და ჩვენს  ერთად ყოფნაც

გადამალვების გრძელი სერია   ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

ახლა ჩვენი პატარა ოთახი  ნაფტალინის და სიძველის მხუთავ სურნელს აფრქვევს,

ჩვენი სახლის ტლანქი სხეულის ტემპერატურა კი  იმდენად მაღალი და აუტანელია,

რომ ერთ დროს შიგ კოხტად ჩაკეცილ ყველა ამბავს  ვადა გაუვიდა

და ისე გაფუჭდა,  გადაჩიჩქნაც კი ყველას დაეზარა –

საზარელია და იმიტომ.

დღეს ის ადგილი, სადაც ერთმანეთს სიყვარულით,

შუშის კედლებს კი შიშით ვეკვროდით,

თავმოხუფულ ამფითეატრს დაამსგავსეს.

მთავარ კედელზე მიხრახნილ მყვირალასათაურიან ყუთში

ფულის ჩაძახების შემდეგ უცნობი ქალი  ყველას,

ვინც კი ჩვენს დათვალიერებას

და ჩვენი ამბის ყიდვას გადაწყვეტს,

გამაღიზიანებლად პროვინციული აქცენტით

და კიდევ უფრო გამაღიზიანებელი მანერულობით უყვება,

როგორ  გვიყვარდა ერთმანეთი.

მე და შენ არ გვაღელვებს, რომ მოვკვდით,

არც ის, არავის რომ აღარ აღელვებს ჩვენი ამბები,

ისიც კი არ გვტკივა,

საგულდაგულოდ გადამალული ისტორიები

აუქციონზე რომ გამოფინეს  და არავინ იყიდა. . .

არადა როგორ არ გვინდოდა,

როგორ გვეშინოდა,  რომ ეს ოდესმე  მოხდებოდა. . .

ახლა მთავარი იცი, რა არის? –

ის, რომ ერთად ვართ,

რაც იმას ნიშნავს,

რომ თურმე,  მართლა ძალიან გვყვარებია ერთმანეთი,

მაგრამ დღეს სიყვარულით ვის გააკვირვებ? –

მოდიან, გვათვალიერებენ,

მიდიან და სიყვარულზე ერთხელაც არ გაეფიქრებათ.

 

 

 

1 2 3 4 5 6