ძილად დაცემა

 

შევძლებ კი,

საშობაო მარხვისათვის მოვაგროვო ნებისყოფა?!

ვთქვა უარი ალკოჰოლზე, თამბაქოზე, გამჭვირვალე კოფთაზე,

კაცის ალერსსა და

ექვსი ძროხის ნაწველ ზაფხულის ყველზე,

იმ ბომბონერზე,

ხშირად ჭარბად რომ მივირთმევ.

ბოლო ორი წელია,

რაც ჩემს თეძოებს მკვეთრი ცვლილელები დაეტყო,

არ ვიცი, ამას წონაში მატება დავარქვა

თუ მეტად გამოკვეთილი სექსუალურობა,

ფაქტია გიტარას დავემსგავსე,

ზედ დაჭიმული ბასრი სიმებით.

ამ გიტარაზე მხოლოდ

ნიჭიერ კაცს შეუძლია დაამღეროს მოუდრეკელ ქალზე იავნანები,

ქალზე, რომელიც ძალზედ აცდენილია კდემამოსილებას,

ქალზე, რომელიც მარხვის ხსნილამდე, ყოველი სიზმრის ხილვის დროს,

ძილად დაეცემა.

რა აზრი აქვს

ხატს ვემთხვიო ან

ღვინოში დამბალი პურის ჩასანსვლის მოლოდინს.

აჰა, და ეზიარე, შემდეგ?

არ ნელდები,

სულ ცხელა შენს წრეზე,

ჭინჭარშიც რომ შეგფუთონ, მაინც აყროლდები.

არადა ისეთი სრიალა და ცხიმოვანი ვარ,

ფქვილთან რომ ჩამახარშოთ, უგემრიელესი ხავიწი შეგრჩებათ ყბებში.

სანამ შევცივდები,

სანამ მომინელებთ.

ვფიქრობ, ამ აუტანელ ცხოვრებას

რომ დავამთავრებ,

წმინდა დედა ვიპოვო,

რომელიც საიქიოს მიკაკუნებისას

თავის ტვინს მასესხებს,

ცოტახნით მაინც რომ ვიარო მორჩილად.

ეს ბიბლია მამის თანაკლასელმა მისახსოვრა,

სამჯერ გადავიკითხე,

მეოთხედ რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს,

“არტისტულ ყვავილებსა” და

“კვირის წირვებს”

ავუყუდე გვერდით.

ხანდახან თვალს ვუკრავ და ვეპუტუნები:

“- დამაცადე, ამოვწურო ჩემი ცოდვები,

იქნებ მეტად გაგიცნო

ნაოჭების გაღვივებისას.

ბოლოს კი ერთად ვიმსჯელოთ,

ცეცხლზე დავიწვა თუ ბორბალზე დავტრიალდე.”

ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამოვეძერწე,

მჯერა, ჩემს ნიჭს მეტად დააფასებდით.

არ შეამჩნევდით მხოლოდ მრგვალ საჯდომსა და ძუძუებს.

ჭურივით მომხდიდით თავს და ნამდვილ ჭეშმარიტებას ეზიარებოდით.

აღარც კი მახსოვს,

რომელმა მიწოდეთ პოეტი.

გაჩუმდით, რა!

მე ერთი თავქარიანი ქალი ვარ,

მეტი არავინ.

პოეტი ეს დიაბეტიანი ტაქსის მძღოლია,

რომელმაც ჩემს თვალწინ

ინსულინის ნემსი გაირჭო მუცელში.

ვკითხე: “- გტკივათ რამე?”

“- აბა რა გითხრაო,

ამ დროს კაცს არაფერი არ გტკივა,

მაგრამ მაინც ყველაფერი გტკივაო”.

იმდენად მწარედ ამეწვა კანი,

მინდოდა სული დამელია

მის ფეხებთან.

ესეც ვერ გავბედე,

ორმაგი ხურდა დავუყარე,

ეს იყო იმ წამინდელი ჩემი არეული სიკეთე.

უსირცხვილოდ ვაქციე ზურგი

გაწურული ჩვარივით მივატოვე.

მატარებელზე მაგვიანდებოდა.

გზად მხარი გავკარი

ოც წლამდე ლუდომანს,

რომელიც ჩემზე უარესი თუ არა, არანაკლები იყო.

გაღიზიანებულმა კარგადაც შემომაგინა და ასე დავშორდით

ჩვენსავე დასაღუპი სივრცეებისაკენ მიმავალნი.

წუთების შემდეგ აღარც დიაბეტიანი მძღოლი მახსოვდა,

აღარც ლუდომანის გინება.

ფოთლებით სავსე სკვერს ჩავურბინე,

მეძუძურ დედას მივესალმე,

ღიმილით ვანიშნე, რომ მეც დედა ვიყავი.

ერთი, რაც ვინატრე,

ის ჩვილი მინდოდა ვყოფილიყავი,

რომელიც ჩაბღაუჭებოდა რძიან კერტს

და ირგვლივ ტანჯვების აზრზე არ იყო.

სხავილით მხოლოდ სიცოცხლის არსებობას მახსენებდა.

არადა უკვე ფიქრიც დაგვიანებული იყო.

ჩემს თავზე დავიბოღმე,

რატომ აგვიანებს ყველაფერი შენთან, თავო?!

ნუთუ არ შეგიყვარეს ისე, როგორც დაიმსახურე,

ნუთუ არ შეეძლოთ ადრე მოსვლა?!

შევძლებ კი

გამოვძვრე სიზმრიდან ისე, რომ

ძილად არ დავეცე,

შევძლებ კი?!

 

1 2 3 4 5 6