შობის ხსნილი

 

ეს წარსული ჩემი არაა – სხეულისაა,

იმ იმედით ვარ, რომ ოდესმე გაიხრწნება

და ძვლები თავისუფლებას იზეიმებენ, ირიხინებენ, ამღერდებიან,

მაგრამ მათი ხმაური არავის შეაწუხებს

არც თქვენ, არც მიწას, –

გარდა დედაჩემის საშვილოსნოს მომყოლისა.

დედა ლამის შეაკვდა ჭინთვებს,

რათა მე გამოვეძევებინე და ჩავეყლაპე აქაურ ჭაობს,

შემდეგ მესუნთქა მძიმე ჰაერი, მეყლაპა მტვერი, მეწოვა ძუძუ,

იმ შედეგით, რომ მეცხოვრა ქალად,

ქალამდე – ბავშვად, ბავშვამდე – ჩვილად,

მაგრამ არ ჰგავდა ეს ისეთ შობას,

რომელსაც დაესწრნენ ცხვრები და ღმერთი,

ცად მოსეირნე ცისკრის ვარსკვლავი.

ბნელ ნოემბერში მოვედი, ხსნილზე,

როგორც ბაყილა – შიშველ ეზოში.

მას შემდეგ ვზიდავ

ძვლებზე ასხმულ ხორცს,

ხან ქვებს მესვრიან, ხანაც – მარგალიტს.

ალბათ დედაზე ადრეც მოვედი.

ვირბინე, სადაც ბალახი გახმა,

ვილოცე, სადაც არ მეყო ღმერთი,

მაგრამ არასდროს მითქვამს ამბავი ჩემი ცხოვრების დანაშაულზე.

და რადგან სიოს ქარი ვარჩიე,

ქარს მოჰყვა კაცი, კაცს მოჰყვა ბავშვი,

და როგორც სასმისს, ვივსებდი მუცელს,

მეგონა ასე გადავრჩებოდი.

 

არადა, მარტო მოსულხარ, თავო.

დროებითი იყო მუცლის სისავსეც,

ასევე ბავშვიც, კაციც ასევე,

დედაც ასევე,

და ჩემი შობაც.

 

 

 

დამებედე

 

ხვალინდელზე რა ვიფიქრო,

როცა გუშინდელი ვერ ამოვათავე.

მოდი, ისევ გუშინ ვიქნები,

კიდევ ერთხელ დავიგვიანებ,

ოღონდ – განგებ, და არავითარი “მაპატიე”.

ეს კაბა სისხლის ჩაქცევამდე მიჭერს,

გამაძრეთ ვინმემ და იმ მკვდარ გოგოს გაატანეთ,

ხვალ რომ დაასაფლავებენ სრულიად შიშველს.

მე ახლა ის უფრო მაფიქრებს,

რატომ დაველოდო იანვრის შემდეგ თებერვალს და არა – თიბათვეს,

სადაც ათასობით უჯანგართან ერთად უნდა მოვიცელო.

მოდი და, ნუ შეგეშინდება ამ ზღვისა,

ამ მთისა, ამ ბარისა, ამ კაცისა, თუ მისი მზისა,

მუხლებს შორის რომ გიჭვრიტინებს, და ვითომ აქაც არაფერი,

თითქოს ერთი მოსაგლეჯი ბაბუაწვერა იყო,

კბილებს შორის რომ გათამაშოს თვალებგაშტერებულმა,

მერე ისე მოგისროლოს, არც გეალერსოს, არც სული შეგიბეროს,

და გაუდგეს გზას, თითქოს არც ამოსულხარ.

ჰა, და თიბათვე არ მინდოდეს, და თებერვალს არ გადავახტე,

უცებ ავფეთქდე ნუშივით,

წამოთოვოს და მომყინოს ჭირხლმა მერე…

არა, არა, კარგია, რომ მაქვს არჩევანის უფლება,

რწყილივით ვისკუპო ტერფიდან თავზე. ესაა თავისუფლება,

მაგრამ, ზოგჯერ, ჩამძირავი.

თუ კარგი ცურვა იცის მან, ვინც მინდა,

მოვა და გადარჩები,

ოღონდ, არც ეგონოს, რომ დაუფასდება,

და მაინც ეყოს ძალა, გადამლახოს.

მეც ვეტყვი ღიმილმოგვრილს:

“- დამებედე!”

 

1 2 3 4 5 6