თუ მკითხავთ
დასაკიდებელი უნდა დაიკიდოს,
ეს იქნება: ფარდა, მძივი, სურათი, ქურთუკი თუ ა.შ.
დიახ, დილით ისევ დავუშვი წუხანდელი შეცდომა,
სამჯერ უნდა გადამესახა პირჯვარი, მაგრამ სამჯერვე მწარედ შევიგინე.
თქვენი არასწორი…
დროა, გამოვუტყდეთ ჩვენს კაცებს,
რომ ყვავილების ნაცვლად საცვლები გვაჩუქონ,
თუნდაც ორი ზომით პატარა საცვლები,
თეძოებზე სულის გაძრობამდე რომ მოგვიჭერს,
და თავი მაინც საშინლად კომფორტულად წარმოვაჩინოთ.
შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი,
“დღეს კი ვხედავ, ჰაერში გაშეშებულ ნემსიყლაპიასავით დგას ლოდინი”.
ეს ყურუმსაღი ტყემალი კი ისევ მზემ მოატყუა,
შემდეგ – თოვლმა, და მაისის ბლის დასაცინი გაიხადა თავი.
სიცოცხლეში ყველაფერს უნდა შეახო ენა,
ისე გემო არაფერს გაესინჯება.
ენას შეუძლია ააშენოს და დაანგრიოს,
გატკინოს და გასიამოვნოს.
“თუ მკითხავთ,
მე გიპასუხებთ!” – ჩვეულებრივი ქალები, ასე არ წერენ.
ქაოსი
მანგრევს ეს ხმადაბალი ღამეები,
ვერ ავსულვარ ქუსლის კაკუნით ორი სართულიც კი,
არადა, ეს თქვენი ლიფტი ერთი ღრმა საფლავია!
სადარბაზოს კართან მწოლიარე მეძუძური პოინტერი,
თავისივე ოთხი ლეკვით, ხომ გულს მიქანებს.
ვინ დახატავს ამ ნაბოლარა ლეკვის მუცლის კანკალს,
ჩალისფერი ყურიდან მის რძისფერ შუბლზე მოსეირნე ჭიანჭველას
ან ცივ საფეხურზე ჩემს ფეხისწვერებს?!
არც საყვარელი კაცი სჩანს,
ხელში აგიტაცოს და შეგიტყუოს ხმამაღალ ოთახში,
სადაც შენივე ბგერის თვისება და ხმის ჟღერადობა
განსხვავებული იქნება მსხვერპლისაგან.
ასეთი დაბოღმილი ალბათ წინა ცხოვრებაში თუ ვიყავი.
აი, ამ ქოშებსაც სიამოვნებით ჩავყრიდი ურნაში,
მაგრამ ჰონორარით შევიძინე და
ყველა ლექსს მახსენებს,
რომელშიც ტერფი ვახსენე
ან მუხლის შიდა სიღრმეები.
ისევ ცარიელი მუცლით ვარ,
არც დაუგეგმავი ნაყოფი ჩამიჯდა ტანში,
მაგრამ მოვასწარი და უკვე კარგა ხნის გაზრდილ შვილებს, ძილის წინ,
მემილიონეჯერ გამოვუტყდი სიყვარულში.
რა აღარ მოვიფიქრე, ბოღმიდან რომ გავსულიყავი.
ო, ეს საწოლი და მასში უაზროდ წრიალი ხომ
სრული ჭაობია,
ზეწარს პირღია ფერადი ნიანგები ახატია,
უსულო ნიანგები, და ასე, შეუჭმელი რჩები.
ახლა მხოლოდ წერა თუ მიხსნის,
არ დავეძებ არც სარკაზმს,
არც გრამატიკული წესების დაცვას.
იმ იმედით ვრჩები,
რომ ბოლოს საჭმლის ნარჩენებივით მივუყრი,
ჩემს რედაქტორს,
ისე, რომ ასეთ ქაოსურ ნაწერებში არც კი მოესურვოს რაიმეს შეცვლა.
ხმააღმატებულმაც მიაგინო ამ ხმადაბალი კარის არქიტექტორს!
თუნდაც კისერიც გაგიშეშდეს.
