კარგი რა ღმერთო

 

კარგი რა, ღმერთო,

ხომ შევთანხმდით!

ხედავ, ორი ღერიღა დარჩა

ამ წყეულ კოლოფში.

სულ სამ ან შვიდ ნაფაზს დავარტყამ და

მშვიდად გავაგრძელებ წერას.

გპირდები, როცა დავღვინდები,

ბავშვით სავსე მუცლით გავიღვიძებ საყვარელი კაცის მკერდზე.

ხომ იცი, ჩვილს რამდენი რამ სჭირდება.

გუშინ მთელი ჰონორარი

მარტოხელა მოხუცებს ვუწილადე, მხოლოდ ჩემზე რომ ბრაზობ,

მათ შვილებზე არაფერს იტყვი?!

ან იმ პედოფილზე,

ამას წინათ რომ დამარხეს

მიკარგულს სოფელში,

არც ქელეხი გადაუხადეს,

არც კი დაიტირეს, საწყალი.

რა კარგია, რომ ჩაძაღლდაო,

ამბობდენ ასე;

თუნდაც იმ ქალებზე,

ქმრებთან რომ წვანან და ვნებას სხვაზე ფიქრში ამთავრებენ;

ჩემი მეზობელი სოიოს სუფს ხარშავს,

ხახვი ღორის ქონში მოხრაკა,

რა ჰქნას, გადაავიწყდა, რომ მარხულობს.

არა, არა, განა სხვის საქმეში ვარ ბრძენი,

ხომ იცი, მეც რა კარგი ნაძირალა ვარ,

უბრალოდ, მინდა გამიგო ის,

რომ ვერ გიგებ.

პატიებას აღარ გთხოვ,

რადგან იმდენჯერ გთხოვე,

უკვე ძალიან გაიცვითა.

მიკვირს, რატომ გეძებს ეს ხალხი მხოლოდ ტაძარში,

შენ ხომ ყველგან ხარ,

ამ ბებერ ფოთოლშიც კი,

რომელმაც ხე არ მიატოვა.

მე კი ყველამ მიმატოვა შენს გარდა, ყველას ფეხზე ვკიდივარ,

ჰოდა, ნუღარ გამიწყრები, თუ თავს

არ დავხრი!

წუხელ გადავწყვიტე, ფიქრის კულტურა შემესწავლა,

გულში ვისაც ვაგინებდი,

ყველა დავლოცე, მაგრამ ამაოდ.

ისევ მაღალი ხმები, ისევ მოუსვენრობა.

ვხედავდი, როგორ მოწყდა თრომბი წვივიდან და

გარჯღამდე დავიჭირე, მოვიკეცე და

დილამდე ვითვლიდი მუხლზე ამოსულ ხალებს.

ხომ შევთანხმდით!

მოდი, ამ ბოლო ღერსაც მოვწევ და წერას დავასრულებ.

 

 

რა მოაქვს ამ პოეზიას

 

რა მოქვს ამ პოეზიას?!

არც მარჩენს,

არც ჭკუას მმატებს,

არც მაორსულებს,

და კიდევ რამდენი “არც”.

ვხედავ, ცხვირწინ მიზის, ძუძუებივით გატრუნული.

გეფიცებით, ღამის ლამფაა მოწმე,

და ბაბუაჩემი,

კედლის სურათიდან რომ მიმზერს.

აბა, მიდი, შეეჭიდე, პირი გააღებინე,

ამოწიწკნე ენა,

დააწერინე, ათქმევინე ის, რაც ჯერ არ თქმულა.

რა ადვილია, არა, მასთან თამაშობანა?!

ის არც ჩვენი ბავშვობის მეგობარია, არც გულისსწორი,

არც მტერი, არც მოყვარე.

მიკვირს, რატომ ჰქვია “პოეზია”

და არა – “დინოზავრი”,

რომელიც ვითომდა გადაშენდა.

ვინ შეარქვა ეს სახელი?!

შენ?! მე?! მან?!

კარგი რა, გვეყოს!

ჩემთვის, ეს შეჩვენებული,

არც მთვარეა, არც მზე, არც ასო, ტყეებზე, მინდვრებზე და,

მითუმეტეს, ქარზე ხომ ზედმეტია საუბარი.

სხვაა, სხვა.

შეიძლება ტყლაპოში გაჩრილი ტოტია, არაფრად რომ არ ვაგდებთ.

ჯანდაბა!

არ უნდა გაწვალოს, ამ ოხერმა!

არც შენ უნდა გააწვალო ის!

აგერ, ჩემი მეგობარი, თემურ ჩხეტიანიც ვეღარ წერს.

სჯობს, დაგვიანებული ბედივით ელოდოს, როცა მივა – მივა.

ოქროს ბეჭედს თუ არ მიუტანს, რკინისა იყოს, წრფელი, და ერგებოდეს.

გესმით?! უნდა გვერგებოდეს.

აბა, მიდი, შეეჭიდე, პირი გააღებინე,

ამოწიწკნე ენა.

ათქმევინე ის, რაც ჯერ არ თქმულა.

რა ადვილია, არა?!

ვერ იზამ ამას.

სიმართლე შია,

შენივე ნაფიქრი სუფთა კერძი შია,

და არა გუშინწინდელი მწარე ხახვი, მეზობელს რომ ესესხე.

თავს არ მოგატყუებინებს,

ღმერთის ტოლია,

არადა, ღმერთი შეგიწყალებს,

დროც,

მაგრამ ეს უკუღმართი – არა!

 

1 2 3 4 5 6