About Endlessness (უსასრულობის შესახებ)

როი ანდერსონის ყველა ფილმი თითქოს ერთმანეთს გავს, მაგრამ ყოველი მათგანი უნიკალური გამოცდილებაა გამოსახულების და თემატური კონტექსტის ერთობლიობით. „უსასრულობის შესახებ“ მთავარ აქცენტს ადამიანური მდგომარეობისგან გაუცხოებაზე და ამ გაუცხოებისაგან გამოწვეულ ინდიფერენტულობაზე სვამს. თითოეულ ნარატიულ ტილოში, რომელსაც რეჟისორი გვიჩვენებს, ვხედავთ სხვისი პერსპექტივისგან გაუცხოებულ ადამიანებს, სხვისი ტკივილის, სხვისი სიხარულის, სხვისი პასუხგაუცემელი კითხვების, სხვისი რწმენის დაკარგვის, სხვისი სიცოცხლისგან გაუცხოებულ ინდივიდებს და შესაბამისად, საზოგადოებაში საკუთარი თავის ამარა, მარტოობაში დარჩენილ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ აკვირდებიან და ხანდახან მიუთითებენ, რომ საკუთარი პრობლემები საჯაროდ არ გამოიტანონ. მიუხედავად ამისა, ანდერსონის სურათი ჰუმანიზმით, იუმორით, თანაგრძნობით, პოლიტიკური კრიტიკით და იდეოლოგიური სიბრაზით არის სავსე, რისი ყურებაც და გაანალიზებაც განსაკუთრებული სინეფილური სიმაოვნებაა.

 

Adults in the room (უფროსები ოთახში)

მართალია კოსტა გავრასს ცოტათი თეატრალურობა შეეპარა, ძველებური ენერგია და გამომსახველობითი სიმძაფრე მოაკლდა, მაგრამ მთავარი იარაღი – პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიტიკის ხაზი – კვლავ უჟანგავი და გასწორებული სამიზნით შერჩა. „უფროსები ოთახში“ საბერძნეთის ხელისუფლებაში ხალხის მიერ მემარცხენე იდეებით ქვეყნის შეცვლის ეგიდით მოყვანილი პოლიტიკოსების წინაშე წამოჭრილ ტურბულენტობას, ფინანსური ინსტიტუტების მიერ მათზე განხორციელებულ ანტიჰუმანურ ზეწოლას, კაპიტალისტური ეკონომიკის ბრუტალობას, გლობალური პოლიტიკის შეულამაზებელ სახეს და ფასადური დემოკრატიის ტოტალიტარულ ბუნებას აღწერს, რისი ხილვის შემდეგაც უსამართლობის გრძნობა და სიბრაზე კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ, როდესაც პარალელებს, საქართველოსთანაც დაინახავთ.

 

 

 

 

1 2 3 4 5