Synonyms (სინონიმები)

სინონიმები ისრაელიდან საფრანგეთში, კერძოდ პარიზში გაქცეული ებრაელი კაცის ისტორიაა, რომელიც საკუთარ იდენტობას გაურბის და ცდილობს ევროპის ნაწილი გახდეს. ამ წინადადებიდან უკვე მიხვდებოდით, რამდენად საინტერესო პოლიტიკური ალუზიებითა ფილმი დავირთული, ის ერთბაშადაა ევროპაცენტრიზმის კრიტიკა, წარსულისგან, საკუთარი საწყისებისგან აპრიორი წაგებული გაქცევის მთელი ტრაგიკულობის აღწერა, დასავლეთის კომპლექსური აღწერა, უცხოს ფასადური, მოჩვენებითი მიმღებლობის მიმართ ირონიზაცია, ნეოლიბერალური ემპათიის რეალური, ნარცისული და ეგოისტური ბუნება. მოკლედ, რამდენადაც სინონიმები მეტაფორულ განზომილებაში ფუნქციონირებს, იმდენად პირდაპირი და ხისტია თავის სათქმელში. და კიდევ, სანამ მთავარი პერსონაჟის სამყაროსთან მიმართების ტრანსფორმაცია მოხდება, ის აუცილებლად გაგახსენებთ თქვენს მინიმუმ ერთ ნაცნობს მაინც.

 

Ema (ემა)

პაბლო ლარაინის ფილმი იმ სივრცეში მოძრაობს, სადაც გასპარ ნოეს „კლიმაქსი“ ვითარდება, მხოლოდ პაბლოს სურათი ნაკლები ვულგარული გამომხატველობით, ნაკლები პროვოკაციულობით და ნაკლები შემაძრწუნებელი კადრებითაა დაკომპლექტებული. შემაძრწუნებელი აქ გარემო და ურთიერთობებია, რომელიც საოცარი სტილიზებით გამოხატავს ინდივიდუალისტური ეთიკის მანკიერებას, რომელიც გვკარნახობს, რომ საზოგადოებას მეტი თავისუფლება და ნაკლები სოციალური ნორმა ჭირდება, რომ არავინ უნდა გიკარნახოს როგორ მოიქცე და რა აკეთო, რომ „მეტი თავისუფლება“ უნდა მოიპოვო და ა.შ. რასაკვირველია ასეთი მიდგომა მეგობრულად ჟღერს, მაგრამ მისი ქვეტექსტი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად ასეთ საზოგადოებას საერთოდ არ ადარდებს ინდივიდი და ეგზისტენციალურ საკითხებზე სანუგეშო პასუხები არ გააჩნია. ამ პრობლემის წინაშე დგება ფილმის მთავარი პერსონაჟიც და მასთან ერთად მაყურებელიც, რაც ბრწყინვალე რეჟისურის ფონზე, განსაკუთრებით თვალისმომჭრელი სანახაობაა.

 

 

 

 

1 2 3 4 5