***

 

გამეღვიძა და ეგრევე გული ამიჩქარდა. კინაღამ ჩავიფსი. ვიღაცა გვირგვინიანი კლიენტი დამყურებდა თავზე, ხელში დიდი ჯვრით. მეთქი ნიუჟელი მოვკვდი და წმინდა ნინო დამხვდა იქა, მარა ვფიქრობ, ნინო როგორ არი, კაცია. თან მამალი კაცი. ულვაში, რამე, ხმალი, ჩექმები… მეთქი იქნებ ვინმე ზეციური ჯალათია და ცოდვების გამო უნდა მაწრუწუნოს ახლა. მარა არც ინძრეოდა. დიდხანს რო არ გაინძრა მივხვდი, რო ეგ იყო მეფე. ის მეფე, ბესარაბიელების ყველა კუპიურაზე რომ ეხატა. ზუსტად ისეთი გრუბი ბიძა იყო, როგორადაც კუპიურებიდან გვაჩვენებდა თავს.  მართალიც იყო. აბა როგორ გინდა მეფობა თუ გრუბი და ახვარი არ იქნები?! კეთილი მეფე ვის გაუგია. კეთილმა მეფემ ვინ უნდა მოკლას? მოვლენ თათრები და გასვამენ სარზე.  ძეგლში უფრო მაღალი ჩანდა ბატონი მეფე. საერთოდ ძეგლში ყველა უფრო მაღალი ჩანს, რადგან ყველა ძეგლი რაღაცა გარშოკზეა დამაგრებული.

წამოვჯექი. თვალები მოვიფშვნიტე. ქალაქში გავიჩითე. ვიღაცა მათხოვრობდა, გოგო და ბიჭი ხელებზე ეფერებოდნენ ერთმანეთს, მანქანები დადიოდნენ… თბილისი არ იყო, ქერა ნაშები მოძრაობდნენ. ის კი მოვწვი, ციგნებში რომ აღარ ვიყავი და გამიხარდა, მაგრამ  მეწყინა კიდეც.  იმ კუკლა კუზუიუკებს და სირბანჯოებს რო გამოვერიდე მიხაროდა, კაცმა არ იცის მაგათ რა მოუვლიდათ და გიჟების ხელში მტერი იყოს. შეიძლება სულაც ძალიან შემეყვარებინა თავი მათთვის, მაგრამ რამე წესი დამერღვია და მაინც მივებრიდე დემონსტრაციულად, ან გასართობად. აი, აურიკა რო ხელუხლებელი დამრჩა, მაგრა გამიტყდა. არადა მთელს ამ ისტორიაში მხოლოდ ეგ მახარებდა, რომ აურიკას მოვეფერებოდი. მგონი შემიყვარდა კიდეც, მაგრამ არ იდარდოთ, მერე მალევე დავიკიდე.

კარგად რომ წამოვდექი,  ვიღაცა წითელსპორტულიანი ნაგიჟარი მეცა. ხელზე მაკოცა და მუხლებზე დაეცა.

“ადე არ გაცივდე კაცო.”- ვეუბნები.

“არ მესმის ქართული.”

“ა უი იზვინი. დამავიწყდა. ადე, ადე, ცივა.”

“მაძლევთ უფლებას?”

“გაძლევ. ადექი.”

“ვადუ ფროსინეაკი!” – გამომიშვირა ხელი.

“სასიამოვნოა… მე კიდე…”

“მე ვიცი ვინც ხართ. ჩემი ღმერთი ხართ. ვალიკო მეუნარგია. ლეგენდარული ვალიკო. არესტანტებს სიცოცხლე!!!” – აყვირდა ეს ჩემის ფროსინეაკი.

“ვინაა?”

“კუკლას ძვირი დაუჯდა თქვენი დახსნა ციხიდან. ბევრი ფული წაუღო ციხის უფროსს, მაგრამ არ დავეძებ. არ დავეძებ!”

“კუკლა კუზუიუკს იცნობ?”

“ვიცნობ  და მთელი ცხოვრება მისი ვალიდან ვერ ამოვალ.”

“რავი, მე კიდე რაღაც მურტალი ღვინო დამალევინა, არც მახსოვს არაფერი.”

“კარგ ღვინოს მე დაგალევინებ. საერთოდაც მითხარით და ყველაფერს შეგისრულებთ.”

“თბილისში გამიშვი.”

“იქ არ დაგიჭერენ?”

“ჰა?”

“არ დაგიჭერენ თბილისში?”

“ა, არა, რავი…”

“კარგი გაგიშვებ. ოღონდ ჯერ უნდა გასადილოთ. რესტორანში უნდა წავიდეთ!”

“წამო ჰა…”

 

გადავდგი ორი ნაბიჯი და ორკესტრი გაიჩითა. ორკესტრი კი არა, სამი გიტარიანი სირი.  საკაიფოდ უკრავდნენ. ეს თქვენი ცხოვრების წესის და თქვენი მეობის საპატივცემულოდო და ააქაფეს ყურები.

“ტაგაააანკააა, ვსემ ნოჩი პოლნიე აგნიააა… ტაგააანკა, ზაჩემ ტარარარა ტი მენიაააა.”

 

მივხვდი ნაბოზარმა კუკლამ რო გამყიდა. თავიდან ვერ მოვიფიქრე რა ფეხებად ვუნდოდი ამ ვადუს, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაიასნდა. არაუშავს, თბილისში გამომიშვა ამ ჩემის ფროსინეაკმა და ფულიც მაჩუქა. აურიკა მენატრებოდა ღამ-ღამობით პირველ დღეებში. მერე თვეში ერთხელ. მერე დამავიწყდა როგორი იყო. ფეისბუქიც არ ჰქონდა. მაგრად ადებილებდნენ მაგ ბავშვს. მერე ენჯეოები უნდა ჩავრიო.

 

 

 

 

1 2 3 4 5