***

 

“სალამი კუკლა კუზუიუკ. მომაწევინე!”

“რომ მოგაწევინო მაინც დამელაპარაკები?”

“არა.”

“ხოდა არ მოგაწევინებ. სალაპარაკო მაქვს.”

“არ გეტყვი სად მაქვს ფული!”

“უკან შეიყარე შენი ფული. მე უშენოდაც მდიდარი კაცი ვარ.”

“კარგი ერთი… როდის მოასწარი გამდიდრება?”

“როცა შენ ჯერ კიდევ დედაშენის უხსენებელშიც არ იყავი მოხვედრილი.”

“დედაჩემზე ნუ ლაპარაკობ!”

“ვითომ რათაო?”

“დედაჩემი წმინდაა.”

“იცნობდი?”

“არა, მაგრამ წმინდაა და საერთოდაც, შავებს ერთი დედა გვყავს და იმ დედაზე მიდის შენი შეურაცხყოფა. ეხლა გაპატიებ, მაგრამ მეორედ სამოქმედო მექნება იცოდე.”

“ვიცი სადაც არის შენი ქურდი.”

“ვინ ქურდი?”

“ის ქართველი ქურდი. უნგენის ციხეშია. სროკი დიდი ხნის წინ მოიხადა, მაგრამ მომკითხავი არ ჰყავს და არ უშვებენ დამპლები. რომ მიყვარხარ და მებრალები ამიტომ გაგირკვიე. შენს გამო ვირბინე გესმის?!”

“მადლობა, კუკლა კუზუიუკ.” – ცრემლი ჩამოუვარდა ვადუ ფროსინეაკს.

“დამპალი ციხის უფროსი ქრთამს ითხოვს. იძახის ასი ათასი ბესარაბიული ლეი მინდაო. მაგდენი ფული ალბათ არც შენ გაქვს…”

“მაქვს! მაქვს! უთხარი გამოუშვას! უთხარი გაიგე?!” – აყვირდა ვადუ ფროსინეაკი.

“ქართველია არა ის, შენი ღმერთი?”

“კი, კი. ქართველია.”

“კარგი. ფულს თუ მივცემთ უარს არ იტყვის ბინძური ციხის უფროსი. ზუსტად ერთ კვირაში მოგიყვან შენს ქართველს. ფულიც თან გქონდეს.”

 

***

 

“აურიკა წერა იცი?” – დავუწერე ქაღალდზე.

“გადი. ჯერ არ შეიძლება შენი აქ შემოსვლა!” – დაწერა აურიკამაც.

“არ გიზამ არაფერს კაცო…”

“ვიცი. მაგრამ შემოსვლაც არ შეიძლება.”

“მაპატიე, მაგრამ ჩემს ქვეყანაში გოგოს თუ არ იცნობ, ცოლად ვერ მოიყვან.”

“სულ არ მაინტერესებს შენს ქვეყანაში რა ხდება. ახლა ჩემს ქვეყანაში ვართ და თუ არ მომიყვან მამაჩემი თავში გესვრის.”

“ძალიან ლამაზი გოგო ხარ…”

“მართლაა?”

“კი. მიხარია, რომ შეგიყვარდი.”

“არ შემყვარებიხარ.”

“აბა?”

“ისე მომეწონე. თან შენ თუარ გამოგყვები ვინმე ღიპიან ციგანს შემტენის მამაჩემი.”

“კოცნაობის უფლებაც არ გვაქვს?”

“არა! უნდა მოიცადო.”

“რა უჯიშო სასტავი ხართ რა…”

” არ ვართ.”

“ხართ.”

“შენს ქვეყანაში წამიყვან?”

“აბა რა… შენს ბიძაშვილებსაც გაგაცნობ. დოლებით დარბიან ხოლმე მეტროში.”

“რატომ დარბიან?”

“მგზავრებს რო აგინონ იმიტომ.”

“რატომ უნდა აგინონ?”

“გოგო შენ ციგანი ხარ თუ შვეიცარიელი, რა კითხვებით ხარ ე?”

“ოოოოო, ნუ მიბრაზდები.”

“არა ტო, რა გიბრაზდები, პროსტა გამიკვირდა რა.”

“ტო რა არის?”

“თბილისური მიმართვის ფორმაა.”

“თბილისური რა არის.”

“თბილისური ისაა, რაც თბილისშია.”

“თბილისი დედაქალაქია?”

“ხო.”

“როგორც კიშინოვი?”

“ხო.”

“ხოდა ნუ იტყუები. კიშინივში მეტრო არ არის და თბილისში როგორ იქნება.”

“ოხ. ბებიათქვენისამ აი.”

“რააა?”

“არაფერი. წავედი.”

“ჩუმად გადი. ვინმემ თუ დაგინახა მოგკლავენ.”

 

 

 

1 2 3 4 5