ამ ისტორიის ბოლოს აუცილებლად მკითხავთ, იმ გიჟს  იმდენი ფული ვინ მიაშავაო. ამიტომ დასაწყისშივე მოგიყვებით ზოგ სახასიათო გარემოებას ვადუ ფროსინეაკის პიროვნების  შესახებ, რომელიც სწორედ ის გიჟია, რომელზეც ბოლოს აუცილებლად მკითხავთ, იმ გიჟს მაგდენი ფული ვინ მიაშავაო.

ბევრი არა, მაგრამ არსებობენ გიჟები, რომლებსაც სახელმწიფო ფულს უხდის ხოლმე. ინვალიდების პენსიას თუ რაღაცა ეგეთს. არ ვიცი როგორ ხდება განაწილება, ვის ეკუთვნის და ვის არა, მაგრამ ნამდვილად ხდება ხოლმე ასეთი ამბებიც. ალბათ იმ გიჟებს, ვისაც თავი ნაპოლეონი ჰგონიათ არ აძლევენ, ელბაზე თავის გასატანი მოწყალება არ ეგონოს, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს და რამე არ ჩაგვარტყასო.

მსგავსი საკითხებისადმი დამოკიდებულება, ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. მაგალითად, აფრიკის სამხრეთში და კიდევ  აზიის რამოდენიმე სახელმწიფოში ყველა გიჟია და ვერ იგებენ ფული ვის მისცენ და არც აქვთ ფული, რომ ვინმეს მისცენ. ვადუ ფროსინეაკის სამშობლოში კი, რომელსაც ადრე ბესარაბია ერქვა, ახლა კი ბევრი სახელი აქვს, ძალიანაც კარგად არჩევდნენ ვის ჰქონდა გაქცეული და ვის დაყენებული. ამიტომ ვადუ თავად ვერ ხვდებოდა, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი ადამიანი გახლდათ.

ვადუ ფროსინეაკი დღეში ერთხელ ჭამდა. ძალიან ცოტას. პურს და კალბასს. ხანდახან რამე ბოსტნეულს. მაგალითად, პამიდორს, ან კომბოსტოს წნილს. წყალიც ერთი ბოთლი ჰყოფნიდა. დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე კიშინოვის  ცენტრალურ სკვერში ბირჟაობდა. პაპიროზს გამვლელები აწევინებდნენ. ვინც არ მოაწევინებდა ლაპარაკს გაუბამდა ხოლმე. საკუთარი მისიის შესახებ უყვებოდა.

ვადუ ფროსინეაკს ყოველთვის  წითელი სპორტულები ეცვა. მოსწონდა ასეთი ტანსაცმელი. ბლატნოი ზმანია ჩემსავითო, იბრიქებოდა ხოლმე. არც ის ავიწყდებოდა, წითელი ფერი სულაც რომ არ ეხამებოდა მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, მაგრამ როცა ამაზე ფიქრობდა, იქვე იმასაც ამბობდა, რომ საკითხის მსგავსი გადაწყვეტის მომხრე არ იყო და რომ მისი წითელი, მწველი ცეცხლოვანი ძალის სიმბოლო გახლდათ და არა ბოზობისა.

ვადუ საკმაოდ არასტანდარტული შერეკილი იყო. ოცი წელი ერთსა და იმავე პლასტინკას ატრიალებდა, მაგადანიდან ბესარაბიაში გადმოყვანილ ქართველ ქურდს უნდა დავხვდეო. არ ვიცი რომელ ციხეშია, მაგრამ ვიცი, რომ ბესარაბიაშიაო. ვადუსთვის რომ გეკითხათ, იმ ქურდს უთქვამს,  პაბეგს თუ მოვარტყამ დილის ცხრიდან ღამის ცხრამდე მაგ სკვერში მოვალ და დამხვდიო. აბა მე რა ვიცი პაბეგს როდის მოხევსო, ხელებს შლიდა ფროსინეაკი. ყოველდღე მოთმინებით უცდიდა. ხელის ჩაქნევა რომ სცოდნოდა, არც გიჟი იქნებოდა და არც პენსიას დაუნიშნავდა ვინმე.

ვადუს ბავშვობიდან ეცოდებოდა არესტანტები. მას შემდეგ, რაც კომუნისტებმა მის თვალწინ დაატყვევეს ათამდე პრო-რუმინელი აქტივისტი. იმ დღიდან ყველა, ვინც ციხეში ეგულებოდა მისთვის წამებული გმირი იყო და მათზე ლოცულობდა. მაგათ გამო ქვას გავხეთქავო, ეუბნებოდა ხოლმე უსიგარეტო გამვლელებს.

გიჟის პენსია   საერთოდ არ ეხარჯებოდა და აგროვებდა სადღაც გამოქვაბულში. დასტებად ულაგია მაყუთიო, ჭორაობდნენ კიშინოველი მათხოვრები, მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევდა იმ ფულს. არც იცოდნენ, სად ჰქონდა და თან ვადუ ბესარაბიაში საუკეთესოდ იქნევდა მოკლე დანებს, სწორედ ისეთებს, ტარზე შვეიცარიის დროშა რომ ახატია.

 

*  *  *

 

კარპატებში კლდეებზე ცოცვა რომ მომბეზრდა, გავიგე, რომ ბესარაბიაში ძალიან ცოტა ფულით, ძალიან ბევრი რამის ყიდვა შემეძლო. ეგრევე მოვხვეტე მორჩენილი ორასი დოლარი და დნეპრის ნაპირებიდან, დნესტრის ნაპირებში მოვხიე.

დაბა ვადულ ლუი ვოდაში  გაღიპული წითელცხვირიანი ტიპი გავაჩერე. ეცვა ნიფხავი, ზოლიანი მაიკა და თავზე ეხურა მარიაკის ქუდი. მეთქი გიჟია, მეზღვაურობა უნდოდა  და რო ვერ გაქაჩა, ეხლა ესე დადის.  მაგ ტიპს ვანახე იქაური კუპიურები. მაგრა მაინტერესებდა ვინ ეხატა იმ კუპიურებზე. ყველაზე ერთი ტიპი ეხატა და იმიტო. ჩვენთან ხოა აკაკი, ილია, ისა, ესა… იქ ყველას ერთი კაცი ეხატა. ამ მარიაკმა წარბი აწია. ალბათ იფიქრა, ამ დებილმა ეგ როგორ არ იცისო და მერე გაბრაზებული მეუბნება, ეგაო დიდი მეფე შტეფან ჩელ მარეაო და ეკაიფე ბებიაშენსო. მერე გავიგე, რომ ეს კაცი სულაც არ ყოფილა მეოცნებე. მართლა მეზღვაური ყოფილა. უფრო სწორად, ის ადამიანი, ვინც მეზღვაურის მოვალეობას მდინარეზე ასრულებს. თურმე დნესტრზე ატარებდა პატარა გემებს. ტურისტებს აკატავებდა. დნესტრი მაგ ადგილიდან ორას მეტრშია. აქეთ ესენი გულაობენ, იქით რუსები. საერთოდ დაბა ვადულ ლუი ვოდაში თურმე ბევრი დადის მარიაკის ზმანზე. სპეციალური ბარიც ჰქონიათ, რომელშიც მარტო ეგეთი ტიპები დადიან და არაყს სვამენ, პივის კრუშკებით. მაგ ბარში ბარმენი ერთი მსუქანი ქალია. დიდი ძუძუები აქვს და ყიდის წითელ მარლბოროს. ფულსაც ახურდავებს, ოღონდ ჩუმად.

კუპიურები შევინახე და მაღაზიაში შევედი. მიყვარს უცხო ადგილებზე მაღაზიებში შესვლა და იქ ისეთი რამეების ნახვა, რაც ნაცნობი ადგილების მაღაზიებშიც არის ხოლმე. კოკაკოლა არი. სიგარეტები იგივეა. ვა, პურს თქვენც ჭამთ ბესარაბიელებო? რა მაგარია. თურმე რამდენი რამ გვაქვს საერთო.

გამყიდველი ყრუ იყო და მუნჯი. არადა მაგარი ლამაზი, რიჟა, დიდი ლურჯი თვალებით. სულ იცინოდა დებილივით. მე მაგრად არ მიყვარს სულ რომ იცინიან, ან სულ რომ არ იცინიან. კაროჩე რაღაცას სულ რომ აკეთებენ, ეგ მგონია დებილობა. მაგრამ ამას მგონი დავევასე და მაგიტომ იცინოდა. ლაპარაკით ვერ მითხრა და იცინოდა, იქნებ მასე მივახვედროო. ქართულად გავუბი. მაინც არ ესმოდა და ცოტს ვეკაიფე. ეგ იმასაც ვერ მიხვდა, იქაური რომ არ ვიყავი.

უცებ შემოვარდა მაგარი შავი, დაბალი კაცი. ამდენი ხანი რას უდგახარო, ბლატაობა დამიწყო. დავაი მე მითხარი რა გინდაო და მოგცემო. კაპი პალპის წვენი ავიღე. იქ სხვანაირი ბოთლით ჰქონდათ და ვითომ სუვენირად ვიტოვებდი. კაცის ძალიან შემეშინდა.  თან იმ გოგოს ქმარი მეგონა და მეწყინა. ეტყობა ნაკლის პონტში მიათხოვეს ამ ბებერს მეთქი, ვფიქრობდი. აბა ისე მაგარი გოგო იყო. ვენერა ნიჟარიდან. ოცი წლის, ან ცხრამეტის. მოკლედ, გამოვდივარ და ეს შავი ტიპი მეკითხება სადაური ხარო. მეთქი არ ვარ აქაური. მაგას მივხვდიო, მარა იტალიელიო? მეთქი იტალიელი მამაშენია, მე თბილისელი ვარ.

 

 

 

1 2 3 4 5