***

 

მწყობრად ვიდექით დიდ ყვითელ მინდორზე ორმოცამდე ადგილობრივი და ერთი დატყვევებული კავკასიელი. ადამიანის წარმოდგენა მინდვრების შესახებ ხშირად ერთგვაროვანია და მისთვის  ყველა მინდორი მწვანეა, მაგრამ დედას გეფიცებით არ ვიტყუები. ჩემი მინდორი მართლაც მინდორი იყო და სულაც არ ეთქმოდა მწვანე.  აგვისტო იყო და მზე მინდვრებსაც  ახმობდა დნესტრისპირა სტეპებზე. მე მეგონა, რომ დადგა ჟამი საოცნებო კოცნაობისა, აურიკას კი დაესივნენ ციგანი ქალები. მე ციგანმა კაცებმა დამარტყეს წრე. მაგრად გავდა ეს დასაწყისი რომელიღაცა ქართულ ცეკვის პრელუდიას, აქეთ სულ კაცები რომ არიან, იქით სულ ქალები და მერე ახლოს რომ მიდიან ერთმანეთთან. ხელების ქნევით მასწავლიდნენ ციგნები ნაციონალური საქორწილო ტანცი-შმანცის ილეთებს, მაგრამ მე მაინც  მეზარებოდა და მიბღვერდნენ ეს ახვრები, ქორწილია და არ ცეკვავსო. ბავშვობაში მე საერთოდ  არ მივლია ცეკვაზე, ფეხბურთზე დავდიოდი. მეთქი თუ გინდათ აგიკენწლით და მერე პასს მივცემ მაგ თქვენ აურიკას და ვაბშე მადლობა თქვით ცოლად რო მომყავს ეგ თქვენი უთქმელი პრინცესა.

ძალიან ბრაზობდა დუბროვნიკელი მონარქი  ლოიკო დრაგუნოვიჩი, მაგრამ რას იზავდა?!  სიძეს ხომ არ მოკლავდა ცეკვის გამო. ხელის ერთი აწევით გააჩერა ყველა, მოქაჩა პრიმა და რაღაცა თქვა ჯანგო რეინჰარტდის ენაზე.

სწორედ მაშინ ამღერდა სოფია, ამათი პირველი პრინცესა, მამიკოს საყვარელი შვილი. ქალი დიდი თვალებით და პატარა ცხვირით. დიდი ტრაკით და პატარა წვივებით. მღეროდა იმაზე, რომ ციგნებს თურმე ქართული ღვინო უყვართ. თან აჩხაკუნებდა ორასი წლის გიტარას. ისე სოფია აურიკაზე ლამაზი იყოო ვერ იტყვი. ვერც იმას იტყვი აურიკა სჯობდა სოფიასო, მაგრამ აურიკას რა სიკვდილი აამღერებდა ასე? მე კიდე მევასება ქალი რომ მღერის. მაგათ ხომ კაცებზე ნაზი ხმები აქვთ. სამაგიეროდ ქალები რომ წერენ ეგ არ მიყვარს, მაგრამ მე ვინ მეკითხება, კაცების ნაწერებს წავიკითხავ და ეგ იქნება. ისე ვერ გაიგებ, ზოგი კაციც ქალივით წერს და იწირპლება და კაროჩე… ისე ამამჩატა ამ სოფიას ნამღერმა, რომ გადავწყვიტე მამამისისთვის მეთქვა ამას მოვიყვან ცოლად მეთქი. თუმცა მერე უბედური აურიკა დავინახე. მაგრად უხაროდა საქორწილო კაბის ფრიალი და შემეცოდა. თავი რომ მოეკლა მერე მთელი ცხოვრება ეგ უნდა მომლანდებოდა.

აურიკას მზითები შენ გადმოგეცემაო, მიჩურჩულა დედინაცვალმა ევგენია დოგამ. თავი მაგრად მეჭირა, თორემ ხტუნაობას დავიწყებდი. ასწორებს არაფრისგან კარგ კუშს რომ მოარტყამ. ჩემნაირი ტიპისთვის მითუმეტეს. მე მაგრად მიყვარს ფულის ქონა, მაგრამ საერთოდ არ ვარ მზად მუშაობისთვის. სწორედ ამიტომ ვიცი ყველა სლოტის სახელი. ეს ყველაფერი ალბათ ჩემი თავადი წინაპრების გაბლატავებული სისხლის ბრალია. ვფიქრობდი, რომ ავიღებდი ამ ციგნების მზითებს და მდიდარი   მოვხევდი მაგ  საგიჟეთიდან. სანზონაში რომ დავბრუნდებოდი ფეხებსაც ვერ მომჭამდნენ. არა, ვერც ვერასდროს მიპოვიდნენ, მაგრამ რომც ვეპოვე სანზონაში აქეთ დავატერორებდი.

ნელ-ნელა ერხეოდა ქორწილის სუფრას. მინდორზე ეყარნენ მთვრალი ციგნები. ზოგი ხვრინავდა. ზოგი ოჩი ჩორნიეს მღეროდა.  მე კი ვუცდიდი, როდის მეტყოდნენ, რომ დაღამდა და უკვე ხსნილია ცოლთან ამბები.

ახლა უკვდავების წყარო უნდა შესვაო ბუტბუტებდა ვიღაცა მახინჯი კაცი, ამათი თემის ყველაზე ნიჭიერი მამაძაღლი, კუკლა კუზუიუკი.  მე არ მეკითხებოდნენ უკვდავება მინდოდა თუ არა. ვის რად უნდა უკვდავება?! განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი სიცოცხლე ამ დაქნეულებს უნდა უყურო. კუზუიუკი რომ შემეშვა, ლოიკო დრაგუნოვიჩმა თვალების დახუჭვა მიბრძანა და სადღაც წამათრია. შემეშინდა, მეთქი ეს მეფე გალუბოი არ იყოს და რამე არ მიჩალიჩოს. უცებ გაჩერდა და გაახილე თვალებიო, მეუბნება. გავახილე და ცრემლიანი  ბუტბუტებს, ოცი წელია ეს მწვანე ნოლშესტი აურიკას ქმარს ელოდებაო. ახლა შენიაო. მზითვი გაცემულიაო. გოგო გათხოვილიო. მეთქი როგორი გაჭირვებული ციგნები ხართ თქვენ ტო… არაო, არ ვართო, სოფიას მზითვები მდიდრულიაო, პროსტო შენ აურიკა შეგხვდაო. აურიკა მაინც იქ არ იყო რომ გაეგონა და მეთქი სოფიას მოვიყვან თუ ეგრეა. ხოდა უცებ ის მახინჯი კუკლა კუზუიუკი მოგვეპარა და მეუბნება, სოფია ჩემი საცოლეა და ახლა იმიტომ არ გფატრავ რომ არ იცოდიო. რომ გცოდნოდა გაგფატრავდიო. თან იცინის. ორი კბილი აკლია. თავზე დახეული შავი შლაპა ახურავს. საწყალი სოფიას ლამაზი ტრაკი ამის ხელში მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ რას გაიგებ ამათი წესებისას. ამათ რომ კითხო ეს მახინჯი კუზუიუკი შეიძლება ბრედ პიტი ჰგონიათ. ეს დალიეო, მითხრა კუზუიუკმა  და რაღაცა დოქი მომაწოდა.  სოფელ გრატიეზდში ერთი კაცი ცხოვრობსო. მეღვინე კაციო. ნაღდი, მესტნი მოლდაველი მეღვინეაო, გრეგორა გუზუნიო. ხოდა მაგ გრეგორას  ღვინოაო. საუკეთესო ვიპუსკიო.  უკვდავების წყარო ჰქვიაო. ვინც სვამს არავინ კვდებაო. არადა დავლიე თუ არა,  მაშინვე მოვკვდი. დროებით, მაგრამ მოვკვდი. იმ მომენტში მოვკვდი. მერე კი გავცოცხლდი, მაგრამ ვეღარაფერი გავიგე.

 

***

 

“ყველაფერი რიგზეა.” – უთხრა კუკლა კუზუიუკმა ლოიკო დრაგუნოვიჩს.

“ანუ ვქნაათ?”

“აუცილებლად! ტუზია სიმამრო, ტუზი.”

“მერე აურიკა?”

“ყურის აპარატის რომ უყიდი, ყველაფერი დაავიწყდება.”

“მომივა?”

“უხ. ერთი კიარა, ასი მოგივა. თან სულ ძვირიანები.”

 

 

 

1 2 3 4 5