*** 

 

“მომაწევინე!” – გამვლელს გადაუდგა ვადუ ფროსინეაკი.

“არა!” – უპასუხა გამვლელმა.

“არა თუ არ გაქვს?”

“არა!”

“ნაღდი ციგანი ხარ.”

“ვარ!”

“რა გქვია?”

“რა შენი საქმეა?”

“მაინტერესებს…”

“მე გეკითხები ფულს სად მალავ მეთქი?!”

“შენ რა იცი ჩემი ფული?”

“ყველამ იცის.”

“ის ფული მჭირდება, თორემ გაგიცვლიდი სახელში.”

“რაში გჭირდება?”

“ვალიკო მეუნარგიას ვუნახავ. ქართველი არესტანტია. დიდი ადამიანი. რომ გამოვა პატივი უნდა ვცე. ახლაც მაგას ვუცდი. შეიძლება დღესაც მოვიდეს.”

“შენ ვინ გეკითხება იმ ვალიკოს ამბავს?”

“დიდი ადამიანია იდიოტო. ღმერთივითაა ჩემთვის. ჩემი ვალია, რომ ვუცადო და როცა მოვა, დავეხმარო!”

“კაი დაეხმარე.”

“მითხარი რა, რა გქვია?”

“კუკლა კუზუიუკი.”

“ჰაჰაჰა. კუკლა?”

“ხო, რო დავიბადე ძალიან ლამაზი ვიყავი და კუკლა დამარქვეს.”

 

****

 

მე ვიყავი დავით სოსლანი. ოღონდ ჩემი ცოლი მეფე არ იყო. პროსტო პრინცესა იყო და იმ სასტავს მეფეც ჰყავდა, ამ პრინცესას მამა და მეორე პრინცესაც. კიდევ ძაან ბევრი პრინცი. სულ ყველა დრაგუნოვიჩები.

დრაგუნოვიჩი იუგოსლავიური გვარია და ციგნურად ბაგრატიონს ნიშნავს. ათას ხუთასი წელია გალიციიდან ბარე დუნაის სულ ბოლო გაჩერებამდე ციგნებს მართავდნენ დუბროვნიკელი დრაგუნოვიჩები, რომელთა საგვარეულო გერბზეც აწერია “აი, დანუ, დანუ დანაი…”

ახლა დრაგუნოვიჩების ერთი შტო ბესარაბიაშია. სწორედ ბესარაბიელ დრაგუნოვიჩებს ჩავუვარდი ხელში, მე, თქვენი თანამემამულე, დიდუბეში ბაზირებულო გაგურჯებული ციგნებო და მაძალებდნენ მაგათი პრინცესას, აურიკას გაფაიზაღებას. მტენიდნენ ბეჭდებს და მპირდებოდნენ ჟიგულს. ბედნიერება სხვა რა გგონიაო? – მეკითხებოდა აურიკას დედინაცვალი ევგენია დოგა.

ისე კი, დაძალება მეთქი რომ ვამბობ, სისულელეა. ეგ იმათ ეგონათ რომ მაძალებდნენ. მე ჩემდათავად ბევრი არ მიწუწუნია. მომწონდა აურიკას ტუჩები. სიამოვნებით ველოდებოდი, როდის მომცემდნენ მასთან ზასაობის კურთხევას. არც მამამისივით დაბალი და მსუქანი იყო. ისიც მომწონდა ყრუ და მუნჯი რომ იყო. ვერც ჩემს გინებას გაიგებდა და ვერც ლაპარაკით გაბურღავდა ტვინს, ღამ-ღამობით როცა დავბრუნდებოდი, ბრაზიანი და მთვრალი.

არადა მაგარი სისულელეა მეფის ასული მაღაზიაში რომ მუშაობს გამყიდვლად, მაგრამ არც ისეთი სისულელეა, როცა მეფე ის შავი კაცია, მაღაზიაში რომ შემომივარდა და მერე მითხრა აურიკასთან სამ წუთს მარტო ვინც გაჩერდება იმანვე უნდა ითხოვოს, თორემ მერე ნახავს რაც მოუვაო.

მეფეს ლოიკო დრაგუნოვიჩი ერქვა და ამაყობდა დნესტრისპირეთის ომის ვეტერანის ვარსკვლავიანი მედლით, რომელიც გალოთებული კაპიტნისგან იყიდა, ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტ წელს.

ლოიკო დრაგუნოვიჩს ბევრ ბიჭებთან ერთად ჰყავდა ორი გოგონაც. აურიკა და სოფია. სოფია ლოიკოს საყვარელი შვილი იყო, აურიკა კი არა. სწორედ ამიტომ სოფიას სოფია როტარუს სახელი დაარქვა, აურიკას კი სოფია როტარუს უცნობი დის. სოფია სადედოფლოდ გამზადებული სტანოკი გახლდათ საღი ყელ-ყურის გამო. აურიკა კი, მაღაზიაში მუშაობდა. აურიკას ნაშოვნი ფულებით ლოიკო სოფიასთვის ყიდულობდა ფერად-ფერად ნაჭრებს, ლამაზი კაბები რომ შეეკერა და ასე მორთულს რომ ევლო, ვადულ ლუი ვოდას მწვანე ორღობეებში.

 

 

 

1 2 3 4 5