დამოუკიდებლობის 1028 დღე - დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია
გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ რადიო მსმენელს მოვუთხრობთ, თუ როგორ იქნა შემუშავებული და მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია. აღვნიშნავთ, რომ დამფუძნებელი კრების მთავარ მისიას სწორედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შექმნა და დამტკიცება წარმოადგენდა. ვსაუბრობთ კონსტიტუციის შემუშავების მიზნით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე, წარმოვაჩენთ იმ დეპუტატებსა და მოღვაწეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ კომისიის საქმიანობაში. ხაზი გვაქვს გასმული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას განსაკუთრებულ როლსა და ღვაწლზე, ასევე ვიხსენებთ რაჟდენ არსენიძის, პავლე საყვარელიძის, გიორგი გვაზავას, სერგი ჯაფარიძის, იოსებ ბარათაშვილის, აკაკი ჩხენკელის, გიორგი ნანეიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშილის და სხვათა მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის უმთავრესი კანონის შემუშავებაში. ყურადღებას ვამახვილებთ, თუ რომელი ქვეყნების საკონსტიტუციო გამოცდილება იყო გათვალისწინებული დემოკრატიული რესპუბლიკის ამ უმთავრეს დოკუმენტზე მუშაობისას. რადიო მსმენელს შევახსენებთ, თუ როგორ აფასებდნენ პირველი რესპუბლიკის ძირითად კანონს საყოველთაოდ ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსები. მსმენელის ყურადღებას ვამახვილებთ ქვყნისთვის თუ რა მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში იქნა დამტკიცებული ეს კონსტიტუცია. გადაცემის დასასრულს ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეს კონსტიტუცია მაღალი დონის იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენდა. კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენელობისა და დემოკრატიული განვითარების მყარ გარანტიას იძლეოდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მისი შემუშავებითა და დამტკიცებით თავისი სახელმწიფოებრივი მისია მაღალ დონეზე შეასრულა და მომავალი თაობების წინაშე ვალი ღირსეულად მოიხადა.
დამოუკიდებლობის 1028 დღე