სკოლამდელი განათლების სისტემის გამოწვევები

“მივცეთ ბავშვებს თანაბარი შანსები” – “Giving Kids a fair Chance” –  ეს ფრაზა, ამ შემთხვევაში, ამერიკელ ეკონომისტ, ნობელის პრემიის ლაურეატ – ჯეიმს ჰეკმანს ეკუთვნის. ამ ფრაზით მან 2013 წელს, საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნი დაასათაურა. ნაშრომში გამოქვეყნებული მასალები ამერიკულ საზოგადოებაზე განხორციელებულ  დაკვირვებებს ეყრდნობა, რითაც ავტორი მეცნიერულად ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში, წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის იყო ჭკვიანი (smart). ბავშვებს, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახებში იბადებიან, უკვე საბავშვო ბაღებში მიყვანამდე უვითარდებათ ისეთი ტიპის რისკები, როგორებიც არის სკოლიდან გამორიცხვა, დანაშაულისკენ მიდრეკილება, დაბალანაზღაურებადი სამუშაო და ა.შ. საბოლოოდ კი ეს მთლიანი საზოგადოებისათვის წარმოადგენს რისკს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნისათვის საკმაოდ ხარჯიანია – ანუ ეს ვითარება ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ინდივიდუალურ და სოციალურ, არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესებზე. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ნობელიანტი ავტორი სკოლამდელი განათლების გაუმჯობესებისათვის მკაცრი ზომების მიღებისაკენ მიუთითებს იმ უმთავრესი არგუმენტით, რომ ადრეულ ბავშვობაში განხორციელებული ჩარევები, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამცირებს სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ერთი შეხედვით, ეს ბანალურ და საყოველთაოდ მიღებულ ჭეშმარიტებად გამოიყურება, თუმცა ადრეული ბავშვობისკენ მიმართული ცალკეული სოციალური პოლიტიკები ამის საპირისპიროდ მეტყველებენ. ქვემოთ მოყვანილ სტატიაში, ანა ჯანელიძე დაწვრილებით მიმოიხილავს საქართველოში სკოლამდელი აღზრდის კუთხით არსებულ ზოგიერთ პრობლემასა და გამოწვევას.    

 

ანა ჯანელიძე – სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, გაეროს ბავშვთა ფონდი

 

2017 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდმა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრმა ჩაატარეს საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევის მიგნებების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სკოლამდელი განათლების საფეხურზე პოლიტიკის განსაზღვრისათვის მომდევნო წლებში.  

UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასებისთვის კვლევა დაეყრდნო „ევროპის ჩარჩო დოკუმენტს ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ”. კვლევა მიზნად ისახავდა ჩარჩოს შესაბამისად შემდეგი ხუთი სფეროს მიხედვით სიტუაციის შესწავლას: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამები), მონიტორინგი და შეფასება, და მართვა. კვლევის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ცალსახაა, რომ სკოლამდელი განათლების ხარისხი დღეს უკიდურესად დაბალია და ზემოაღნიშნული ხუთივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს. ამ პრობლემების გადაჭრა მოითხოვს რეალისტური სტრატეგიული გეგმის შემუშავებას ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი გაუმჯობესებისთვის, დაფინანსების გაზრდას და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მართვისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, კანონს ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია დაფინანსების მნიშვნელოვნად ზრდა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

კანონის მიხედვით, შენარჩუნებულია სკოლამდელი განათლების მართვისა და დაფინანსების დეცენტრალიზებული მოდელი: სკოლამდელი განათლება კვლავაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილების სფეროს. დეცენტრალიზაციის პირობებში, მუნიციპალიტეტებს შორის არსებული განსხვავებები (ადამიანური, ინსტიტუციური, ფინანსური, მატერიალური რესურსის თვალსაზრისით) ქმნის უთანასწორობის რისკებს სკოლამდელი განათლების სფეროში, როგორც ხარისხის ასევე ხელმისაწვდომობის მხრივ. თანაბრად ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ახალი სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები (საგანმანათლებლო, სანიტარია-ჰიგიენის, კვების, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები), რომლებიც 2017 წლის ოქტომბერში დამტკიცდა. მინიმალური სტანდარტები მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ყველა ბავშვმა შეძლოს შესაბამის გარემოში სწავლა და განვითარება, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, კანონს ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია დაფინანსების მნიშვნელოვნად ზრდა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა დღეს ძალიან შორს არის სტანდარტების მოთხოვნებისგან და საჭიროა სისტემური მიდგომა, რათა კანონი და სტანდარტები არ დარჩეს განუხორციელებელ დოკუმენტებად.

კვლევის შედეგებს თუ შევაჯამებთ, სკოლამდელ განათლებაში იკვეთება რამდენიმე მსხვილი პრობლემა:

  • არათანაბარი ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე;
  • საბავშვო ბაღის ჯგუფებში ბავშვთა ძალიან დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რაც შეუთავსებელია ხრისხიან საგანმანათლებლო პროცესთან;
  • დაბალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი სკოლამდელ დაწესებულებებში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობების და ახალი კადრის მომზადებისთვის საჭირო საუნივერსიტეტო პროგრამების არარსებობა;
  • ცუდი სამუშაო პირობები (გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება, კარიერული ზრდის შესაძლებლობების არარსებობა, არასაკონტაქტო საათების არარსებობა)
  • საგანმანათლებლო რესურსების (საბავშვო წიგნები, სათამაშოები, საკანცელარიო და სხვა ხარჯვადი რესურსები) დაბალი ხელმისაწვდომობა.
  • ბავშვზე, მის ინდივიდუალურ საჭირობებზე და ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის არარსებობა.
  • არათანმიმდევრული და არასისტემური მონიტორინგი და შეფასება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიმართულებით;
  • დარგობრივი სპეციალისტების ნაკლებობა მართვის (მუნიციპალიტეტის) დონეზე, განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიმართულებით.
  • ერთ ბავშვზე გაწეულ ხარჯებს შორის დიდი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის.
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

სკოლამდელი განათლება საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ქვეყნის მასშტაბით 3-5 წლის ბავშვების 69.5% დადის საბავშვო ბაღში. მართალია, ეს მონაცემი მხოლოდ საჯარო ბაღებში ჩარიცხულ ბავშვებს მოიაზრებს, თუმცა სხვა კვლევები მიუთითეთებს, რომ სკოლამდელ განათლებაში კერძო სექტორს ძალიან მცირე წილი უჭირავს. წინა წლებთან შედარებით ჩართულობის მაჩვენებელი გაზრდილია. 2011 წლის მონაცემებით ბავშვების მხოლოდ 41% დადიოდა საბავშვო ბაღებში. თუმცა, საგულისხმოა, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდა ძირითადად მოხდა ხარისხის გაუარესების ხარჯზე- არსებული საბავშვო ბაღის ჯგუფებში ადგილების ხელოვნურად გაზრდის გზით. დღეს 25 ბავშვზე გათვლილ ჯგუფის სივრცეში ხშირად ორჯერ მეტი ბავშვია, რაც უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე, ბავშვთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ვინაიდან დაბალი ხარისხის სკოლამდელი განათლება შეიძლება ბავშვის განვითარების შემაფერხებელი იყოს, ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად ისე, რომ არ გაუარესდეს ხარისხი. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სავალალო შედეგს- ბევრ ბავშვს სკოლამდელ განათლების სისტემაში, რომელსაც არ აქვს უნარი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

ბოლო ათწლეულია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა განათლების პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში 4-6 წლის ბავშვების 90-100% ჩართულია სკოლამდელ განათლებაში. საქართველოში სკოლამდელ განათლებაში შედარებით დაბალი ჩართულობა (69.5%) კიდევ უფრო პრობლემატურია, თუკი საკითხს თანაბარი ხელმისაწვდომობის ჭრილში განვიხილავთ. სკოლამდელი განათლება ნაკლებად ხელმისაწვდომია ყველაზე დაუცველი და არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის: სოციალურად დაუცველი ბავშვების მხოლოდ 40% დადის საბავშვო ბაღში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების – 33%, სოფელში მცხოვრები ბავშვების – 47%. ფიზიკური, სოციალური თუ ინსტიტუციური ბარიერების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას თანატოლებთან ერთად (UNICEF, 2018).

დღეს 25 ბავშვზე გათვლილ ჯგუფის სივრცეში ხშირად ორჯერ მეტი ბავშვია, რაც უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე, ბავშვთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლება კანონის მიხედვით არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ის მაინც რჩება ნაკლებად მისაწვდომად ყველაზე დაუცველი და არახელსაყრელ გარემოებებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ დაუცველი და არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის, და უკავშირდება გაუმჯობესებულ აკადემიურ მოსწრებას სკოლაში, სკოლის დამთავრების მაღალ შანსებს, ზრდასრულობაში – დასაქმების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს და გაზრდილ შემოსავლებს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გარემოებების მიხედვით ბავშვებს შორის პირველ კლასში შესვლის მომენტისთვის არის უკვე განსხვავებები, რომლის შემცირება სწორედ ხარისხიან სკოლამდელ განათლებას შეუძლია. სკოლამდელი განათლება არის განათლების გზით შესაძლებლობების გათანაბრების რეალური საწყისი. სამწუხაროდ, მხოლოდ სასკოლო განათლებაში ინვესტირება ხშირად დაგვიანებულია ამ უთანასწორობის დასაძლევად. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჩართულობის ეტაპობრივ გაზრდას ყველასთვის, მაგრამ ისე რომ პრიორიტეტი ენიჭებოდეს არახელსაყრელ გარემოებებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების (და სხვა მოწყვლადი ჯგუფების) ჩართვას სკოლამდელ განათლებაში. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა,  რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელო პრინციპი იქნება სკოლამდელ განათლებაში ბავშვთა ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების მიწოდების მრავალფეროვანი მოდელების, მათ შორის ხანმოკლე (ნახევარდღიანი), შექმნის წახალისება და დანერგვა, რომლებიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს შედარებით მოკლე ვადაში უზრუნველყონ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის.

სკოლამდელი განათლება საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ქვეყნის მასშტაბით 3-5 წლის ბავშვების 69.5% დადის საბავშვო ბაღში.

უთანასწორობა, გარდა ხელმისაწვდომობისა ხარისხშიც ვლინდება. კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში, ეს ერთის მხრივ გეოგრაფიულ, მეორეს მხრივ ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ საგანმანათლებლო რესურსებზე (საბავშვო წიგნები, საკანცელარიო სამუშაო რესურსი (ფანქრები, საღებავები, ქაღალდები და ა.შ.), სათამაშოები,  და სხვა) მუნციპალიტეტები ზოგადად მინიმალურ ბიუჯეტს ხარჯავენ, მაგრამ დიდი განსხვავებებია მუნიციპალიტეტებს შორის. მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსებისთვის გაწეული წლიური ხარჯი ერთ ბავშვზე 2 ლარზე ნაკლებია (თუ გავითვალისწინებთ მაგალითად ფანქრების ნაკრების ფასს, ეს ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღის ჯგუფში თითქმის არანაირი საგანმანათლებლო რესურსი არ არსებობს). ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს თანხა 10-ჯერ მეტს შეადგენს. საგანმანათლებლო რესურსი უმნიშვნელოვანესია, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვები კეთებითა და თამაშით სწავლობენ, რაც წარმოუდგენელია შესაბამისი რესურსების გარეშე. საგანმანათლებლო რესურსებს სჭირდება მუდმივი განახლება და შევსება. არსებული სიტუაციის ანალიზი მიუთითებს, რომ საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ბავშვი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, უთანასწორობა განსაკუთრებით არ შეიმჩნევა ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდი ქალაქებიც კი, მათ შორის თბილისი და ქუთაისი, უკიდურესად მცირე ფინანსებს გამოყოფენ საგანმანათლებლო რესურსებზე. ამასთანავე კვლევამ გამოავლინა, რომ იმის გამო, რომ დაფინანსება საგანმანათლებლო რესურსებზე არის ძალიან მწირი, აღმზრდელები ან მშობლები იძულებულნი არიან თავად შეიძინონ მცირე რესურსი, როგორიცაა ფურცლები, ფანქრები, რათა ბავშვებს სამუშაო და სათამაშო რესურსისგან სრულიად დაცლილ ჯგუფში არ მოუწიოთ ყოფნა. ეს ნიშნავს რომ ბევრი ოჯახისთვის არსებობს სკოლამდელი განათლების ფარული, არაოფიციალური ხარჯები. ფარული ხარჯების სხვა წყაროები შესაძლოა იყოს: საბავშვო ბაღის ზეიმები (კოსტუმები, ფოტო და ვიდეო გადაღება და ა.შ.), საჩუქრები საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის და სხვა. თუმცა, აღნიშნული საკითხი სიზუსტისათვის დამატებით კვლევას საჭიროებს.

სოციალურად დაუცველი ბავშვების მხოლოდ 40% დადის საბავშვო ბაღში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების – 33%, სოფელში მცხოვრები ბავშვების – 47%.

ზოგადად, საგანმანათლებლო რესურსებზე გამოყოფილი მცირე დაფინანსება მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტები სათანადოდ ვერ ხედავენ საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო ფუნქციას: საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ არ მოიაზრება სივრცედ, სადაც გარემო და ზრდასრულები ხელს უნდა უწყობდნენ ბავშვების განვითარებას. მეორე მხრივ, საგანმანათლებლო რესურსებზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის არსებული განსხვავებები დეცენტრალიზებული სისტემის ერთ-ერთ გამოწვევას ასახავს: ვინაიდან მუნიციპალიტეტებს განსხვავებული რესურსები და შესაძლებლობები აქვთ, ბავშვები განსხვავებული ხარისხის სკოლამდელ განათლებას იღებენ. სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტების კონტექსტში გასააზრებელია სკოლამდელი განათლების დაფინანსების დეცენტრალიზებული მოდელი, ვინაიდან დამატებითი ფინანსური რესურსების გარეშე (ცენტრალური ბიუჯეტიდან), ბევრი მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი განათლების მიწოდებას.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი