რაციონალური აზროვნების დასაცავად

უტა ბიწაძე – ჟურნალისტი

 

მიუხედავად მრავალი კულტურული თუ პოლიტიკური გარდაქმნებისა, საქართველოში ისევ პრობლემად რჩება საღი აზრის არსებობა. მსგავსად უწინდელისა, სპონტანურად თუ პროვოკაციულად გაჩენილი პრობლემების გადაჭრა ისევ ბარიკადებთან დგომას საჭიროებს. ამასთანავე, სახეზეა პოლიტიკოსების მიერ ახალგაზრდების ისევ ბოროტად გამოყენება. აქედან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება ის თუ რამდენად გაიზარდა ახალგაზრდებში პოლიტიკური კულტურა. საკითხავია რამდენად შეუძლია, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას, დამოუკიდებლები იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათზე „ავტორიტეტულმა კერპებმა“ არ მოხდინონ გავლენა. დღეს შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც ხელისუფლებას ნეგატიური მოქმედების შანს არ მისცემს, მაგრამ ძნელია ამტკიცო ის, რომ სახეზეა ახალი ახალგაზრდობა, რომლებიც ცვლილებას სახელმწიფოებრივი აზროვნებით მოახდენენ და არა სტიქიური ძალით. 

 

თან ტახტი, თან სამოთხე – ერთად ეს შეუძლებელია   

20 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული მოვლენის შემდეგ ხშირად გვესმის კრიტიკა, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილის, სადაც ხელისუფლება და პოლიციელები ფიგურირებენ. თითქოს ერთგვარი შიშია გაჩენილი და ყველა თავს არიდებს აკრიტიკოს ახალგაზრდები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის. მეტიც, მეორე დღეს ოპოზიცია და მათთან დაახლოებული ადამიანები, ერთხმად ამტკიცებდა, რომ მხოლოდ საქართველოში უსწორდება პოლიცია ასეთი ფორმით ადამიანებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ლანძღვა გინებამ, თავის შედეგი გამოიღო. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მართლა ჩვენთან ხდება ასე და სხვაგან არსად (რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა ქუჩაში უფრო მეტი ადამიანის გამოსვლა და პერმანენტული აქციები). სინამდვილეში კი შეცდომაა ამის რწმენა, რაზეც საფრანგეთში განვითარებული მოვლენებიც კი მეტყველებს.

ყველას ახსოვს, პარიზში, რამდენიმე თვიანი დაპირისპირება „ყვითელ ჟილეტიანებსა“ და პოლიციას შორის. მომიტინგეები არბევდნენ კერძო საკუთრებას და ანადგურებდნენ პოლიციელების ქონებას, რაზეც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პოლიციას.  როგორც ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას,  „ყვითელ ჟილეტიანების“ ერთ–ერთი ლიდერი მაქსიმ ნიკოლსი აღნიშნავს, ამ შეტაკებებს ერთი ადამიანი შეეწირა, 22 ადამიანმა თვალი დაკარგა, ოცმა  ხელი, 700 მომიტინგე კი მძიმედ იყო დაშავებული. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ქართველმა დემონსტრანტებმა ის გადაწყვეტილება მიიღეს რაც ფრანგებმა თვეების განმავლობაში ვერ გაბედეს. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, ამ ქაოსში საპროტესტო აქციებით არ მომხდარა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე შეტევა. რატომ? ვერ მოახერხებდა რევოლუციების მოყვარული ფრანგი ბურბონთა ან ელისეს სასახლეზე შეტევას? ამაზე პასუხს, ისევ მაქსიმ ნიკოლსის ინტერვიუდან მივიღებთ. მან აღნიშნა, რომ  ხელისუფლება სამხედროების გამოყენებას გეგმავდა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს შეიძლება დაშინებაც იყო და მუქარაც მაკრონის მხრიდან, მაგრამ ერთი ცხადია, სამხედროების ჩართვა მეტ გართულებას ნიშნავდა.

ასევე, მცდარია 20 ივნისის მოვლენების შედარება 2007 წლის 7 ნოემბრის ან 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციების დარბევასთან. მაშინ არცერთ დემონსტრანტს საფრთხე არ შეუქმნია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და იერიში არ მიუტანია სახელმწიფო შენობებზე. ორივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ქუჩაში დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები. ასე, რომ როცა რევოლუციას გეგმავ და მისი ნაწილი ხარ უნდა ელოდე ლეგიტიმური ძალის გამოვლინებას, რომელიც ხშირად უხეში და გადაჭარბებულია.

 

 

პიროვნულ თავისუფლება  შეფარდებული პასუხისმგებლობასთან, უდრის მაღალ პოლიტიკურ კულტურას

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებში პოლიტიკური კულტურის ზრდა ვერ მიიღწევა ირაციონალიზმით და იმით თუ ვინ უფრო აგრესიული იქნება ბარიკადებთან. ადამიანი, რომელიც თავს თვლის პასუხისმგებლიან მოქალაქედ და აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკურადაც გაიზიარდა, უნდა ასრულებდეს შემდეგ ამოცანებს, რომელიც ამერიკელმა მკვლევარმა პატრიცია ბრანდერმა მოგვცა თავის სახელმძღვანელოში „კომპასი“.

ბრანდერი გამოყოფს სამ მდგენელის, რაც პოლიტიკურად შემდგარი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. პირველი ეს არის  სამოქალაქო კომპონენტი, სადაც მოიაზრება პიროვნული თავისუფლების უფლება ანუ განცდა, იმის რომ საკუთარ თავს მართავ და არ გმართავს სხვა. მეორე კომპონენტი პოლიტიკურია, სადაც ნათქვამია, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მთავარი ელემენტია ის თუ რამდენად არის ახალგაზრდა ჩართული პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე აქვს თუ არა იმის სურვილი, რომ ცვლილება მიიღოს ისეთი დემოკრატიული პრინციპების დაცვით, როგორიცაა მონაწილეობა პოლიტიკაში და საარჩევნო პროცესებში. დაბოლოს, საქმე გვაქვს  სოციალურ განზომილებასთან. აქ ბრანდერი ღირსეული ცხოვრების უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი უნდა ფიქრობდეს სხვების სოციალურ მდგომარეობაზე და ზოგადად კეთილდღეობაზე.

 

 

პიროვნული თავისუფლება კრიზისი და ავტორიტეტული კერპები

უნდა ითქვას, რომ თითოეული პუნქტი, რომელიც ზემოთ წარმოვადგინეთ, წლების განმავლობაში    ირღვეოდა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგალითად მე-20 საუკუნის ევროპა სწორედ პიროვნული თავისუფლების ილუზიურ დიქოტომიას ემსხვერპლა, სადაც ერთის ნაწილი იყო უფროსი თაობა, მეორე ახალგაზრდობა. უფრო სწორად თუ ვიტყვით, მაშინდელმა ცივილიზებულმა სამყარომ ყველაზე ნათლად აჩვენა, ის რომ თანამედროვეობაშიც შესაძლებელია ადამიანი გყავდეს  იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, დაყო და დაიმორჩილო ახალგაზრდების გონება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო ისინი.

უფრო რომ გავამარტივოთ ამ ლოგიკის არსი, გავიხსენოთ მე –20 საუკუნის 20–30 წლების გერმანია. ცნობილია, რომ ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო წლებში გერმანიაში ნაციონალ–სოციალისტების, კერძოდ ჰიტლერის თაოსნობით დაფუძნდა ახალგაზრდებისგან შემდგარი „მოიერიშეთა რაზმი” (SA) მოგვიანებით კი ჰიტლეიუგენდთა ორგანიზაცია, სადაც 8.7 მილიონამდე ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები იყრიდა თავს, საკმაოდ საშიშ ძალად იქცა. ისინი პოლიტიკოსების წაქეზებით, არბევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ებრაელებს, ასევე ძალადობდნენ მათ იდეოლოგიასთან დაპირისპირებულ ადამიანებზე და იერიში მიჰქონდათ სახელმწიფო თუ კერძო ობიექტებზე.

ამ არგუმენტს ალბათ ვიღაც დაუპირისპირდება და იტყვის, რომ დღეს 21–ე საუკუნეა. მსოფლიო შეიცვალა, თანამედროვე სამყარო აღარც ახალ ფაშიზმს დაუშვებს და საზოგადოებაც უფრო წიგნიერია. ანუ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: სჯერათ თუ არა დღეს ისევ ადამიანებს ავტორიტეტული კერპების? თუკი ვინმეს ამის არ სჯერა მაშინ გერმანული ფილმი Die welle (ტალღა) უნდა ნახოს, რომელიც 2008 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.  რეჟისორმა აღნიშნული ფილმით, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული შეძლო ორი საკითხის დამტკიცება. პირველი, გერმანიაში (შეიძლება არა მხოლოდ გერმანიაში) ჯერ კიდევ არსებობს ახალი ფაშიზმის რისკები და მეორე, რაც ჩვენთვისაა საინტერესო, დღესაც ახალგაზრდები ისევ შეიძლება მარტივად აქციო სტიქიურ ძალად, რომელსაც ქაოს გამოაწვევინებ.

 

 

ცვლილება არჩევნებით და არა სტიქიური ძალით

ბრანდერის მეორე კომპონენტი პოლიტიკურია და აჩვენებს იმას თუ ვინ ცვლის და როგორ ცვლის. მასში ნათქვამია, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მთავარი საზომი ის არის თუ რამდენად არის ადამიანი ჩართული პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქვს თუ არა ახალ ახალგაზრდობას სურვილი ცვლილება მიიღოს დემოკრატიული პრინციპების დაცვით და  ჩაერთოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეულ ნებისმიერ აქტივობაში, რომელსაც მოაქვს მეტი სტაბილურობა და განვითარება.

ამ კომპონენტის განხილვისთვის საქართველოს ისტორიულ წარსულზე თვალის გადავლებაც საკმარისი იქნება. პირველი რაც შეიძლება ითქვას, საქართველოს პოსტკომუნისტური ეპოქის ადამიანთა ქცევაზე, ეს არის ირაციონალიზმის ველი, რომელიც არაერთხელ გამოვლინდა ამ ქვეყანაში.  ამის კარგი მაგალითია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, როცა პოლიტიკურმა აქტივისტებმა, მსხვერპლად შეწირეს რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდები. (გავიხსენოთ ვიდეომასალა, სადაც ასახულია საუბარი კათალიკოს-პატრიარქსა და დისიდენტებს შორის) ასევე, ამის სხვა მაგალითია 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენები, როცა ხელისუფლებამ ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერებმა კი ცვლილების ცივილიზებულ ფორმას რევოლუცია ამჯობინა. რაც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებს, როცა პოლიციასა და ახალგაზრდა დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ისევ საქმე გვქონდა პოლიტიკურ მოუმწიფებლობასთან ანუ პოლიტიკოსების მიერ აგორებულ პროვოკაციას ამჯერადაც წამოეგნენ გულწრფელი და ცვლილების მომხრე ახალგაზრდები.

 

 

უკეთეს მომავალზე ფიქრის აუცილებლობა

ახლა კი ბარბერის მიერ წარმოდგენილი მესამე ფორმა განვიხილოთ, რომელიც ეხება სოციალურ განზომილებას. ეს ნაწილი პირდაპირ უკავშირდება რაციონალიზმს და პრაგმატულობას, რომელიც პოლიტიკური კულტურის მთავარი ატრიბუტია. საქართველოში არც პოლიტიკური ისტებლიშმენტი და არც მას აყოლილი ადამიანები არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოყვეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლას. აქტივობა, რომელიც ეფუძნება ძალას და დაუმორჩილებლობას ხომ არ შეუქმნის უფრო მეტ პრობლემას ადამიანებს, რომელთა არსებობაც დამოკიდებულია ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე? ცხადია, რომ ძალადობით მიღებულ ცვლილებას ხშირად მოაქვს უარყოფითი შედეგი, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ ნაწილში. 20 ივნისს მოვლენების შედეგად გაჩნდა ბევრი პრობლემები ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში.

ამრიგად, წარმოდგენილი თემა ბრანდერის სამივე  კომპონენტით, რომ შევაჯამოთ, ბარიკადებთან დგომა, მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ეწინააღმდეგება თავისუფალი და პასუხისმგებლიანი ადამიანის იდეას, ისევე როგორც  სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ახალგაზრდების მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი ჯერ მაინც ილუზიად რჩება. ოპოზიციური ძალების მაქებარი სიტყვები ახალგაზრდობის მიმართ არაგულწრფელი და წამქეზებლურია. ქცევის ასეთი უკიდურესი ფორმა ვერ „აკეთილშობილებს“ ვერც დემოკრატიას და ვერც იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოპოზიციამ არაერთხელ დაიყენეს ფარებად. ასეთი ფაქტების დროს, ჩვენ არაერთხელ მივიღეთ უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, სადაც მთავარი იდეოლოგები (პოლიტიკოსები) ყოველთვის სუფთად გამოდიოდნენ. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი გზა, რევოლუცია განიხილებოდეს და რაც მთავარია არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გულწრფელი ახალგაზრდები შესწირო. მნიშვნელოვანი იქნება თუკი პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს და ახალგაზრდებს ექნებათ სხვა გზა იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლა ნგრევას და მსხვერპლშეწირვას აღარ საჭიროებდეს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.