დემოკრატიზაცია: დრამა და ჰეგემონია თანამედროვე საქართველოში

ფოტო გარეკანზე: www.pinterest.com 

 

დემოკრატიზაცია ურთულესი სოციო-პოლიტიკური პროცესი აღმოჩნდა თანამედროვე საქართველოსთვის, სადაც მან ხელი შეუწყო დრამატული სოციალური რეალობის აღმოცენებასა და ჰეგემონიის თითქმის ყველა ფორმის დამყარებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული გარდაქმნა პოსტკომუნისტურ საქართველოში საუცხოო მოვლენად იქცა საზოგადოების უმცირესი ნაწილისათვის, მაშინ როდესაც უმრავლესობა მისგან მეტწილად ტანჯვასა და დამცირებას განიცდის.

შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ლეგალისტურ-პოლიტიკური ტერმინია პოსტსოციალისტური სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ მხრივ გამონაკლისი ცხადია არც საქართველოა, სადაც ეს ტერმინი აგერ უკვე 25 წელზე მეტია თავის აქტუალურობას და მნიშვნელობას არ კარგავს ქართული პოსტსაბჭოთა ელიტების რიტორიკასა და ფორმალურ სააზროვნო სივრცეში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიზაცია როგორც იდეა და როგორც პროცესი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი საზრუნავი გახდა. წარმოდგენილი წერილი არის მცდელობა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის თუ პროექტის კრიტიკულად გააზრების, მათ შორის იმ ფორმალური განმსაზღვრელებისა თუ ფაქტორების, რომლითაც ფასდება დემოკრატიზაციის პროცესის ეფექტურობა და შესაბამისად დემოკრატის მომავალი საქართველოში.

რა არის დემოკრატიზაცია?

მარტივი აკადემიური განსაზღვრებით რომ ვთქვათ, დემოკრატიზაცია ნიშნავს დემოკრატიის განვრცობას, როგორც კონკრეტულ სახელმწიფოში, ასევე მთელს მსოფლიოში. თუმცა, ჩვენს ქართულ ანუ პოსტსაბჭოთა კონტექსტთან მიმართებით რომ ვიმსჯელოთ, დემოკრატიზაცია ნიშნავს არადემოკრატიული პოლიტიკური სისტემიდან დემოკრატიულ წესრიგზე გადასვლის რთულ და დამღლელ პროცესს. ზოგადად, დემოკრატიზაციის სწავლულები ამტკიცებენ, რომ დემოკრატიზაციას გააჩნია თავისი განმსაზღვრელები და ფაქტორები, აქედან კი შეიძლება განსაკუთრებით გამოვარჩიოთ: ეკონომიკური განმსაზღვრელები (მათ შორის მოდერნიზაცია და განვითარება), სოციალური განმსაზღვრელები (წარსული, ტრადიციები და სოციალური ნორმები) და საერთაშორისო განმსაზღვრელები ან გნებავთ გარე ფაქტორები (მაგ. საერთაშორისო ინტერვენცია, ევროპეიზაცია და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ დემოკრატიზაციის როგორც პროცესის და როგორც ერთგვარი პოლიტიკური პროექტის გამოცდილება სხვადასხვაგვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ის შედგა, ზოგიერთში ჩავარდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაწილობრივ შედგა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, დემოკრატიზაცია საკმაოდ სპეკულაციური პროექტია და ნემისმიერ ქვეყანას, სადაც თუნდაც დემოკრატიზაციის ერთი რომელიმე ფაქტორი წარმატებულად ფუნქციონირებს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას უკვე ამბიცია აქვს ქვეყნის დემოკრატიულობისა. ამ გაგებით კი გამონაკლისი არც ქართული ელიტებია, რომლებზეც უფრო დეტალურად ამ სტატიის ქვემო მოგახსენებთ.

აუცილებელად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დემოკრატიზაცია და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები უკვე დიდი ხანია მეცნიერთა კრიტიკის საგანია თანამედროვე დასავლეთში. უმთავრესი არგუმენტი კი ასეთი კრიტიკული მსჯელობისას მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად თანამედროვე დემოკრატიზაცია გულისხმობს დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმის ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციას ლოკალურ კონტექსტში, რაც პრობლემატურია იმ მხრივ, რომ ლიბერალური დემოკრატია ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარად დომინანტური იდეოლოგია, რომელმაც დემოკრატიის ყველა სხვა ფორმები თუ გამოვლინებები შთანთქა.

დემოკრატიზაცია საქართველოში

23 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცახდა: ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისეჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პრემიერმინისტრის ეს განცხადება ყველაზე კარგად ასახავს დემოკრატიზაციის ძირითად ვექტორს საქართველოში რომელიც მიმართულია სამ პრინციპულ გარემოებაზე: გარე ფაქტორებზე, ნეოლიბერალურ წესრიგსა და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე.

თავის მხრივ, ქართული დემოკრატიზაციის უმთავრესი კრიზისი და ამავდროულად გამოწვევაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიის შენება საქართველოში იმ სამ პრინციპულ ფაქტორსა თუ გნებავთ გარემოებას ემყარება, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი. თუმცა, ალბათ საჭიროა ავხსნათ და განვმარტოთ ის, თუ რატომ ქმნის ეს გარემოებები ქართულ დემოკრატიას უუნაროსა და მოუქნელს, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას წინააღდეგობრივსაც კი დემოკრატიის იდეასთან და ადამიანთა საჭიროებებთან.

დავიწყოთ დემოკრატიზაციის ექსტერნალური ანუ გარე ფაქტორით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული განმსაზღვრელით საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში დემოკრატია და პრო-დასავლური ფანატიზმი პრაქტიკულად ერთმანეთის სინონიმები გახდნენ. ქართული პოლიტიკური ელიტები ქართულ დემოკრატიას პირდაპირ უკავშირებენ დასავლურ ინტერვენციას ანუ დემოკრატია საქართველოში იზომება იმით, თუ რამდენად მძლავრად არის დასავლეთი და დასავლური ტრადიციები წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ ცხოვრებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ,  ქართული დემოკრატია დატყვევებულია დემოკრატიის ექსპორტის იდეით, რაც ჩვენს შემთხვევაში (თუმცა არა მარტო ჩვენს შემთხვევაში) გულისხმობს დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეებისა და პრაქტიკის მიგრაციას არადასავლურ სივრცეში დასავლური და ადგილობრივი აქტორების მეშვეობით.

შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის ექსპორტი არის მცდარი და უტოპიური იდეა, რომელიც პირველ რიგში თავად დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება მიზნად. საქმე იმაშია, რომ დემოკრატია როგორც პროცესი და როგორც პოლიტიკური წესრიგი არ და ვერ იქმნება გარე პირობებით ფორმირებული, რადგან მისი შექმნა შესაძლებელია მხოლოდ შიდა წინაპირობებით, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ცვლადებზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიას შანსი აქვს იქ, სადაც არსებობს რელევანტური კულტურული და ისტორიული გამოცდილება და აგრეთვე საჭირო სოციალური რეკვიზიტები (მაგ. განვითარება, განათლების მაღალი დონე, ინდუსტრიალიზაცია და სხვა). აქედან გამომდინარე, დასავლური (ევროპული თუ ევროატლანტიკური) იმიტაციები ვერ გამოდგება დემოკრატიის მოდელად საქართველოში. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული დემოკრატიის კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ მთელს დემოკრატიზაციის პროცესში ჩვენ ვხედავთ მეტწილად ფორმალურ იმიტაციებს (ევროპის მიმბაძველობას) ლიბერალური პოლიტიკური ენისა და ლიბერალური კონსტიტუციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

დემოკრატიზაციის გარე ფაქტორებს  აგრეთვე შეიძლება დავუკავშიროთ ისიც, თუ როგორ მყისიერად და ემპათიურად რეაგირებენ ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ელიტები სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და ანგარიშებზე საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი ორგანიზაციებს კი როგორც წესი, დემოკრატიის მიმართ სწორხაზოვანი და ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, რომელიც დაცლილია აკადემიური სიღრმეებისგან და მათი შეხედულებები ძირითადად პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ელფერს ატარებს. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც Freedom House, რომელიც ცნობილია მისი დემოკრატიის გაზომვით ყველგან, განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ სივრცეში. საქმე იმაშია, რომ Freedom House არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიას ზომავს იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაცული ამა თუ იმ ქვეყანაში ლიბერალური კონსტიტუციური თავისუფლებები. ცხადია, დემოკრატიის მხოლოდ ამგვარი ‘სახაზავით’ გაზომვა არის არამეცნიერული, ანტიპოლიტიკური, მცდარი და იდეოლოგიურად მოტივირებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციის განცხადებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ელიტების ქცევასა და რიტორიკაზე, რაც გვაფიქრებს იმაზე, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები შეიძლება ძლიერი ქვეყნების რბილ ძალას წარმოადგენდეს პერიფერიულ პოლიტიკურ სივრცეში.

მეორე გარემოება, რომელიც საკმაოდ დრამატულს ქმნის დემოკრატიზაციის უკვე ხანგრძლივ და მოსაბეზრებელ პროცესს საქართველოში, მდგომარეობს ნეოლიბერალური წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაში, რომელიც ასევე ლამის დემოკრატიის სინონიმადაა გამოცხადებული საქართველოში და არა მარტო საქართველოში. რასაკვირველია, ჩვენ არ შეიძლება ნეოლიბერალური სისტემა დემოკრატიის სინონიმად გამოვაცხადოთ, რადგან სინამდვილეში ნეოლიბერალიზმი როგორც იდეოლოგიური კატეგორია ერთის მხრივ და დემოკრატია როგორც პოლიტიკური წესრიგი მეორეს მხრივ, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ფენომენია. მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატია და ნეოლიბერალიზმი ერთმანეთთან ვერ შერიგდებიან, რადგან თუკი დემოკრატია ძირითადად საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე კონცენტრირდება, ნეოლიბერალიზმი ამ დროს არ სცნობს არანაირ საზოგადოების ინტერესებს და მხოლოდ ინდივიდის ეკონომიკური თავისუფლების იდეალიზაციასა და ფეტიშს აღიარებს მის ერთადერთ და შეუქცევად მიზნად. შესაბამისად, თუკი ქართული სახელმწიფოს მიზანია ამგვარი ტიპის დემოკრატიის დამკვიდრება, მაშინ მას უნდა დაერქვას არა დემოკრატია, არამედ ნეოლიბერალური პლუტოკრატია, სადაც არ არსებობს საზოგადო ინტერესები და არსებობს მხოლოდ ინდივიდის ინტერესები, რომელიც საზოგადო ინტერესებზე მაღლა დგას.

მესამე ფაქტორი თუ გნებავთ გარემოება, რომელიც ასევე ბმაშია მეორე ფაქტორთან და  რითაც საზღვრავენ ქართული (და არა მარტო) ელიტები დემოკრატიზაციისა და დემოკრატიის ხარისხს საქართველოში, ეხება ქვეყნის ერთგვარ ინსტიტუციონალურ რეფორმაციას, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს მთელი პოსტსაბჭოთა გარდაქმნის მანძილზე. რეფორმაციის ახალ ტალღას ვხედავთ დღესაც, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიუროკრატიული აპარატის იმგვარ გარდაქმნას, რაც საქართველოში მცირე სახელმწიფოს იდეას დააფუძნებს. მცირე სახელმწიფო კი თავის მხრივ ნეოლიბერალური პოლიტიკური დოქტრინაა, რომელიც მდიდარი კლასისთვის მათი დომინანტური პოზიციების გამყარების ერთგვარ ინსტიტუციონალურ გარანტიებს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, მცირე  სახელმწიფო ანტიპოლიტიკური იდეაა, რომელიც ვერ და არ ასრულებს სახელმწიფოზე დაკისრებულ უმთავრეს ფუნქციას – იზრუნოს ადამიანთა განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

რჩეულთა დემოკრატია

იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციო-ეკონომიკურ პირობებში უწევს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ცხოვრება ბოლო ორი დეკადის მანძილზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ხალხი ნაკლებად ამაყობს იმ დემოკრატიული „მიღწევებით“, რომლითაც ძალიან ამაყობენ პოსტსაბჭოთა საქართველოს მმართველი კლასები (პარტიები, ეკონომიკური ელიტები და სხვა ვიწრო ჯგუფები). საბჭოთა ეკონომიკიდან კაპიტალისტურ დემოკრატიაზე გადასვლით ყველაზე მეტად იმ ახალმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტებმა იხეირეს, რომლებიც სწრაფად და მოხერხებულად მოერგნენ ახალ რეალობას და საბჭოთა კავშირიდან მიღებული რესურსებიც მაქსიმალურად აითვისეს პირადი სარგებლობისთვის. თავის მხრივ, ახალ ეკონომიკურ ელიტებთან საერთო ენა გამონახა პოლიტიკურმა ელიტებმა, რომლებიც ძლიერ ფინანსურ ელიტებთან გარიგების გზით მდიდართა ინტერესების უპირობო ქომაგად ჩამოყალიბდნენ. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის კი კაპიტალისტურ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესი ანუ დემოკრატიზაცია აურაცხელი ტკივილის, დრამისა და კრიზისების მომტანი გახდა დაწყებული ეკონომიკური განზომილებიდან დამთავრებული კულტურულ განზომილებამდე. ამიტომ, ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ ადამიანთა სოლიდურ ნაწილს საქართველოში ნოსტალგიები უჩნდებათ საბჭოთა კავშირის მიმართ, რომელიც გაცილებით მეტ საზოგადო სიკეთეებს ქმნიდა ვიდრე პოსტსაბჭოთა ქართული სახელმწიფო, სადაც საზოგადო ინტერესები გარიყულია და ანაქრონიზმადაც კი არის გამოცხადებული.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში ორი თვისობრივად განსხვავებული შედეგის მომტანი გახდა. ერთი მხრივ, ის არის წარმატებული პროექტი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების იმ მცირე ჯგუფისათვის, რომლებიც 25 წელზე მეტია მდიდრდებიან და ძლიერდებიან, მეორე მხრივ კი ის აღმოჩნდა ტრაგიკული პროექტი ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებსაც კაპიტალისტურ საზოგადოებაში ცხოვრების ნულოვანი გამოცდილება ჰქონდა, რასაც ასევე დაემატა სახელმწიფოს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის მოხსნა. შესაბამისად, ქართული დემოკრატიზაციის პროცესი პრაქტიკულად აღმოჩდნა ის პროექტი, რომელმაც დემოკრატიის ყველა სასარგებლო თვისება მხოლოდ რჩეულთა პრივილეგიად აქცია. აქედან გამომდინარე, ალბათ არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუკი ანტიდემოკრატიული განწყობები და დემოკრატიის მიმართ ნიჰილიზმი მზარდი ტენდენცია გახდება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.