რა ემართება ლარს?!

სულხან ტაბაღუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. დოქტორანტურაში მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს: ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. არის სამეცნიერო ხასიათის კვლევების ავტორი, ა(ა)იპ-საქართველოს ეკონომიკური ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი (2010 წლიდან დღემდე) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების გამარჯვებული.

 

შესავლის მაგიერ

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ყველასათვის ნათელი იყო არსებული საბჭოთა სისტემის ნაკლოვანებები და მასთან მიმართებაში საბაზრო ეკონომიკის უპირატესობა. იდეა, იმის შესახებ, რომ ინდივიდთა თავისუფლების შემცირება მიგვიყვანს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებამდე, ფაქტობრივად არცერთ ქვეყანაში არ დადასტურდა. სიმართლე სწორედ საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რაც უფრო რადიკალურია სახელმწიფოს საქმიანობის ,,გაფართოება“, მით მეტად აზიანებს ის საზოგადოებას.

ქვეყანა იდგა, ადამ სმიტის მიერ დასმული ფუნდამენტური კითხვის „როგორ ხდებიან ქვეყნები მდიდრები“? პასუხის უმოკლეს დროში მოძიების წინაშე. აღნიშნულის მისაღწევად არჩევანი გაკეთდა „შოკურ თერაპიაზე“, რომელსაც პოლონეთის გამოცდილება უმაგრებდა ზურგს და ჰყავდა არაერთი მხარდამჭერი საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ეროვნულ ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა დამოუკიდებლობის მოპოვები შემდეგ (პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა, დღევანდელი სახით 1991 წლიდან არსებობს). თუმცა, ეროვნული ბანკი საწყის ეტაპზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებდა რუსეთიდან „იმპორტირებული“ რუბლის საფუძველზე და მოკლებული იყო რეალური მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობას.  

ეკონომიკური რეფორმები ხშირად არაეკონომიკური ფაქტორებით ითრგუნებოდა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი წლები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების „რეკორდების“ მოხსნის წლებად იქცა, რომელთა შორის მნიშვნელოვან ადგილს ინფლაცია იკავებდა და ეკონომიკურ თეორიაში ცნობილ ყველაზე ცუდ სცენარსაც ამართლებდა (გრაფიკი 1).

წყარო: www.imf.org

ინფლაციური პროცესების რეგულირების რეალური ბერკეტები გაჩნდა ეროვნული ვალუტის „ლარის“ შექმნის შემდეგ, რომელიც მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან გამოვიდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვების უფლება (სიტყვალარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას)თუმცა, პირველი ქართული ფული კუპონი იყო, რომელიც 1993 წლის 5 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე ფუნქციონირებდა.

 

ლარი და გაცვლითი კურსის თავისებურებები

ლარის შემოღების შემდეგ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარა, სახეზე იყო მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების კონტურები, რომელსაც თან სდევდა ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერება და მისი ფუნქციების თანამედროვე საბანკო სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

გასულ წლებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია ნაკლებად წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს და მისი სოციალურ-ეკონომიკური დანაკარგები დიდი არაა.  თუმცა, ინფლაციის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღესაც მაღალია საქართველოში ისევე, როგორც ნებისმიერ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის აქტუალობით ჩამორჩება ლარის გაცვლით კურსს.

თავდაპირველ ეტაპზე (1997 წლამდე) ლარის კურსი ფიქსირებული იყო აშშ დოლართან, ეროვნული ვალუტის მიმართ ქვეყნის მოსახლეობაში გარკვეული ნდობის ფორმირებისა და უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების შემცირების მიზნით, ხოლო 1997 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც ისევე ექვემდებარება ეკონომიკაში ცნობილ მოთხოვნა-მიწოდების კანონს, როგორც ნებისმიერი საქონელი თუ მომსახურება. მცურავი გაცვლითი კურისის უპირეტესობა ფიქსირებულთან შედარებით საკმაოდ დიდია, ის ეროვნულ ბანკს მოქნილს ხდის ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების წინაშე და ამავე დროს აზღვევს მას ინფლაციური პროცესების იმპორტისაგან (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში არსებობს რისკები სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ციკლების გარკვეული ლაგით გადაცემის), თუმცა, ფიქსირებული გაცვლითი კურსისაგან განსხვავებით ის მერყეობით ხასიათდება (გრაფიკი 2).

წყარო: www.nbg.ge

 

ლარი და ფულის ფუნქციები

ლარი, როგორც ეროვნული ვალუტა, სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ დონეზე წარმატებით ფუნქციონირებს. ლარის ფაქტობრივი წარმატების შეფასებისათვის განვიხილოთ მისი თავსებადობა ფულის ფუნქციებთან, რაც თავის მხრივ,  განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ.

ეკონომიკურ თეორიაში მიღებული მიდგომის თანახმად ფული სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:  

  1. გაცვლის საშუალება (გადახდის საშუალება);
  2. ღირებულების საზომი;
  3. დაგროვების საშუალება (ღირებულების შენახვის საშუალება).

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

გაცვლის საშუალება – გაცვლის საშუალება ისაა, რასაც მყიდველები გამყიდველებს აძლევენ საქონლისა და მომსახურების შეძენისას. ფული გაცვლის საყოველთაოდ მიღებული საშუალებაა, ის ბარტერული გაცვლის სისტემისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად ამარტივებს გაცვლის პროცედურებს საქონლით თუ მომსახურებით დაინტერესებულ პირებს შორის. სახელმწიფო ორგანოები საკუთარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩოებით ზღუდავენ სხვა ქვეყნის ვალუტებს იმისათვის, რომ ეროვნული ფულის ფუნქციების სრულყოფილად რეალიზაციას შეუწყოს ხელი. ასე მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა. ამ კუთხით, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებს ემატება:

  • რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც გაცვლის საშუალებას და ღირებულების საზომის ფუნქციას რუსული რუბლი ასრულებს;
  • უძრავი ქონების, ავტომობილების და სხვა ძვირადღირებული საშუალებების ბაზარში, ადგილი აქვს ფასების ლარებში გამოხატვას, თუმცა მისი გაანგარიშება ხდება ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

ღირებულების საზომი – ფულის ღირებულების საზომის ფუნქციას ადამიანები ფასების განსაზღვრისა და ვალების აღრიცხვისთვის იყენებენ. მაღალი ინფლაციის და ვალუტის გაუფასურების პირობებში ღირებულების საზომის ფუნქციები გადადის „გაუფასურებული“ ეროვნული ვალუტიდან უფრო მეტად მყარ უცხოურ ვალუტაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით ძირითად საქონელზე და მომსახურების ფასები გამოხატულია უცხოური ვალუტის ექვივალენტ ლარებში („პირობით ერთეულებში“). დაბალი და საშუალო ღირებულების სამომხმარებლო საქონელზე მსგავსი პრობლემა ნაკლებად შესამჩნევია, საქონლის მაღალი ღირებულება „გაუფასურების“ მიმართ მაღალი აბსოლუტური მგრძნობელობით გამოირჩევა.

დაგროვების საშუალება – დაგროვების საშუალება ესაა ადამიანების მიერ მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში გადატანის შესაძლებლობა. ფული ყველაზე ლიკვიდური აქტივია. რამდენად ასრულებს ლარი აღნიშნულ ფუნქციას? აღნიშნულისათვის მნიშვნელოვანია ვნახოთ საქართველოს მოსახლეობის დეპოზიტების განაწილება (გრაფიკი 3).

წყარო: www.geostat.ge

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფულის დაგროვებას უცხოურ ვალუტაში, ხოლო ლარს როგორც დაგროვების საშუალებას ნაკლებად იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს.

აღსანიშნავია, რომ  განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფულის, როგორც გადახდის საშუალების ფუნქცია უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ფულის როგორც დაგროვების საშუალების ფუნქცია, ვინაიდან ფინანსური ბაზრების განვითარება ფულის დაგროვების და ღირებულების შენახვის უფრო მრავალფეროვან და ეფექტურ საშუალებებეს იძლევა, ვიდრე თავად ფულის შენახვაა. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კი ფულის, როგორც დაგროვების ფუნქცია უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ფულის, როგორც გადახდის საშალების ფუნქცია, ვინაიდან ეკონომიკური ურთიერთობების დაბალგანვითარებულობა და დაბალი დინამიურობა აქტუალურს ხდის გრძელვადიან პერიოდში ფულის ღირებულების შენახვისა და შემოსავლის მულტიპლიკატორის ეფექტს.

 

არსებული მდგომარეობა

ეროვნულ ბანკს შეუძლია ფულის მიწოდების არხით  მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ზემოქმედება და საზოგადოების ინფლაციური დანაკარგების შემცირება. თუმცა, ლარის მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა, როგორც გაცვლის, ღირებულების საზომისა და დაგროვების საშუალებისადმი, ასევე, დოლარიზაციის მაღალი დონე და უარყოფითი საგადასახადო ბალანსი ეროვნული ბანკის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ლარის მიმართ ნდობის ამაღლებისა და დოლარზე დამოკიდებულობის შემცირებისათვის, ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და განხორცილებულია (იხ.: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=656) ცალკეული აქტივობები. თუმცა, ეროვნული ბანკი უძლურია გაცვლითი კურისის მიმართ მოსახლეობის მოლოდინების ფორმირების საქმეში. შეიძლება თქვას, რომ ხშირ შემთხვევაში მოლოდინების არხი მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას განსაზღვრავს.

ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების პირობებში მნიშვნელოვანია, მოსახლეობის შემოსავლების დოლარში შეფასებაც, რომელიც განიცდის უმნიშვნელო ზრდას  (2014, 2017), ხოლო ცალკეულ (2013, 2015, 2016) წლებში შემცირებაც ფიქსირდება (გრაფიკი 4).

წყარო: www.geostat.ge

 

ლარის კურსის ცვლილების მიზეზები

გასული წლების განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება მიუთითებს, იმაზე, რომ მოკლევადიან რყევები, მოსახლოებაში უარყოფითი მოლოდინებისა და სპეკულაციების შედეგია, რომლის გავლენა რეალურ მაჩვენებლებზე მცირეა, საშუალოვანდიან პერიოდში ცვლილებები – გარე ფაქტორებით, ინვესტიციების მოცულობით და სავაჭრო ბალანსით არის გამოწვეული, ხოლო გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსი დამოკიდებულია რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

 

რატომ არის ლარის კურსის დაცემა ცუდი?

ეკონომიკურ თეორიაში დიდი ხანია აღნიშნულ  კითხვაზე გაცემულია შემდეგი პასუხი „გაცვლითი კურსის გამყარება ამცირებს იმპორტირებული საქონლის ფასს და პირიქით კურსის გაუფასურება იწვევს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდას. კურსის გაუფასურება უფრო მეტად გაზრდის ფასებს, ვიდრე კურსის გამყარება შეამცირებს მათ. გარდა ამისა გაცვლითი კურსის გამყარება ზრდის იმპორტზე მოთხოვნას და შესაბამისად ამცირებს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას. კურსის გაუფასურების პირობებში კი მოთხოვნა იმპორტიდან გადაინაცვლებს ადგილობრივ ბაზარზე“. უფრო პრაქტიკულ ჭრილში ანალიზისათვის, მიზანშეწონილია განვიხილოთ ლარის რეალური გაცვლითი კურსი, რომელიც ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. გაანგარიშებაში ჩართულია შემდეგი საგარეო სავაჭრო პარტნიორები: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი.

2017-2018 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა, როგორც გამყარებას ისე გაუფასურებას. კერძოდ, გაუფასურების ტემპი მაღალია 2017 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ადგილი აქვს ლარის გამყარება, აგვისტოდან კი იწყებს გაუფასურებას. რაც შეეხება, ექსპორტ-იმპორტს, ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს და მზარდი ტემპით ხასიათდება, მიუხედავად გაცვლითი კურსის ცვლილებისა, გამონაკლისს წარმოადგენს 2018 წლის იანვარ-თებერვალი.

შენიშვნა: ავტორის გაანგარიშება, წყარო www.geostat.ge

 

რეკომენდაციები

გაცვლითი კურსის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებისათვის მნიშვნელოვანია, ნდობის ამაღლება ეროვნული ვალუტისა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ასევე, ქვეყნის შიგნით რეალური სექტორის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა, რაც გარკვეულწილად შეამცირებს უცხოური ვალუტაზე დამოკიდებულებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა საკმაოდ სენსიტიურია გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ და ადგილი აქვს სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების არათანმიმდევრულ განხორციელებას, ძნელია იმისა, თქმა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში თავს დააღწევს გაცვლითი კურსის მოკლევადიან (სპეკულაციურ) რყევებს.

რაც შეეხება გაცვლითი კურსის რეჟიმს, მიუხედავად დამახასიათებელი რყევებისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის ოპტიმალურს არსებული მცურავი გაცვლითი კურსი წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდა უნდა უმაგრებდეს ზურგს და აზღვევდეს საზოგადოებას გაცვლითი კურსის რყევების შედეგად მიღებული დანაკარგებისაგან.

დატოვე კომენტარი