რა ხდება ნავთობპროდუქტების ბაზარზე

ფოტო გარეკანზე: flickr.com

რატომ არ/ვერ მოქმედებს კონკურენციის სააგენტო

ბოლო ათწლეულია რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარე პროცესები მწვავე კრიტიკის საგნად იქცა საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში. უკვე წლებია მიდის იმაზე საუბარი, რომ ნავთობრპოდუქტების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის თუ კარტელური გარიგების ნიშნები არებობს. არაერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას გაულაშქრია მათ წინააღმდეგ, თუმცა შედეგი ფაქტობრივად არ არის. ნავთობის ბაზარზე ფასწარმოქმნის გაუგებას პრაქტიკას ვერ აღდგენილმა კონკურენციის სააგენტომ უშველა რამე.

2014 წლის ბოლოს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს 10 დღიანი ვადა მისცა საკითხის მოსაკვლევად თუ რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინის ფასის კლება, მსოფლიო ბაზრის ადეკვატურად. „ახალი ცოცხი კარგად გვისო“ –  პრინციპით კონკურენციის სააგენტომ მალევე ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე რიგი დარღვევები გამოვლინდა. ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით – “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარი, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” – 11 267 384 ლარი, “რომპეტროლ საქართველო”- 10 845 806 ლარი, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარი, “ლუკოილ-ჯორჯია” – 4 740 260, “L ოილი” – 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ – შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009″, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010″, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4″, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”.

დაკისრებული ჯარიმები ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კონკურენციის სააგენტომ ყველა ფირმას მოუგო დავა და შესაბამისად ფინანსური ჯარიმებიც ძალაში დარჩა. მიმდინარე წლის ივლისში, სააპელაციო სასამართლომ  კონკურენციის სააგენტოს მიერ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის“ დაკისრებული 14-მილიონიანი ჯარიმა ბათილად სასამართლომ კომპანიების წინააღმდეგ არგუმენტები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და  საქმე მარეგულირებელს უკან დაუბრუნა, ბაზრის თავიდან შესასწავლად. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონკურენციის სააგენტო სხვა ნავთობიპორტიორებთანაც წააგებს სასამართლო დავებს.

შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბაზარზე კვლავ ხდება ფასწარმოქმნა, რომელიც აცდენილია საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს. თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ მდგომარეობის გამოსაწორებლად ნაბიჯები არ ჩანს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ მსოფლიო ბირჟებზე მართლაც არის ფასების მატების ტენდენცია, თუმცა ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, მთლიანად არის აცდენილი, საერთაშორისო ტენდენციებს. „თუ ჩვენ ქრონოლოგიურად შევხედავთ პროცესების განვითარებას ვნახავთ, რომ ბარელზე ფასის მცირედით მატებისთანავე შეიცვალა ჩვენს საცალო ქსელშიც ფასები. ეს მაშინ როდესაც ბირჟებზე ფასების ცვლილებას გარკვეული პერიოდი ჭირდება იმისთვის, რომ ცვლილება „პლაცის“ ფასზე მაინც აისახოს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ქსელზე. უფრო კონკრეტულად კი კომპანიებმა როდესაც მეორედ დააკორექტირეს ფასები, ეს იყო ამ თვის დასაწყისში, ამ მომენტისთვის მსოფლიოში ბარელის ფასი 4% -ით იყო გაზრდილ და ჩვენთან მყისიერად 7%- ზე მეტით გაიზარდა საწვავის ფასები.

დღეს არსებული მდგომარეობით ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, არსებული გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1433 ლარს შეადგენს, ამ თანხას ცხადია ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რა ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია.  ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.74 ლარს არ აღემატება.  ეს მაშინ როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.45 ლარს აღწევს.  რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა როდესაც საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს, შორის რიგ შემთხვევებში, 0.71 ლარიანი სხვაობა გვხვდება, ძნელია რაიმე დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ“, – აცხადებს ბაირახტარი.

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე არალოგიკური ფასწარმოქმის შესახებ ნათელი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ბოლო ორი წლის დინამიკას გადავხედოთ, როგორც ლარის კურსის, ისე ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასისა და საქართველოში 1 ლიტრი პრემიუმ ავანგარდის ფასის შედარებით.

საინტერესოა, რომ ქართულ ბაზარზე ნავთობის საცალო ფასის ზრდა სექტემბერში დაიწყო და ეს კომპანიებმა საერთაშორისო ფასების ზრდით გაამართლეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება. კერძოდ, ივლისის თვეში ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე  (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენდა საშუალოდ  48-49 დოლარს/ბარელზე, აგვისტოში – 51-52 დოლარს/ბარელზე, სექტემბერში – 52-56 დოლარს/ბარელზე, ხოლო ოქტომბრში – 56-58 დოლარს ბარელზე.

მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია უკავშირდება რამოდენიმე ფაქტორს: კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების  დონე, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა სექტემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – 120 %-ს (აგვისტოში – 116%). აღნიშნული შეთანხმების შესრულება ხელს უწყობს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას.

ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აღნიშნული მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამოდენიმეჯერ ნავთობმომპოვებელი  ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის დაფიქსირება“, – აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ახლა კი კონკრეტულ ფაქტებს გადავხედოთ. ნავთობის “ფიუჩერსებზე” ყველაზე დაბალი ფასი ბოლო ორ წელიწადში 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, რა დროსაც ლარის კურსი მეტნაკლებად სტაბილური იყო. საქართველოს საცალო ბაზარზე ბოლო ორ წელიწადში 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყელაზე დაბალ ფასად აპრილის შუა რიცხვებში იყიდებოდა. თუ იმ ლოგიკას მივყვებით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გვიან აისახება ადგილობრივ ბაზარზე, რადგან კომპანიებს მარაგები 1-2 თვის მარაგები აქვთ წინასწარ ნაყიდი, მაშინ რატომ დაჭირდა გაიაფებას 4 თვე, ხოლო სექტემბერში ბირჟებზე გაძირებული ნავთობი 1 თვეშივე რატომ აისახა საქართველოს საცალო ბაზარზე?! ამასთან აღსანიშნავია, ასევე 2016 წლის ნავთობის ფასები ტრენდი. მსოფლიო ბაზარზე გასულ წელს ნავთობის ფასი ნელი ტემპით იზრდებოდა თუმცა აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში მნიშვნელოვანი გაიაფება ახლდა თან. ამავე პერიოდში სტაბილურობით გამოირჩეოდა ქართული ეროვნული ვალუტაც, უფრო მეტიც, წლის დასაწყისში საერთოდ გამყარების ტენდენციას აჩვენებდა. საერთაშორისო ბირჟებზე მიუხედავად დადებითი პროცესებისა 2016 წელს საქართველოში საცალო ბაზარზე ბენზინი ფასი აპრილიდან, როდესაც 1 ლიტრი პრემიუმი 1,55 თეთრი ღირდა მხოლოდ ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და ისე გადაატარეს ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა აგვისტო-სექტემბრის და დეკემბრის პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაიაფება, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინის გაიაფება არ უგვრძვნია.

თუ სტატისტიკას კარგად დავაკვირდებით უამრავი ზემოთ მოყვანილი ფაქტების აღმოჩენა შეიძლება, როდესაც ქართულ ბაზარზე წარმოქმნილი ნავთობის ფასები აბსოლუტურ შეუსაბამობას აფიქსირებენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ, 20.10.2015-25.10.2017 წლები

BRENT CRUDE FUTURES-ის ფასი 20.10.2015-25.10.2017 წლები

1 ლიტრი Premium Avantguard-ის ფასი, 20.10.2015-25.10.2017 წლები

დასკვნის მაგიერ

მიუხედავად იმისა, რომ წლებია კითხვის ნიშნები ჩნდება ქართველი ნავთობიმპორტიორი კომპანიების საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო არ ან ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას და საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ არის თუ არა ამ ბაზარზე კარტელური გარიგება. კონკურენციის სააგენტოს შექმნის დღიდან ერთადერთი კვლევით ამაყობდა, რომელის შედეგებს შეეძლო სარგებელი მოეტანა ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტისთვის, თუმცა სასამართლომ ეს კვლევაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა . რატომ არსებობს ეს ორგანო და რატომ არაფერს აკეთებს ნავთობპროდუქტების ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გამოსაწორებლად გაუგებარია. თუ ის კვლევა, რომლითაც კარტელური გარიგებები გამოავლინეს არაკომპეტენტურია მაშინ ბევრმა თანამშრომელმა, რომელმაც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ არა და მაშინ სასამრთლოს ობიექტურობის საკითხი კიდევ ერთხელ დგება ჩვენი ქვეყნის წინაშე.

ფაქტი კი ერთია, ქვეყანაში წლებია არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ნავთობპროდუქტების ბაზრის შესახებ და სამწუხაროდ   პოლიტიკოსების მხრიდან უმარავი დაპირების მიუხედავად, საზოგადოება კვლავ იგივე პრობლემის წინაშე დგას. 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.