ლარი ჩვენი არსობისა
ია ერაძე (ფოტო: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი)

ია ერაძე – კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის დოქტორნატი

 

„ოქროს საფუძველს მოკლებულ ფულს ამაგრებს საზოგადოების ნდობა, სახელმწიფოს რეჟიმის სიმტკიცე, ეროვნული შეგნება და დსციპლინა ამ ფულის ღირსების დაცვისთვის – მეტი არაფერი, ამას მოკლებული ქაღალდის ფული – ქაღალდის უმნიშვნელო ნაგლეჯია“ (კონსტანტინე კანდელაკი[1], 1960, 68). 

 

 

ლარის კურსის ვარდნას 2014 წლის მიწურულიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. თუ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ეროვნული ვალუტის სიმყარე, 1990-იანი წლების ჰიპერინფლაციის შემდეგ, არ გამხდარა ფართო საზოგადოებრივი ან პოლიტიკური განსჯის საგანი, ლარის გაუფასურებამ და მისმა მტკივნეულმა შედეგებმა გადაფარა საჯარო და პირადი განხილვის სივრცეები. ასეთ აქტიურ განსჯას თან ახლდა ექსპერტების, მედიის, პოლიტიკოსების და საზოგადოების განსხვავებული შეხედულებები. ხშირად ისმოდა კითხვები: რა სჭირს ლარს? ან რა გადაარჩენს ლარს? დაიწყო ლარის გაუფასურების და ჭარბვალიანობის განტევების ვაცის ძიების პროცესი არაადეკვატური ეროვნული ბანკით დაწყებული, ფინანსურად გაუნათლებელი მსესხებლებით და ქვეყნის გამაღარიბებელი კომერციული ბანკებით დასრულებული. ამასთან, ლარის გაუფასურება ჯერ ნორმალურ პროცესად მოინათლა, შემდეგ პანიკას და აჟიოტაჟს დაბრალდა, ბოლოს კი საგარეო შოკების არგუმენტმა გაიმარჯვა დაპირისპირებული ნარატივების ჭიდილში. მყისიერი მიზეზებისა და დამნაშავის ძიების დისკურსში დაიკარგა ლარის ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან გადაჯაჭვულობის ისტორიული კონტექსტი. სწორედ ამიტომ, ამ სტატიის მიზანია, დააფიქროს მკითხველი ფულის და ეროვნული ვალუტის არსზე, რათა ლარის ბოლო წლების კრიზისი ისტორიულ და თეორიულ ჭრილში დავინახოთ.

ლარის საკითხის განხილვა შეუძლებელია მისი სხეულის, ანუ სახელმწიფოს გარეშე, რადგან ეროვნული ვალუტა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის და სოციო-ეკონომიკური განვითარების სარკეა. ლარის გაუფასურებისადმი ქვეყნის მოწყვლადობა კი იმ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ირეკლვას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა და არ ყოფილა მხოლოდ მოკლევადიანი შოკების შედეგი. ამასთან, ლარის კრიზისმა კიდევ ერთხელ ცხადყო გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ძალაუფლების ასიმეტრიულობა, ვალუტების იერარქია და საქართველოს ეკონომიკის პერიფერიულობა.

 

რა არის ფული და ეროვნული ვალუტა?

 

ეკონომისტები ფულს უმეტესად მისი ფუნქციებით განსაზღვრავენ, როგორც დაგროვების, გადახდა – გაცვლის და ღირებულების საზომ საშუალებას. ადამ სმიტის მიხედვით, ფული პირველ რიგში გაცვლის საშუალებაა და იგი სწორედ გაცვლის საფუძველზე აღმოცენდა ბარტერის ჩასანაცვლებლად. თუმცა, ამგვარ შეხედულებას არ იზიარებენ ფულის სახელმწიფოს თეორიის (state theorists of money) მიმდევრები (ე.წ. ჩარტალისტები chartalists, მაგ. Georg Freidrich Knapp), რომლებიც ფულის არსებობას მხოლოდ კანონს და სახელმწიფოს უკავშირებენ. კონსტრუქტივისტები (მაგ. Gansmann, Searle) კი აკრიტიკებენ ასეთ ძლიერ აქცენტს სახელმწიფოს როლზე და ფულს სოციალურ კონსტრუქტად მიიჩნევენ. თუმცა, მათ ანალიზში იკარგება პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა (Wullweber, 2019, pp. 4–6).

მოსწავლეების შექმნილი ლარის ესკიზები, ეროვნული ბანკი

ქაღალდის ფულზე გადასვლამდე, ფულის ღირებულება მის შინაგან ღირებულებას (intrinsic value) უკავშირდებოდა და ამიტომაც მის დასამზადებლად ძვირფასი ქვები და მეტალები გამოიყენებოდა. ოქროს სტანდარტის[2] დაშლის შემდეგ კი შეიცვალა ამგვარი შეხედულებები (Capie, Goodhart, & Schnadt, 1994, pp. 1–2). პოლიტიკურ ეკონომიაში თანამედროვე დებატი ფულის ღირებულებაზე არაერთგვაროვანია განსხვავებული ონტოლოგიური საწყისებიდან გამომდინარე. ერთი მხრივ არსებობენ ფულის ობიექტური ღირებულებით განსაზღვრის მომხრეები (მაგ. Andreas Bieler and Adam D. Morton, David Harvey) და მეორე მხრივ ისინი, ვინც ფულის არსს პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ეძებენ (მაგ. Marieke De Goede, Martijn Konings) (Wullweber, 2019, p. 2).

ფული არ არის ნეიტრალური საგანი, როგორც ამას ეკონომისტები ამტკიცებენ და მას არც შინაგანი ღირებულება გააჩნია. მისი ღირებულება სოციალური და პოლიტიკური მოლაპარაკების და ურთიერთობის შედეგია, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჰეგემონიისთვის[3] ბრძოლა ახლავს თან. ამასთან, ფულის აღიარებას ინსტიტუციური ლეგიტიმაცია და პოლიტიკური პროცესი ჭირდება, სადაც სახელმწიფო გარდამტეხ როლს ასრულებს (Wullweber, 2019, pp. 6–7). ფულის მხოლოდ ეკონომიკურ ფენომენად აღქმა ვერ ხსნის იმ ეროვნულ სენტიმენტებს, რომელიც ეროვნული ვალუტების მიმართ არსებობს. ეროვნული ფული ერი-სახელმწიფოს პარალელურად განვითარდა მეხცრამეტე – მეოცე საუკუნეებში (Gilbert & Helleiner, 2011, pp. 1–5). ამასთან, ეროვნული ვალუტის აღმოცენება ოქროს სტანდარტის შექმნას უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში იწყება ჰომოგენური მონეტარული წყობის და ფულის სისტემის დასაბამი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ (Helleiner, 2011, pp. 139–142). ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული იდეების პოპულარიზაციისა და ხალხისათვის საერთო მიკუთვნებულობის გრძნობის გაღვივებაში. უცხოური ფულის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობა შეურაცხყოფადაც კი აღიქმებოდა, რადგან ის ჩრდილს აყენებდა ქვეყნის სუვერენიტეტს. მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეებში მონეტების გამოსახულებები სულ უფრო ეროვნულ ხასიათს იღებდა და მათ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე დროშას ან ეროვნულ ჰიმნს (Helleiner, 2011, pp. 143–144). სახელმწიფოს და ეროვნულ ვალუტას შორის კავშირი განსაკუთრებით ქაღალდის ფულზე გადასვლის შემდეგ გაძლიერდა. ამ ურთიერთობის მთავარი საფუძველი საზოგადოების ნდობაა, რომლის გარანტორად სახელმწიფო გვევლინება (Cooper, 2009, p. 9). გეორგ კნაპი (The State Theory of Money, 1905) ქაღალდის ფულს განსაზღვრავდა, როგორც კრედიტს, რომელიც ლეგალურ გარანტიად უნდა აღქმულიყო. ამ გარანტიის წყარო კი სახელმწიფო იყო და ფულს არა ეკონომიკური, არამედ ლეგალური და პოლიტიკური ღირებულება ენიჭებოდა (Niggel, 2011, p. 183).

ამრიგად, ეროვნულ ვალუტას ისეთივე ფუნქცია ეკისრება, როგორც ენას; იგი კოლექტიური წარსულის და მომავლის შემაკავშირებელი მედიუმია და მასზე კონტროლი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილია (Gilbert & Helleiner, 2011, p. 7). თუმცა, უნდა აღინიშნოს ვალუტების გლობალური იერარქიულობაც. თეორიულად ყველა ვალუტა თანაბარია, მაგრამ ზოგიერთი ფული უფრო თანასწორია (Cohen, 2011, p. 123). სუზან სთრეინჯი იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი პოლიტიკურ ეკონომიაში, რომელმაც საერთაშორისო ვალუტები ბრიტანული სტერლინგის მაგალითზე გაანალიზა და მათი კატეგორიზაციაც შეიმუშავა. სთრეინჯი ხაზს უსვამდა იმას, რომ ვალუტის ადგილს მსოფლიო იერარქიაში მისი სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება განაპირობებდა (Strange, 1971, p. 306).

 

რა გვაჩვენა ლარის კრიზისმა?

 

მოსწავლეების შექმნილი ლარის ესკიზები, ეროვნული ბანკი

ამრიგად, თუ ფულის ღირებულებას პოლიტიკური და სოციალური შეთანხმების შედეგად აღვიქვამთ, ეროვნულ ვალუტას კი ერი – სახელმწიფოს ჩამოყალიბების მთავარ საშუალებად, ლარის კრიზისი სახელმწიფოებრიობის კრიზისიგან განუყოფელი ხდება. ლარის სისუსტე და მისი გაუფასურების შიში ირეკლავს ‚არშემდგარ‘ სოციალურ და პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ეროვნული ვალუტის ღირებულება უნდა განესაზღვრა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. ცხადია, ლარის როგორც ეროვნული ვალუტის არსებობა, გარკვეულ შეთანხმებაზე, აღიარებასა და ლეგიტიმაციაზე მიუთითებს, მაგრამ ეს ‚შეთანხმება’ და ჰეგემონიური ბრძოლა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა. ლარი ვერ ასრულებს ენის ფუნქციას სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის და ვერც ეროვნული მიკუთვნებულობის გრძნობას უჩენს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ლარის გაუფასურებამ წამოწია ისეთი საკითხები, როგორიც ჭარბვალიანობა და სიღარიბეა. ლარი აღმოჩნდა ამ პრობლემების სარკე და ცხადი გახდა, რომ ეროვნული ფულის ღირებულება განუყოფელია საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტრუქტურებისგან. ამიტომ, ლარის კრიზისის მყისიერი შედეგები – ფასების ზრდა, უცხოურ ვალუტაში დავალიანებული შინამეურნეობობის სიღარიბე – მხოლოდ გამოვლინება იყო იმ ღრმა სტრუქტურული და ფუნდამენტური პოლიტიკების (არ)არსებობის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას გასდევს. ლარის კრიზისმა საქართველოში ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული სოციო-ეკონომიკური პრობლემები გამოფინა სამზეოზე, დოლარიზაციის საფრთხეები მთელი სიცხადით გადაგვიშალა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის განვითარების კურსი.

ლარის გაუფასურება არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული, რომ არა დოლარიზაციის მაღალი დონე[4], ფინანსიალიზაცია[5] და ქვეყნის დამოკიდებულება იმორტზე. ვალუტის სიმყარე და დოლარიზაციასთან ბრძოლა ათწლეულების განმავლობაში პასიურ წუხილად რჩებოდა და ეს საკითხი არ გამხდარა პოლიტიკური წესრიგის მთავარი პრიორიტეტი 2015 წლის კრიზისამდე. მაშინ როცა, მაგალითად, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სახელმწიფოს და ეროვნული ფულის ჩანასახშივე ფიქრობდნენ დოლარიზაციის (დღევანდელი გაგებით) პრევენციაზე (კანდელაკი, 1960, გვ. 67) (ათანელაშვილი, 2006, გვ. 135-136). დოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის სუვერენულობას მონეტარული ძალაუფლების შეზღუდვით და ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა – რამდენად შემდგარია საქართველო, როგორც სახელმწიფო?

არც ფინანსური სექტორის რეგულაციის საკითხი გამხდარა განსჯის და დებატის საგანი ლარის კრიზისამდე. ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები თუ ონლაინ კომპანიები მთელი მონდომებით ასაზრდოებდნენ მოსახლეობას სესხებით, ყოველგვარი წესების, პაუსხისმგელობის და ეთიკური ნორმების გარეშე. მთავრობები და ეროვნული ბანკი პასიურად უცქერდნენ მოსახლეობის უცხოურ ვალუტაში დავალიანებას[6]. როგორც ჩანს, არც ეროვნული ვალუტა აღიქმებოდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტად და არც მოსახლეობის კეთილდღეობა იყო მთავარი საზრუნავი.

დოლარიზაციასა და ფინანსიალიზაციაში ჩაკარგულ ლარს ვერც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უწყობს ხელს. უსუსური წარმოების, სავაჭრო დეფიციტის და მაღალი უმუშევრობის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა ლარს ვერ გაამყარებს. ამასთან, ლარის კრიზისმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ კაპიტალზე, ინვესტორების ნდობაზე, ქართველი ემიგრანტების შრომასა და ტურისტების კეთილგანწყობაზე.

მართალია, ლარის კრიზისმა და მისმა მძიმე სოციო-ეკონომიკურმა შედეგებმა აიძულა სახელმწიფო აქტიურად დაეწყო ბრძოლა ეროვნული ფულის გადასარჩენად[7], მაგრამ ჯერ კიდევ გადასააზრებელი რჩება ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური განვითარების კურსი. ეკონომიკური სტრუქტურის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ლარის სიმყარე ისევ უცხოური კაპიტალის შემოდინებასა და ტურიზმის ბედად რჩება. მართალია, საბოლოოდ დაიწყო ისეთი საკითხების პრობლემატიზაცია და პოლიტიზირება, როგორიც ჭარბვალიანობა და დოლარიზაციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამდგარა დღის წესრიგში თუნდაც ეროვნული ბანკის ფუნქციის და მისიის განსჯა – ამ ცენტრალური მნიშვნელობის ინსტიტუტის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამსახურში ჩაყენება. ამასთან, არამარტო ეკონომიკური განვითარების მოდელის გადააზრება უნდა იდგეს დღის წესრიგში, არამედ პოლიტიკური ცხოვრების, ინსტიტუტების, სტაბილურობის, გამჭვირვალობის და გადაწყვეტილებს მიღების მექანიზმების გარდაქმნას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ეროვნული ფულისადმი ნდობა ხომ წარმოუდგენელია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის გარეშე.

 

 

ბიბლიოგრაფია

ათანელიშვილი, თ. (2006). ეკონომიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წწ.), ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია.

კანდელაკი, კ. (1960). საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი მეორე, პარიზი: სსრკ შემსწავლელი ინსტიტუტი.

Capie, F., Goodhart, C., & Schnadt, N. (1994). The development of central banking. In N. S. Forrest Capie, Stanley Fischer, Charles Goodhart (Ed.), The Tercentenary Symposium of the Bank of England (pp. 1–261). Cambridge Univeristy Press.

Cohen, B. (2011). The New Geography of Money. In E. Gilbert & E. Helleiner (Eds.), Nation-States and Money: The past, present and future of national currencies (pp. 121–139). London, New York: Routledge.

Cooper, S. (2009). Currency, Identity, and Nation-Building: National Currency Choices in the Post-Soviet States. In American Political Science Association Annual Convention.

Gilbert, E., & Helleiner, E. (2011). Introduction – nation-states and money Historical contexts, interdisciplinary perspectives. In E. Gilbert & E. Helleiner (Eds.), Nation-States and Money: The past, present and future of national currencies (pp. 1–23). London, New York: Routledge.

Helleiner, E. (2011). Denationalizing Money? Economic liberalism and the “national question” in currency affairs. In E. Gilbert & E. Helleiner (Eds.), Nation-States and Money: The past, present and future of national currencies (pp. 139–159). London, New York: Routledge.

Niggel, D. (2011). Globalisation of Money?: national sovereignty and the management of risk. In E. Gilbert & E. Helleiner (Eds.), Nation-States and Money: The past, present and future of national currencies (pp. 182–199). London, New York: Routledge.

Strange, S. (1971). Sterling and British Policy: A Political View. International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), 47(2), 302–315.

Wullweber, J. (2019). Money, State, Hegemony: A Political Ontology of Money. New Political Science, 41(2), 313–328. https://doi.org/10.1080/07393148.2019.1596686

[1] კონსტანტინე კანდელაკი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველეობის მინისტრი იყო 1919-1921 წწ.

[2] ოქროს სტანდარტი იყო მონეტარული სისტემა 1870-იანი წლებიდან 1971 წლამდე, რომელშიც ფულის ღირებულება ოქროს რაოდენობასთან მიმართებაში განისაზღვრებოდა.

[3] აქ ვულვებერი ლაკლაუსეულ გრამშის ჰეგემონიის კონცეპტს იყენებს, იხ. Antonio Gramsci, Selections from the Prison Notebooks, London, Lawrance & Wishart, 1971. Ernesto Laclau, “Universalism, Particularism and the Question of Identity,” in Ernesto Laclau (ed.), Emancipation(s), London, Verso, 1996.

[4] 2015 წელს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხების დოლარიზაცია 65%, დეპოზიტების დოლარიზაცია კი 69% იყო.

[5] აქ შესაძლებელია ვისაუბროთ კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმის, მონეტარული სისტემის და ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაციაზე.

[6] 2011 წელს შეიქმნა მომხმარებლის უფლებების განყოფილება ეროვნულ ბანკში, რომელიც 2017 წელს  დპარტამენტად გადაკეთდა.

[7] 2017 წელს საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დე-დოლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელსაც 2018 წელს დამატებითი რეგულაციები მოჰყვა ფინანსური სექტორისათვის.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი