II ნაწილი - ეროვნული ბანკი, ინფლაცია და ‘დაბნეული’ ექსპერტები

 – ავტორი: მათე გაბიცინაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი, გადაცემა „42-ე პარალელი“.

– წინამდებარე ტექსტი გახლავთ სრული წერილის II ნაწილი – მაკრო მოდელის მნიშვნელობა“.

აღნიშნული წერილის (II ნაწილის) pdf ფორმატში გადმოწერა შეგიძლიათ აქ.

/ამ ნაწილის წაკითხვამდე, საკითხით დაინტერესებულმა მკითხველმა მნიშვნელოვანია იხილოს წერილის I ნაწილი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს წინამდებარე ტექსტი/.


 

ნაწილი II – მაკრო მოდელის მნიშვნელობა

 

მოდით, წერილის I ნაწილში წამოწყებული ჩვენი მსჯელობის განვითარება, დავიწყოთ მაკროეკონომიკური აზროვნების მთავარი საფუძვლიდან, თუ რა ფუნდამენტური განსხვავებაა ‘მაკრო’-ეკონომიკურ თეორიასა და ‘მიკრო’-ეკონომიკურ იდეოლოგიურ საფუძვლებზე აგებულ მაკროეკონომიკის შესახებ თეორიულ მსჯელობას შორის, რადგან საკითხით დაინტერესებული არაეკონომისტი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია თავიდანვე განვმარტოთ მაკროეკონომიკასა და მიკროეკონომიკას შორის განსხვავება. კაპიტალისტურ ეკონომიკაში ამ ორ დისციპლინას შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებულობა წარმოადგენს ნებისმიერი მთავრობის ზოგადი კონტრ-ციკლური ‘მაკროეკონომიკური პოლიტიკის’ (როგორც მონეტარული, ისე ფისკალური) გატარების საჭიროებას.

შესაბამისად, წინამდებარე ტექსტის დასაწყისი იქნება იმის ჩვენება, თუ რას გულისხმობს ‘მაკრო’-ეკონომიკური ფიქრი და რატომ განსხვავდება ის ‘მიკრო’-ეკონომიკური ფიქრისგან.

 

როგორ ვიაზროვნოთ მაკრო-ეკონომიკურად?

‘მაკრო-ეკონომიკური’ მეთოდი განსხვავებით ‘მიკრო-ეკონომიკური’ დაკვირვებისგან გულისხმობს ‘ფირმებისა’ და ‘შინამეურნეობების’ ეკონომიკური ქცევის საერთო შედეგების შესწავლას, რადგან მას აინტერესებს სისტემაში მყოფი ფირმებისა და შინამეურნეობების ხარჯებთან დაკავშირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მთლიან ეკონომიკაზე გავლენა. შესაბამისად, მისი ანალიტიკური ფოკუსი მთლიანი ეკონომიკის მასშტაბის პერსპექტივაზეა მიპყრობილი. განსხვავებით ‘მიკრო’-ეკონომიკური ანალიზისგან, რომელიც ცალკეული ფირმის, შინამეურნეობის ან ბაზრის ეკონომიკურ ქცევას აანალიზებს, ‘მაკრო’-ეკონომიკური ანალიზი ფოკუსირებულია ცალკეულ ბაზრებზე ფირმებისა და შინამეურნეობების მიერ ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტის ‘აგრეგირებულ’ (ერთობლივ) დონეზე გამოკვლევაზე და იგივენაირად, საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ცალკეულ ფირმებსა და შინამეურნეობების ხარჯებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე განორციელებულ ეფექტზე. შესაბამისად, მაკრო ანალიზი პირველ რიგში, გულისხმობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დასაქმების, ეკონომიკური გამოშვების და ინფლაციის შესწავლას. ამიტომ, თანმიმდევრულმა და ადეკვატურმა ‘მაკროეკონომიკურმა’ თეორიამ უნდა უზრუნველჰყოს თანმიმდევრული და ადეკვატური ანალიზი იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს ამ თითოეულ მაკრო აგრეგატს (დასაქმებას, ეკონომიკურ გამოშვებას და ფასების სტაბილურობას) და რა იწვევს ამ მაკრო აგრეგატების ცვლილებას.

შეიძლება მკითხველმა იკითხოს, რომ ეს ხომ ისედაც ცხადია და რატომ ვუთმობთ ამ ანალიტიკური განსხვავების ახსნას ამდენ დროს, რადგან განა ვინმე დავობს ამაზე? მაგრამ, საქმეშიც იმაშია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიური მაკროეკონომიკური თეორიები ამ საკითხზე არათუ დაობენ, არამედ ამ ფუნდამენტური ანალიტიკური განსხვავების მოშლას ემსახურებოდა 1970-იანი წლების ნეოლიბერალური რევოლუცია მაკროეკონომიკაში, რომელსაც იდეოლოგიურად გამოხატავენ ქართული სამოქალაქო და პოლიტიკური მაკროეკონომიკური პოლემიკის მონაწილეთა უმეტესობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენი წერილის შემდგომ ნაწილებში კარგად გამოვხატოთ „მონეტარიზმის“ (ნეოლიბერალები), „ახალი კლასიკური“ (ნეოლიბერალები), „ახალი კეინსიანური“ (ნეოლიბერალები) და „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ (ლიბერტარიანელები) მაკროეკონომიკური მოდელები და ანალიტიკური პოზიციები, ამ მიმართულებით ჩვენი მსჯელობის განვითარებისთვის სწორედ წერილის ამ II ნაწილში უნდა შევქმნათ მყარი ანალიტიკური ფუნდამენტი.

‘მაკრო-ეკონომიკურ და ‘მიკრო-ეკონომიკურ ანალიტიკურ მეთოდოლოგიებს შორის ფუნდამენტური განსხვავების ნიველირება, საფუძვლად უდევს ამ სკოლების ფუნდამენტურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც არის „დასაქმება“, „ინფლაცია“ და ეკონომიკური გამოშვება“.

ამ წერილის მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ფართო მსჯელობის განვითარებაა, რომელმაც განსხვავებულად უნდა დაგვანახოს საქართველოში მიმდინარე „ინფლაციასთან“ დაკავშირებული დისკუსია, რაზე დაყრდნობითაც უნდა ვაჩვენოთ როგორც მეინსტრიმული ნეოლიბერალური/ლიბერტარიანული ‘კრიტიკული ექსპერტიზის’, ასევე თავად ეროვნული ბანკის ნეოლიბერალური მაკროეკონომიკური მოდელის იდეოლოგიური ლიმიტები, ესეიგი მათი მაკროეკონომიკური მოდელების მცდარობა.

ეს ნამდვილად რთული ამოცანაა, მაგრამ მას ცენტრალური მნიშვნელობა აქვს საკითხის ფუნდამენტურად გასააზრებლად და მაკროეკონომიკური დებატებისთვის დამახასიათებელ იდეოლოგიურ ლაბირინთში გზის გასაკვლევად.

კაპიტალისტურ ეკონომიკაში ‘მაკრო-ეკონომიკური’ (მონეტარული და ფისკალური) პოლიტიკის გადაუდებელი საჭიროება, პირველ რიგში, ეფუძნება იმის გააზრებას, რომ სუვერენული ვალუტის გამომშვები ეროვნული მთავრობა არ ჰგავს შინამეურნეობას ან ფირმას. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი საფუძველმდებარე ვარაუდი და წარმოდგენა, რომელსაც ინტუიციურად აზრი აქვს და რაციონალურია მიკრო დონეზე (ფირმის ან შინამეურნეობის შემთხვევაში), ვერ მართლდება და უფრო მეტიც, ხშირად არარაციონალურია მთლიანი ეკონომიკის დონეზე, ესეიგი მაკრო დონეზე.

მაკროეკონომიკის თეორიაში ამას კომპოზიციის შეცდომად მოიხსენიებენ. მოდით განვმარტოთ თუ რას გულისხმოს ეს.

პოპულარული პრესა და ზოგადად, საჯარო დისკურსი, სავსეა მაკროეკონომიკასთან დაკავშირებული მსჯელობებით. საჯარო დებატებში ხშირად წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის მაჩვენებლები ან უმუშევრობის დონე. თანამედროვე სოციალური ქსელების ეპოქაში, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები სულ უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს და მათი „რჩევა-დარიგებები“ მოსახლეობის ფართო სეგმენტის შეხედულებების ფორმირებაში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიურობაც სავსეა მაკროეკონომიკაზე მსჯელობით, რადგან ეს საკითხები განაგებს და დაკავშირებულია როგორც მთლიანი ეკონომიკის მდგომარეობასთან, ასევე რიგითი ადამიანების ბედთან.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ხშირად ასეთი ადამიანების პოზიციები ამოზრდილია კონკრეტული, ნეოლიბერალური იდეოლოგიური ხედვიდან, მაგრამ მოწოდებულია როგორც „საღი აზრი“. ეს შეხედულებები დაფუძნებულია „საღი აზრის“ ინტუიციურად ლოგიკურ არგუმენტებზე. პრობლემა ის არის, რომ „საღი აზრი“ რეალობის სახიფათო გზამკვლევია და დაკვირვებული მსმენელის მიერ ყველა აზრს არ უნდა მიენიჭოს თანაბარი პრივილეგია საჯარო დისკურსში. პირველ რიგში, ადამიანების თანდაყოლილი მიდრეკილებაა საკუთარი პირადი გამოცდილებების განზოგადება. თითქოს ეს გამოცდილება წარმოადგენს უნივერსალურ ჭეშმარიტებებს და სწორედ ასეთი მსჯელობა დომინირებს ჩვენს საჯარო დებატებშიც. და ჩვენდა სამწუხაროდ, მაკროეკონომიკის სფერო არის მთავარი ასპარეზი ასეთი ტიპის პრობლემური მსჯელობისთვის.

მაგალითად, ხშირად ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამტარი „საღი აზრის“ გამავრცელებლები აკეთებენ ანალოგიას ‘შინამეურნეობასა’ და ‘მთავრობას’ შორის, რა საფუზველზეც ამტკიცებენ, რომ იგივე ‘მიკრო’-ეკონომიკური შეზღუდვები, რომლებიც რელევანტურია და სწორია შინამეურნეობაზე, თანაბრად, კვალიფიკაციის გარეშე, ანალოგიურად ვრცელდება მთავრობაზეც. ასეთი ანალოგია მძაფრად ეხმიანება მოსახლეობას, რადგან საკითხში გაურკვეველი დაბნეული მოსახლეობა მთავრობის ფინანსების ამორფულ და ბუნდოვან მუშაობას აიგივებს ისეთ უფრო ადვილად წარმოსადგენ საკითხთან და მასშტაბთან, როგორიც გახლავთ შინამეურნეობის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ფინანსებთან დაკავშირებული გამოწვევა.

ყოველივე ეს გულისხმობს მაკროეკონომიკაზე მსჯელობის აგებას მიკრო-ეკონომიკურ დონეზე გამოტანილი დასკვნების ‘აგრეგირებით’ (განზოგადებით). ნეოლიბერალები ‘შინამეურნეობასა’ და ‘მთავრობას’ შორის ანალოგიას ახდენენ, რადგან მათ იციან, რომ ჩვენ, ადამიანები მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტს განვიხილავთ, როგორც უგუნურობას, მით უმეტეს, მაშინ თუ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. ლოგიკა, რომელიც აბსოლუტურად რაციონალური და სწორი შეიძლება იყოს მიკრო დონეზე, ფირმის ან შინამეურნების ფინანსებზე მსჯელობისას, ყოველთვის არ ვრცელდება მთავრობის ბიუჯეტზე მსჯელობისას, რადგან მთავრობა არ არის ‘დიდი ოჯახი’, ამ ტერმინის ‘მიკრო’-ეკონომიკური გაგებით. ამ დასკვნის საფუძველს წარმოადგენს განსხვავება მთლიან ეკონომიკაში მაკრო დონეზე არსებულ ხარჯვით ლოგიკასა და მიკრო დონეზე არსებულ ხარჯვით ლოგიკას შორის.

ეს აშკარა გახდება მაშინვე, როდესაც საკითხით დაინტერესებული ადამიანი ‘მაკრო’-ეკონომიკურად აზროვნებას დაიწყებს. კაპიტალისტურ ეკონომიკაში არსებული მთლიანი ხარჯვა ქმნის ‘ეროვნულ შემოსავალს’ და ‘ეკონომიკურ გამოშვებას’. თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკაში ფირმებისა და შინამეურნეობების მიერ დაგეგმილი ეკონომიკური აქტივობა და მათ მიერ ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, მოლოდინები, აგენერირებს დასაქმების დონეს საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის. შესაბამისად, ფირმებისა და შინამეურნეობების მიერ რეალურ ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების კორექტირება და შესაბამისად, მათი მოლოდინები იწვევს ეკონომიკაში მთლიანი საქონლისა და მომსახურების წარმოების (გამოშვების) კორექტირებას, რადგან ფირმები რეაგირებენ უფრო მაღალ (დაბალ) გაყიდვებზე დასაქმებისა და გამოშვების გაზრდით (შემცირებით). როგორც მოგვიანებით დავინახავთ, ეკონომიკაში ‘დანაზოგების’ დინამიკას უპირველესად განსაზღვრავს არა საპროცენტო განაკვეთი, არამედ ეროვნული შემოსავლის დონე, შესაბამისად ინვესტიციები, რომელსაც, თავის მხრივ, განაპირობებს ფირმებისა და შინამეურნეობების მოლოდინები გაყიდვებთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან ინვესტიციების დონე განაპირობებს ეროვნული შემოსავლის დონეს, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს დანაზოგების დინამიკას, შედეგად სწორედ ინვესტიციების დონე განაპირობებს დანაზოგების დონეს. ამიტომ, როდესაც მოსახლეობაში მთლიანი დანაზოგების ზრდა არ უკავშირდება ეროვნული შემოსავლის ზრდას, გაზრდილი დაზოგვის სურვილის გამო თუ შემცირებული გაყიდვები ნეგატიურად აისახება ინვესტიციებზე, მთლიანი დანაზოგი აუცილებლად შემცირდება („მომჭირნეობის პარადოქსი“).

დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ ზემოხსენებული მსჯელობა:

მთლიან ეკონომიკაში არსებული ფირმების და შინამეურნეობების ყოველი ხარჯვა, წარმოადგენს ამავე ეკონომიკაში არსებული სხვა ფირმებისა და შინამეურნეობებისთვის შემოსავალს. შესაბამისად, მიკრო დონეზე, შინამეურნეობა ან ფირმა, როდესაც შემოსავლის შემცირების გამო ხარჯების თვალსაზრისით განიცდის შეზღუდვას, რა დროსაც ხარჯების შემცირება აბსოლუტურად რაციონალური და სწორია, ამისგან განსხვავებით, მთლიან ეკონომიკაში, მაკრო დონეზე ეროვნული შემოსავლის შემცირების დროს, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ხშირად არარაციონალური და არასწორია, რადგან ეკონომიკის საერთო დონეზე ამას უარყოფითი და კონტრპროდუქტიული ეფექტი აქვს, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის შემცირებით, კიდევ უფრო მცირდება ფირმებისა და შინამეურნეობების შემოსავალი, რაც კიდევ უფრო მეტად ამცირებს ეროვნულ შემოსავალს.

შედეგად, იქმნება ‘ჩაკეტილი წრე’, მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, და ამ ‘ჩაკეტილი წრიდან’ თავის დაღწევა “საბაზრო ეკონომიკას” დამოუკიდებლად არ შეუძლია.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ‘მიკრო’ დონეზე, შინამეურნეობის ან ფირმის ბიუჯეტის მართვის გამოცდილება არ იძლევა მითითებებს მთავრობის ფისკალური პოზიციის მართვის შესახებ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველდღიურად გვიმტკიცებენ ამის საპირისპიროს „საღი აზრის“ ნეოლიბერალური იდეოლოგიით ნაკარნახევი პოზიციებიდან.

1930-იან წლებამდე, ‘მაკრო’-ეკონომიკური თეორია, როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკური დაკვირვების სფერო არ არსებობდა. 1930-იანი წლების “დიდ დეპრესიამდე” არსებული მეინსტრიმული და დომინანტური ნეოკლასიკური აზროვნების სკოლა მაკროეკონომიკაზე, ესეიგი მთლიან ეკონომიკაზე მსჯელობას, ‘მიკრო’-ეკონომიკური ლოგიკის „აგრეგაციით“ (განზოგადებით) ახდენდა. მთლიან ეკონომიკაში არსებული ისეთი მაკრო მოვლენების ასახსნელად, – როგორიც არის დასაქმების/უმუშევრობის დონე, ფასების სტაბილურობა და ეკონომიკური გამოშვება, – ‘მიკრო’-ეკონომიკური ტრუიზმების გამოყენება მცდარია და მიკრო დონეზე გამოტანილი დასკვნის მაკრო მასშტაბში გადატანა რბილად რომ ვთქვათ „ხარვეზიანია“, რადგან ის მთელი რიგი ლოგიკური შეცდომებით არის გაჟღენთილი, რაც შედეგად იწვევს ანალიტიკური მსჯელობის გაყალბებას და საბოლოო ჯამში, ეკონომიკისთვის დამაზიანებელი, ცუდი და არასწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის რეკომენდაციას.

თუ ‘მიკრო’- ეკონომიკური „ტრუიზმებით“ მთლიან ეკონომიკაზე მსჯელობა არარელევანტურია, რადგან ფირმის ან შინამეურნეობის დონეზე ხარჯვითი გადაწყვეტილებების შესწავლისას იგნორირებას უკეთებს ამ გადაწყვეტილებების სხვებზე ეფექტებს, ანუ მაკრო ეფექტებს, მაშინ ბუნებრივია მცდარი იქნება ‘მიკრო’-ეკონომიკური „ტრუიზმებით“ განპირობებული მაკროეკონომიკური მოდელებიც, რომლებიც ხსნის კაპიტალისტურ ეკონომიკაში ისეთი ცენტრალური მაკრო მოვლენების არსს, როგორიც არის 1. ფასების სტაბილურობა (ინფლაცია), 2. დასაქმება/უმუშევრობა და 3. ეკონომიკური გამოშვება.

ყოველივე ეს შეიძლება გასაგებია, მაგრამ საკითხით დაინტერესებული არაეკონომისტი მკითხველი აუცილებლად დასვამს შემდეგ მნიშვნელოვან კითხვას:

როგორ გადავდივართ მიკროეკონომიკური დონიდან, მთლიანი ეკონომიკის მასშტაბზე, ანუ მაკროეკონომიკურ დონეზე?  ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კითხვა, რომლის მოგვარებასაც ე.წ. „აგრეგაციის პრობლემა“ ცდილობს „კომპოციის შეცდომის“ / “A Fallacy of Composition” ცნების განმარტებით.

კომპოზიციის შეცდომა წარმოადგენს ლოგიკის შეცდომებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დავასკვნით, რომ რაღაც, რაც მართალია ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ჭეშმარიტია მთლიან დონეზე. ამის მარტივად საილუსტრაციოდ მოდით განვიხილოთ 2 მაგალითი, საიდანაც ერთი არა-ეკონომიკური მაგალითია, ხოლო მეორე ეკონომიკური“.

  1. არა-ეკონომიკური მაგალითი:

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშზე სტადიონი მაყურებლებით შევსებულია. ცალკეული მაყურებელი ფეხზე დგომით უკეთ ხედავს კუთხურის ალამთან მდგარ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც კუთხური უნდა ჩამოაწოდოს. შეგვიძლია იგივე ვივარაუდოთ, თუ სტადიონზე დამსწრე ყველა მაყურებელი ფეხზე წამოდგება და შეეცდება უკეთესი ხედით დაინახოს გვერდით ალამთან კუთხურის მომწოდებელი ხვიჩა კვარაცხელია?

ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი არის – ‘არა!’, რადგან თუ ყველა ფეხზე წამოდგება, მაშინ ფეხზე მდგომი მაყურებლების ნაწილი იგივე სექტორში მათ უკან მდგომ მაყურებლებს დაუფარავს ხედს. შესაბამისად, მსჯელობა, რომელიც შეიძლება სწორი იყოს ინდივიდუალური მაყურებლის შემთხვევაში, არასწორი იქნება ერთად აღებული ყველა მაყურებლის შემთხვევაში.

  1. ეკონომიკური მაგალითი:

ახლა, მოდით განვიხილოთ ინდივიდუალური შემთხვევა, როდესაც ადამიანი კარგავს სამსახურს, რადგან ის ფირმა, სადაც ის მუშაობს, გაყიდვების შემცირების გამო, იძულებულია შეამციროს წარმოება და ეს ადამიანი გაუშვას სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი 1 თვის მანძილზე მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რომ იპოვოს ახალი სამსახური. ის აქტიურად ადევნებს თვალს ინტერნეტში გამოცხადებულ ვაკანსიებს და ცდილობს მაქსიმალურად ბევრგან გააგზავნოს მოთხოვნა დასაქმებაზე. ის ცდილობს საფუძვლიანად გაამდიდროს საკუთარი „რეზიუმე“, რათა ახალმა პოტენციურმა დამსაქმებლებმა აიყვანონ გამოცხადებულ ვაკანსიაზე. შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სამუშაოს მაძიებელი მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს გაიუმჯობესოს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რის შედეგადაც ის მოკლე ვადაში ახერხებს ახალი სამსახურის პოვნას.

ახლა დავსვათ მთავარი კითხვა:

სწორი იქნება თუ არა იმის მტკიცება, რომ თუ ყველა უმუშევარი კეთილსინდისიერად და მაქსიმალური ძალისხმევით შეეცდება სამუშაოს პოვნას, მაშინ უმუშევრობის პრობლემა მოგვარდება?

პასუხი, რა თქმა უნდა, არის – ‘არა!’

ჩვენი დისკუსიის გასამარტივებლად, დავუშვათ, რომ ყველა უმუშევარი კვალიფიციურია და ყველა მათგანი მაქსიმალურ ძალისხმევას დებს სამუშაოს მოძიებაში, მაგრამ 100 უმუშევარი იბრძვის 50 სამუშაო ადგილისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, სამუშაოს მაძიებელთაგან 50 დარჩება უმუშევარი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საფუძვლიანად ეძებენ ისინი სამუშაოს.

სწორედ მსგავსი „კომპოზიციის შეცდომა“ განაპირობებს ნეოლიბერალი და ლიბერტარიანელი ‘ექსპერტების’ მსჯელობას, როდესაც ისინი საუბრობენ ეკონომიკაში ‘უმუშევრობის’ დონეზე ან ‘დანაზოგების’ დინამიკაზე ან ‘ფისკალური ხარჯვის’ ლოგიკაზე. მაკროეკონომიკურ თეორიაში „კომპოზიციის შეცდომა“ განაპირობებს ე.წ. „მაკროეკონომიკურ პარადოქსებს“, რომელთაგან ერთ-ერთი – „მომჭირნეობის პარადოქსი“ უკვე ზემოთ ვახსენეთ და რომლებსაც ჩვენ წერილის შემდგომ ნაწილებში დაწვრილებით განვავრცობთ.

ახლა კი დავუბრუნდეთ წერილის I ნაწილში ჩვენს მიერ უკვე ხაზგასმულ მნიშვნელოვან განმარტებას. წერილის I ნაწილში ვთქვით, რომ მაკროეკონომიკას აქვს 2 განზომილება.

  1. პირველი განზომილება გახლავთ თეორიული ჩარჩო.

მაშასადამე, კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ წარმოდგენის შექმნა.

  1. მეორე განზომილება გახლავთ Policy making-ი.

მაშასადამე, მას შემდეგ, რაც თეორიული წარმოდგენა გვაქვს კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების და მისი მაკროეკონომიკური ლოგიკის შესახებ (პირველი განზომილება – თეორიული ჩარჩო), ამაზე დაფუძნებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ისეთი მაკროეკონომიკური ამოცანების შესასრულებლად, როგორიც არის თუ როგორ მივაღწიოთ ფასების სტაბილურობას, ბიზნეს ციკლების სტაბილიზაციას და ეკონომიკურ ზრდას“ (მეორე განზომილება – “Policy Making”).

შესაბამისად, მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირველ განზომილებას – სწორი მაკროეკონომიკური მოდელის ქონას, რათა ადეკვატური წარმოდგენა გვქონდეს თუ რატომ შედის კაპიტალისტური ეკონომიკა კრიზისში, რა წარმოქმნის ინფლაციას/დეფლაციას, რა როლს თამაშობს ფული (რამდენად ნეიტრალური ფაქტორია ფული), რა განაპირობებს ბიზნეს ციკლებს, რა განაპირობებს დასაქმების/უმუშევრობის დონეს, რა განაპირობებს დანაზოგების მოძრაობას, როგორია მოხმარებასა და ინვესტიციებს შორის კავშირი, რა როლს ასრულებს საპროცენტო განაკვეთი ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის წონასწორობაში, ან რამდენად კავშირშია ხელფასებისა და უმუშევრობის დონე ერთმანეთთან. სწორედ ამ ფუნდამენტური მნიშვნელობის მაკროეკონომიკური მოვლენების თეორიული გააზრების შემდეგ არის შესაძლებელი ვილაპარაკოთ მეორე განზომილებაზე – თუ როგორია სწორი მაკროეკონომიკური (მონეტარული და ფისკალური) პოლიტიკა (Policy Making).

შესაბამისად, რადგანაც მაკროეკონომიკის შესახებ დისკუსიაში სწორედ პირველი განზომილება განაპირობებს მეორე განზომილებას, ამიტომ ჩვენი ანალიტიკური ფოკუსიც პირველ განზომილებაზეა კონცენტრირებული.

ერთი სიტყვით, მაკროეკონომიკის პირველ განზომილებაზე ანალიტიკური ფოკუსი გვეხმარება სისტემური მაკროეკონომიკური წარმოდგენები შევიქმნათ ფუნდამენტური მაკრო ცვლადების ურთიერთ-კავშირის შესახებ: თუ რა ურთიერთმიმართება აქვს

  1. ფულს („ფულად აგრეგატებს“, „ფულის მასას“),
  2. დასაქმებას / უმუშევრობას,
  3. ეკონომიკურ გამოშვებას, (ეროვნულ შემოსავალს) და
  4. ფასებს (ხელფასებს, მოგებას, რენტას და საპროცენტო განაკვეთს).

 

‘პირველი განზომილება’ – მაკრო მოდელის მნიშვნელობა

ჩვენი მსჯელობის დამატებით განვითარებამდე, არაეკონომისტი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია განვმარტოთ თუ რატომ და როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩვენს მიერ წერილის II ნაწილში წამოწყებული მსჯელობა,

  1. ერთის მხრივ, ‘მაკრო’-ეკონომიკური თეორია VS ‘მიკრო’-ეკონომიკური თეორიის“ განსხვავება
  2. მეორეს მხრივ, მაკროეკონომიკის პირველ განზომილებას – ანუ ადეკვატური მაკრო თეორიული მოდელის საჭიროებას.

ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს გავიაზროთ წერილის შემდგომ ნაწილებში ჩვენს მიერ

  1. ერთის მხრივ, ნეოლიბერალი/ლიბერტარიანელი ექსპერტების და
  2. მეორეს მხრივ, საქართველოს ეროვნულის ბანკის მთავარი ანალიტიკური სისტემის, “ახალი კეინსიანური“ DSGE მაკრო მოდელის იდეოლოგიური საფუძვლების წინააღმდეგ ჩვენს მიერ განვრცობილი კრიტიკა.

როდესაც ვამბობთ, რომ კაპიტალისტური ეკონომიკის შესახებ ‘მიკრო’-ეკონომიკურ ტრუიზმებზე აგებულ თეორიულ ინტერპრეტაციებს მცდარ პოლიტიკის რეკომენდაციებამდე მივყავართ, ამას იმიტომ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაჩვენოთ თუ რატომ წარმოადგენს მოწინააღმდეგე ფლანგის „ინფლაციის“ საკითხთან დაკავშირებული კრიტიკა და ასევე, თავად ეროვნული ბანკის მაკრო-მოდელი მცდარ ‘მიკრო’-ეკონომიკურ მეთოდოლოგიურ და იდეოლოგიურ საფუძვლებზე აგებულ თეორიულ შეხედულებებს.

თუმცა, ამავდროულად, ასევე უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ორი მხარის მაკრო ანალიტიკურ ჩარჩო-მოდელებს შორისაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ნეოლიბერალური ე.წ. ‘ვალრასიანულ’ მოდელზე აგებული კრიტიკა მთლიანად ეფუძნება საბაზრო ეკონომიკისადმი ბრმა თეორიულ რწმენას, რომ კაპიტალისტურ ეკონომიკას მთავრობის მხრიდან ყოველგვარი აქტიური მაკროეკონომიკური (მონეტარული და ფისკალური) პოლიტიკის განორციელების გარეშე შეუძლია წონასწორული ფასების მიღწევა და შესაბამისად, სტაბილიზაცია, და ეს ხედვა მთლიანად „მიკრო ტრუიზმებზე“ აგებული ხედვაა, ხოლო ეროვნული ბანკის „ახალი კეინსიანური“ DSGE მაკრო-მოდელის შემთხვევა ცოტათი განსხვავებულია და ის იგივე „ვალრასიანულ“ საწყისებზე აგებულ მოდელში სხვადასხვა მიკრო ელემენტების გათვალისწინებით, – მაგალითად, როგორიც არის საბაზრო სისტემაში არსებული ინფორმაციული ასიმეტრიის ფაქტორი, ფასების სიხისტის/არა-ელასტიურობის ფაქტორი და სხვ. – ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის საჭიროებას, რომელიც, პირველ რიგში, „ინფლაციის ტარგეტირების“ ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ფასების სტაბილურობაზე.

თუმცა, საერთო ჯამში, როგორც რადიკალი ნეოლიბერალი კრიტიკოსების, და ასევე, თავად ეროვნული ბანკის მაკრო მოდელის ხედვაც ეფუძნება ‘მიკრო’-ეკონომიკურ იდეოლოგიურ საფუძვლებზე აგებულ მაკრო ხედვას, რომ „ინფლაცია ყველგან და ყოველთვის ეს არის მონეტარული ფენომენი“, შესაბამისად, ფასების სტაბილურობაზე მთავარი პასუხისმგებელი მონეტარული პოლიტიკაა.

მაშინ, შეიძლება ვიკითხოთ, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ კამათობენ? ამ კითხვას აუცილებლად ვუპასუხებთ.

ესეიგი, როგორც ზემოთ ავხსენით, რომ მაკრო-ეკონომიკაზე მსჯელობა შეუძლებელია მიკრო-ეკონომიკური პრიზმიდან, მაშინ უნდა ვაჩვენოთ მიკრო-ეკონომიკურ საფუძვლებზე აგებული მაკრო-მოდელის მცდარობა, რაც ჩვენი მსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს იმის დასაბუთებას, რომ, რა თქმა უნდა, ტექნიკური თვალსაზრისით „ინფლაცია“ მონეტარული/ფულადი ფენომენია, რადგან კაპიტალისტური ეკონომიკა, პირველ რიგში, ფულადი ეკონომიკაა, შესაბამისად, ფასების დესტაბილიზაციას პირველ რიგში მონეტარული გამოხატულება გააჩნია, მაგრამ შინაარსობრივად, ფასების დესტაბილიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია რეალურ ეკონომიკაში არსებულ ისეთ ფუნდამენტურ მაკრო-ცვლადებთან, როგორიც არის „ეროვნული შემოსავალი“, „დასაქმება“ და „ეკონომიკური გამოშვება“. შესაბამისად, თუ ვამბობთ, რომ ფასების სტაბილიზაცია უშუალოდ აირეკლავს რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ეკონომიკური ცვლადების დინამიკას და ურთიერთ-მიმართებას, ცხადია ეს, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ

ფასების დესტაბილიზაცია’ არა უბრალოდ რეალური ეკონომიკიდან იზოლირებული „მონეტარული“ მოვლენაა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზები, სწორედ რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე მადესტაბილიზირებელი მოვლენებია.

ამიტომ, მოწინააღმდეგე მხარის დაკვირვების საწინააღმდეგოდ, ჩვენი თეზისი გულისხმობს იმას, რომ შინაარსობრივად „ინფლაცია ყველგან და ყოველთვის არ არის უბრალოდ მონეტარული ფენომენი“ და მასზე გავლენის მოხდენა არა მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის, არამედ უპირველესად ფისკალური პოლიტიკის საშუალებით არის შესაძლებელი.

უფრო მეტიც, თუ მონეტარული პოლიტიკის სამიზნე არ იქნება ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის მაკროეკონომიკური მოვლენები, როგორიც არის მაგალითად „დასაქმება/უმუშევრობა“, ესეიგი ის, რაც რეალურ ეკონომიკაში ეროვნული შემოსავლის ფორმირებასა და განაწილებაზე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს, მაშინ ბუნებრივია, ისეთი მონეტარული პოლიტიკა, რომლის ანალიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩო-მოდელი ამაზე უშუალო გავლენის მოხდენას გამორიცხავს, ის ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ვერც ფასების სტაბილიზაციაზე.

ყოველივე ზემოხსენებული რომ შევაჯამოთ, ესეიგი ნებისმიერ მაკროეკონომიკურ ინსტიტუტს, მაკროეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში, ესაჭიროება მაკრო-ცვლადებს შორის ურთიერთ-მიმართებების ადეკვატური აღქმა. საქმეც იმაშია, რომ მთელი მაკროეკონომიკური თეორიის განვითარების ისტორია, არის მუდმივი იდეოლოგიური ბრძოლა იმის შესახებ, თუ რომელი იდეოლოგიური სათვალე (თეორიული ჩარჩო) უფრო უკეთესად ხსნის კაპიტალისტურ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტურ მოვლენებს.

სწორედ ამ ფუნქციას ატარებს ე.წ. „ახალი კეინსიანური“ DSGE მაკროეკონომიკური მოდელი, როგორც ეროვნული ბანკის ანალიტიკური სისტემის მთავარი თეორიული ჩარჩო. ეს მოდელი ასრულებს „საგზაო რუკის“ ფუნქციას. ეროვნული ბანკი სწორედ ამ მოდელში გახედვით უყურებს „საგზაო ნიშნებს“ და სწორედ ამ „საგზაო ნიშნების“ მიხედვით იღებს ის გადაწყვეტილებებს. თუ მაკროეკონომიკურ დისკუსიაში მონაწილე მხარეს სერიოზულად უნდა რომ გააკრიტიკოს ეროვნული ბანკი, ამისთვის საკმარისი არ არის ისეთი კრიტიკა, როგორიცაა მაგალითად ის, თუ რატომ ვერ მართავს ეროვნული ბანკი ინფლაციას, რომელზეც მართალია რომ ის კონსტიტუციურად არის პასუხისმგებელი. მაგრამ, თუ ვინმე ეთანხმება იმას, რომ ამ მაკრო-იდეოლოგიური სათვალიდან აღქმული „საგზაო ნიშნები“ სწორია, რითიც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს, მაშინ ეროვნული ბანკის მაკრიტიკებელი ექსპერტის კრიტიკის ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ ეროვნული ბანკი კომპეტენციის ნაკლებობის გამო ამ სწორი „საგზაო ნიშნებით“ ვერ ხელმძღვანელობს. „დამსვით საჭესთან მე, და მე უკეთესად ვიხელმძღვანელებ ამ საგზაო ნიშნებით“ – ეს შინაარსი იქნება ამგვარი კრიტიკის ერთადერთი რეალური არსი.

საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში, მთავარი მიზეზი თუ რატომაც ხშირად ვერ ახერხებს ეროვნული ბანკი ინფლაციის ზუსტ პროგნოზს, მდგომარეობს არა იმაში, რომ მას კომპეტენციის პრობლემა აქვს მიჰყვეს საკუთარი ნეოლიბერალური იდეოლოგიური ჩარჩოდან ნაკარნახევ ეკონომიკის „საგზაო ნიშნებს“ და სწორად გააკვლიოს გზა კაპიტალისტური ეკონომიკის ქაოსში, რომ მას მაგალითად მათემატიკური გამოთვლების და პროგნოზირების ანალიტიკურ სისტემაში აქვს რაიმე ტიპის ჩავარდნა, (ნუთუ მართლა ვინმეს ამის სჯერა, რომ სახლში „კალკულატორზე“ მთვლელი ექსპერტი ოდესმე გამოთვლებში აჯობებს „კომპიუტერული გამოთვლებით“ და ხშირად, საპროგნოზო გამოთვლებისას ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამომყენებელ სტრუქტურებს? ვინმეს ამის მართლა სჯერა?), არამედ მთელი პრობლემაც იმაშია, რომ ამ მაკრო-იდეოლოგიური თეორიული ჩარჩოდან ნაკარნახევი „საგზაო ნიშნები“ არის მცდარი და ხშირად შეცდომაში შემყვანი, რამეთუ ეს „საგზაო ნიშნები“ დაფუძნებულია ეკონომიკაში ადამიანების ქცევის და საბაზრო ეკონომიკის ისეთ „რაციონალურ“ ურთიერთ-მიმართებაზე (Representative Agent-ზე), რომელიც უბრალოდ არარეალურია.

მაშასადამე, ჩვენი მსჯელობიდან რა გამოდის?

თუ ჩვენ ადამიანების ქცევასა და საბაზრო სისტემის ურთიერთ-მიმართებაზე გვექნება არასწორი წარმოდგენა, მაშინ შევძლებთ ამ არასწორ წარმოდგენებსა და დაშვებებზე შექმნილი თუნდაც ურთულესი და დახვეწილი მათემატიკური ფორმულებით, განტოლებებით და თუნდაც მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით, რეალურ ეკონომიკაში არსებული რეალური ადამიანების და რეალური ფირმების ქცევის წინასწარ პროგნოზს?

ცხადია, ეს კითხვა რიტორიკულია.

ესეიგი, სინამდვილეში მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა ლამის წინასწარ ვერასდროს ვერ „გამოიცნო“ ინფლაცია (რომელიც კონსტიტუციურად მთავარ მონეტარულ ამოცანად დაუსახეს მას და მალე მიხვდებით, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან ის თავის დროზე ნეოლიბერალური იდეოლოგიის კონსტიტუციაში გაბატონების და ჩაბეტონების ერთ-ერთ ცენტრალურ განშტოებას წარმოადგენდა), არამედ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთადერთ მთავარ მიზნად სწორედ ისეთი რამის „წინასწარმატყველებაა“, რომელიც უბრალოდ მას არ შეუძლია.

რომ განვმარტო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობა არ უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ის მას ვერ მიაღწევს თუ მის პასუხისმგებლობაში არ იქნება ეკონომიკის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის მაკროეკონომიკური ამოცანაც, როგორიც არის “დასაქმების”/„უმუშევრობის“ სამიზნე დონეზე გავლენის მოხდენა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ესეც არ არის საკმარისი მიღწეულ იქნას ფასების სტაბილურობა, რამეთუ ფასების სტაბილურობა შეუძლებელია მიღწეულ იქნას შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის გარეშე, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ეკონომიკის მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევას: ‘დასაქმების’ სტაბილიზაციას.

მაშასადამე, ახლა ჩვენ ფუნდამენტურად განსხვავებული თეზისი წარმოვადგინეთ:

ფასების სტაბილურობა’ ვერ მიიღწევა მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტის გამოყენებით. შესაბამისად, კონსტიტუციასთან კი არა, „მამა-ზეციერთანაც“ რომ იჩივლოს ვინმემ, თუ რატომ ვერ ახერხებს მაკროეკონომიკური მონეტარული ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის კონტროლს, დამიჯერეთ „მამა-ზეციერიც“ კი მხრებს აიჩეჩავს.

 

მაკრო-მოდელის არსი

რისი ახსნა უნდა შეეძლოს ადეკვატურ მაკროეკონომიკურ თეორიას?

ნებისმიერი მაკროეკონომიკური თეორია უნდა დაგვეხმაროს გავიგოთ რეალური სამყარო და მოგვაწოდოს ისტორიული მოვლენების ახსნა და გონივრული პროგნოზები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს დასახული პოლიტიკის გატარების შედეგად, მაგალითად, პოლიტიკის პარამეტრების ცვლილებების შედეგად.

თეორიული ჩარჩო-მოდელი არ ექვემდებარება მისი პროგნოზირების უნარის აბსოლუტურ სიზუსტეს, რადგან პროგნოზირების შეცდომები ყოველთვის გამომდინარეობს უცნობი მომავლის შესახებ რეალობიდან. თუმცა, პროგნოზირების სისტემატური შეცდომები მიუთითებს იმაზე, რომ მაკროეკონომიკური თეორია სერიოზულად არასრულყოფილი, ხარვეზიანი და არა-ადეკვატურია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეკონომიკური მეცნიერება სოციალური მეცნიერების ნაწილია და ის ზუსტი მეცნიერება არ არის. სოციალური მეცნიერებებისგან განსხვავებით, ზუსტ მეცნიერებებში ცოდნა მიიღება ექსპერიმენტებით. მაგალითად, ზუსტ მეცნიერებებში სავსებით შესაძლებელია წარმოდგენილი მეცნიერული ჰიპოთეზები შემოწმდეს ლაბორატორიაში, კონკრეტულ პირობებში. მაგალითად, სრულიად შესაძლებელია კომპიუტერულ სიმულაციებზე დაყრდნობით, ზუსტად აღვწეროთ თუ როგორ შეუძლია ახალი თვითმფრინავის ძრავას იმუშაოს რეალურ სამყაროში და წინასწარ შემოწმდეს თუ როგორ შეიძლება მის დიზაინში არსებულმა ცვლილებებმა გავლენა იქონიოს რეალურ სამყაროში მის ფუნქციონირებაზე.

ზუსტ მეცნიერებათა სამყაროში, თუ რეალური სამყარო რთულია, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გარკვეული ცვლადების უცვლელად შენარჩუნება და ერთი ცვლადის ეფექტის იზოლირება მეორეზე. და თუ ერთი ექსპერიმენტი ჩაფლავდება, ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ის რამდენჯერაც საჭიროა, სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგებს.

თუმცა, სოციალურ მეცნიერებებში, და მათ შორის ეკონომიკაში, ამის გაკეთება საერთოდ შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი რეალური სამყაროს პირობების აღდგენა ლაბორატორიაში, როგორიცაა „შრომის ბაზარი“ ან „საბანკო სისტემა“, ჰიპოთეზის (მაკრო-მოდელის) შესამოწმებლად. ასევე, ჩვენ, არ შეგვიძლია უბრალოდ უცვლელად შევინარჩუნოთ რეალური სამყაროს გარკვეული ცვლადები, რათა გავზომოთ ერთი ცვლადის კონკრეტული ეფექტი ეკონომიკაზე – რასაც ეკონომისტები უწოდებენ ceteris paribus მდგომარეობას, რაც ითარგმნება როგორც “ყველა სხვა თანაბარ პირობებში”. რეალური სამყარო ძალიან რთულია. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთდროულად ხდება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩავატაროთ ტესტები ან გამოვიყენოთ მოდელები ჩვენი ცოდნის გასაუმჯობესებლად და იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკური სისტემები. თუმცა, ეკონომიკაში საზოგადოებები და ბაზრები მუდმივად იცვლება. დღევანდელი ინსტიტუტები, მაგალითად მთავრობები, ან გნებავთ პროფკავშირები და ბიზნეს საწარმოები, არ ჰგვანან იმას, როგორებიც ადრე იყვნენ. მაგალითად, დღეს, საბანკო სისტემა ძალიან განსხვავებულად მუშაობს, ვიდრე წარსულში.

ამიტომ, მაკრო-მოდელები, რომელიც შესაძლოა აქტუალური ყოფილიყო ადრე, ის ვერ იქნება ადეკვატური დღევანდელ ინსტიტუციურად განსხვავებულ „საბაზრო ეკონომიკის“ შიგნით არსებული ურთიერთ-მიმართებების აღსაწერად. ჩვენ ამას თვალსაჩინოდ დავინახავთ მაშინ, როდესაც ვანახებთ, რომ „ნეო-კლასიკური“ ეკონომიკური სწავლება და მოდელი, ცდილობს თანამედროვე მონეტარული ეკონომიკის „ზოგადი წონასწორობის“ დასაბუთებას „კლასიკური ეკონომიკის“ მცდარი იდეოლოგიური ვარაუდების საფუძველზე. ნეო-კლასიკური მოდელი ცდილობს ფირმებისა და ინდივიდების მოლოდინების მართვას, კლასიკური მიკრო ტრუიზმების ლოგიკაზე აგებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით.

ეს დაკვირვებები მნიშვნელოვანია ამა თუ იმ მაკრო მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ცხადია, მოდელები უნდა ასახავდეს თუ როგორ ვითარდება და იცვლება ბაზრები დროთა განმავლობაში. მაგრამ, უნდა ვიკითხოთ, რამდენად ასახავს მოდელის საფუძველმდებარე ვარაუდები, რომელზეც ეს მაკრო მოდელია აგებული, რეალურ სამყაროს? ან, რამდენად მნიშვნელოვანია ის ცვლადები, რომლებსაც ეს მაკრო მოდელი გამორიცხავს? შეცვლის თუ არა მათი მოდელში ინკორპორირება საბოლოო დასკვნებს და თუ კი, როგორ და რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული შენიშვნები საკითხით დაინტერესებული არაეკონომისტი მკითხველისთვის შეიძლება ლოგიკურად და გონივრულად სჩანდეს, სინამდვილეში დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელების და ნეოლიბერალი ეკონომისტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იზიარებს მას.

რა მოხდება, როდესაც რეალური სამყარო არ იქცევა ისე, როგორც თეორიები წინასწარმეტყველებენ? რისი ბრალია? ფიზიკაში, როდესაც რეალური სამყარო არ შეესაბამება თეორიას, თეორია შეფასებულია, როგორც არასწორი და საბოლოოდ იცვლება. ასე მოუვიდა, მოსაზრებას, რომ დედამიწა ბრტყელია, ან რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. ეკონომიკაში ნეოლიბერალი და ლიბერტარიანელი კონომისტები არ მიჰყვებიან მეცნიერული მიდგომის მთავარ წესს: მიუხედავად მათი თეორიისა და პოლიტიკის მრავალჯერ წარუმატებლობისა, მათ მაინც სჯერათ, რომ მათი თეორიები სწორია. იდეა, რომ მათი თეორიული მოდელები შეიძლება იყოს არასწორი, უბრალოდ არ არის დაშვებული მათ გონებაში. ბრიტანელი ეკონომისტის, ჯონ მეინარდ კეინსის შესანიშნავი პასაჟი კარგად ასახავს ამ კომიკურ მდგომარეობას. 1936 წლის თავის მონუმენტურ ნაშრომში “ზოგადი თეორია” (გვ. 16), კეინსმა ჩვენს მიერ აღწერილი ეს კომიკური მდგომარეობა შეადარა

„ევკლიდეს გეომეტრებს არაევკლიდურ სამყაროში, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით აღმოაჩენენ, რომ პარალელური ხაზები ხშირად აშკარად კვეთენ ერთმანეთს, და საყვედურობენ ხაზებს, რომ არ იცავენ პარალელობის წესს“.

რადიკალი ნეოლიბერალი ეკონომისტები რეალურ სამყაროს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ იქცევა ისე, როგორც მათი თეორია პროგნოზირებს…

მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენი წერილის ძირითად ანალიტიკურ ფოკუსს: „ფასების სტაბილურობას“ და კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის მთავარ განმასხვავებელ მდგომარეობას: მონეტარულ ეკონომიკას.

 

კაპიტალისტური ეკონომიკა – ‘მონეტარული/ფულადი ეკონომიკა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია კვლავ გავიმეოროთ, რომ ფასების დესტაბილიზაცია (ინფლაცია/დეფლაცია), არ გახლავთ რეალური ეკონომიკიდან განყენებული და იზოლირებული „მონეტარული მოვლენები“. ფასების დესტაბილიზაცია, პირველ რიგში, დაკავშირებულია რეალურ ეკონომიკაში არსებულ დესტაბილიზაციურ მოვლენებთან, რომლებიც დესტაბილიზაციას განიცდის ან ე.წ. „ეგზოგენური“ (ესეიგი რეალური ეკონომიკის გარედან მომდინარე ფაქტორებისგან), ან ე.წ. „ენდოგენური“ (ესეიგი, კაპიტალისტური, ანუ „ფულადი ეკონომიკის“ წიაღიდან მომდინარე მოვლენებიდან, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის უწონასწორობისკენ მიდრეკილებას).

აქედან გამომდინარეობს ის, რომ ფასების სტაბილურობა/დესტაბილიზაცია ანუ ინფლაცია/დეფლაცია უპირველესად დაკავშირებულია ეროვნულ ეკონომიკაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ერთობლივად შექმნილი ეროვნული შემოსავლის განაწილების პროცესში წარმოქმნილი დაძაბულობისგან, რომელიც „ფულად ეკონომიკაში“ პირველ რიგში სად შეიძლება გამოიხატოს? ცხადია, ფასების დონის ცვლილებაში.

მაშასადამე, თუ ფასების სტაბიულურობა/დესტაბილიზაცია დამოკიდებულია ეკონომიკის სტაბილურობასთან, ეროვნული შემოსავლის განაწილების პროცესთან და მაშასადამე, იმასთან, რაც განაპირობებს ეროვნული შემოსავლის შექმნასა და განაწილებას, ესეიგი მაგალითად „დასაქმების“ მაკროეკონომიკურ ცვლადთან, გამოდის, რომ ფასების სტაბილურობა/დესტაბილიზაციაზე გავლენა შესაძლებელია რეალურ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე ერთობლივი გავლენით. თუ მაკროეკონომიკური ინსტიტუტი საკუთარ სახელმძღვანელო მაკრო-მოდელში საერთოდ არ ითვალისწინებს ასეთ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ცვლადზე გავლენას (მაშასადამე პასუხისმგებლობის აღებას), მაშინ როგორ შეასრულებს ფასების სტაბილურობის ამოცანას, როცა თავად ფასების სტაბილურობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი ცვლადი არ აინტერესებს?

მაშასადამე, თუ ჩვენს სახელმძღვანელო საგზაო რუკაში, დანიშნულების ადგილზე მისასვლელი „საგზაო ნიშნები“ არეულია, დანიშნულის ადგილზე სწორად მივალთ? ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევითობის პრინციპით გაგვიმართლებს. მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად გამართლებულია მთლიანი ეკონომიკის ბედი, – რომელშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენ, მივანდოთ ისეთი მაკრო-მოდელით ნაკარნახევ პოლიტიკას, რომელიც ამ ადამიანების ბედს შემთხვევითობის ალბათობას აფუძნებს. შემთხვევითობის ალბათობას აფუძნებს იმიტომ, რომ როდესაც ფასების სტაბილურობისთვის მიზნად ისახავ ეკონომიკური აგენტების (ფირმები და ინდივიდები) მომავლის შესახებ მოლოდინების მართვას, თუ ოდესმე გაგიმართლა და ზუსტად გამოიცანი, ესე არა იმიტომ, რომ სწორი ჩარჩო გაქვს, არამედ იმიტომ, რომ შემთხვევით გაგიმართლა.

ჩვენი მსჯელობის გასაგრძელებლად, კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ ახლა უნდა გავაკეთოთ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური განმარტება:

კაპიტალისტური ეკონომიკა, პირველ რიგში, გულისხმობს „მონეტარულ ეკონომიკას“. რაც ნიშნავს იმას, რომ ის უპირველასად „ფულადი“ ეკონომიკაა.

მთელი ამბავიც სწორედ იმაშია, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა უპირველესად არის „ფულადი ეკონომიკა“, რომლის მომავალთან დაკავშირებული ფუნდამენტური მახასიათებელია ‘ფირმებისა’ და ‘შინამეურნეობების’ მომავლის შესახებ მოლოდინებთან დაკავშირებული „გაურკვევლობა“ (uncertainty), რომელზეც რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე მრავალი ეკონომიკური და არა-ეკონომიკური მოვლენა ახდენს გავლენას, შესაბამისად, მისი ზუტი წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომავლის შესახებ მდგომარეობას, უპირველესად ადამიანების მოლოდინების ფორმირება განაპირობებს, შესაბამისად, მაკროეკონომიკური ინსტიტუტების ერთ-ერთი ცენტრალური მიზანიც სწორედ მოლოდინებზე გავლენის მოხდენა უნდა იყოს, მაგრამ ნებისმიერი მაკრო-მოდელი, რომელიც ადამიანების მომავლის შესახებ მოლოდინების წინასწარ პროგნოზზეა აგებული, ის მოდელი არა-ადეკვატური და არა რეალურია, რადგან მომავლის შესახებ მოლოდინების წინასწარი პროგნოზი უბრალოდ შეუძლებელია. და შეუძლებელია იმიტომ, რომ მომავალი მდგომარეობა ყოველთვის განსხვავებულია, ვიდრე ჩვენი პროგნოზი. მომავალი არასდროს არ ჰგავს აწმყოსა და წარსულს, რომელზეც არის აგებული მომავლის შესახებ ჩვენი პროგნოზი.

მომავლის ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც მაკრო-მოდელი აგებულია ისეთ „ეკონომიკურ აგენტზე“ („Representative Agent), რომელიც სრულად რაციონალურია და შესაბამისად, მას შეუძლია აწმყოდან მზერით სრულად გამოიცნოს თუ რა მოხდება მომავალში, რადგან ის მაკროეკონომიკურ სიგნალებზე ყოველთვის რაციონალურად რეაგირებს, ამიტომ თუ ის ყოველთვის რაციონალურად მოახდენს რეაგირებას ეკონომიკურ სიგნალებზე, მაშინ ზუსტად შეგვიძლია მისი მოლოდინების მართვაც.

ვინაიდან და რადგანაც თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკაში მომავლის შესახებ მოლოდინების ფორმირებაზე გავლენას კაპიტალისტური “ფულადი ეკონომიკისთვის” დამახასიათებელი ისეთი ფუნდამენტური მოვლენა ახდენს, როგორიც „გაურკვევლობაა“, მაშინ, ცხადია ადამიანების მომავლის შესახებ მოლოდინები, პირველ რიგში, მიემართება და აისახება რაზე?

რა თქმა უნდა, ფულზე.

ადამიანები ფულთან დამოკიდებულებით გადასცემენ მაკროეკონომიკურ ინსტიტუტებს მომავლის შესახებ მათ მოლოდინებს. შესაბამისად, მაკროეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, რომ ამ ადამიანების მოლოდინებზე იმოქმედოს, ცხადია უნდა იმოქმედოს ფულის ფასზე და ფულად აგრეგატებზე – მაშასადამე, საპროცენტო განაკვეთზე. ესეიგი, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი (ცენტრალური ბანკი), რომელიც ეკონომიკაში ფულის ფასზე გავლენას მოახდენს, ცხადია გავლენას მოახდენს ადამიანების მოლოდინებზეც. ეს ნამდვილად ასეა. მაშინ, დაკვირვებული მკითხველი ნამდვილად იკითხავს, თუ რაღატო ვაკრიტიკებთ ეროვნულ ბანკს? ისიც ხომ სწორედ ამას აკეთებს?

ახლა, უნდა დავსვათ პირველი ცენტრალური კითხვა:

თავად „ფულის“ ცვლილება რამდენად ახდენს გავლენას ისეთ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე, რომლებიც ეროვნული შემოსავლის დონის განსაზღვრაში ცენტრალურ ფაქტორს ასრულებს?

ამას იმიტომ აქვს ცენტრალური მნიშვნელობა, რომ თუ ფასების სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკის გამოშვებასთან და ეროვნული შემოსავლის განაწილების პროცესში წარმოქმნილ დაძაბულობასთან, რომელსაც ეკონომიკური ჯგუფები, რომლებსაც გამოხატავს ისეთი მაკრო-ეკონომიკური ცნებები როგორიც არის ხელფასი, მოგება და პროცენტი, და ამ ცნებების გამომხატველი სოციალური კლასები ამ დაძაბულობით შექმნილი ტვირთის მეორე მხარეზე დაკისრებას ცდილობენ, რაც პირდაპირ ნიშნავს რამდენიმე ფუნდამენტური ფასის ცვლილებას: ხელფასის (სამუშაო ძალის ფასის), საპროცენტო განაკვეთის (ფულის ფასის) და მოგების (კაპიტალზე უკუგება, ანუ კაპიტალის ფასი), მაშასადამე ეკონომიკაში “ფუნდამენტური ფასების” დესტაბილიზაციას.

ესეიგი, ეკონომიკაში ფულის ფასზე გავლენის მომხდენ მაკროეკონომიკურ ინსტიტუტს, ფუნდამენტური წარმოდგენა უნდა ქონდეს „ფული“ არის თუ არა ნეიტრალური ფაქტორი. თუ ნეიტრალური ფაქტორია და ეკონომიკურ გამოშვებაზე, და მაშასადამე დასაქმებაზე, არ აქვს გავლენა, მაშინ ცხადია მას სჯერა, რომ მხოლოდ ფულის ფასზე (საპროცენტო განაკვეთზე) გავლენის მოხდენით, ის შეძლებს ეკონომიკური აგენტების მოლოდინებზე გავლენის მოხდენას.

მაგრამ, თუ ფული ნეიტრალური არ არის? და თუ ფულს აქვს გავლენა ეკონომიკურ გამოშვებასა და დასაქმებაზე (როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში)? მაშინ, თუ მონეტარულ მაკროეკონომიკურ ინსტიტუტს (ცენტრალურ ბანკს) საერთოდ არ აინტერესებს ისეთი მაკროეკონომიკური ცვლადი, როგორიც უმუშევრობაა, ან ეკონომიკური გამოშვება, და მიზნად არ ისახავს რომელიმე მათგანზე გავლენის მოხდენას, ესეიგი სინამდვილეში ის საერთოდ მოკლებულია შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს იმ ფაქტორებზე, რომელიც ფასების სტაბილურობას პირდაპირ განსაზღვრავს.

მაშასადამე, ჩვენს მსჯელობაში კიდევ ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი გამოიკვეთა. თუ „ფული“ არა-ნეიტრალური ფაქტორია და პირდაპირ გავლენა აქვს იმ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავენ ფუნდამენტური ფასების სტაბილურობა/არასტაბილურობას, და ამავე დროს, მომავალი ყოველთვის „გაურკვეველია“, შესაბამისად, გვჯერა, რომ მაკრო-მოდელი „ფულის“ არანეიტრალურობას და „გაურკვევლობას“ აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რადგან ის უბრალოდ კაპიტალისტური ეკონომიკის ორგანული და შინაგანად დამახასიათებელი თვისებაა, მაშინ ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დასკვნას ვაკეთებთ:

მხოლოდ „ფულის ფასზე“ (საპროცენტო განაკვეთზე) გავლენის მოხდენა აღარაა საკმარისი ინსტრუმენტი ეკონომიკაში ფასების სტაბილურობისთვის, და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფისკალურ პოლიტიკასაც.

აქედან გავდივართ დასკვნაზე, რომ ეკონომიკაში, რომელშიც მომავლის შესახებ ყოველთვის  (i)„გაურკვევლობაა“, – რადგან არასდროს ზუსტად არ ვიცით რა იქნება მომავალში, არ ვიცით იმიტომ, რომ ამის ცოდნა უბრალოდ შეუძლებელია, არ ვიცით იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის „რაციონალურ“ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, უფრო მეტიც, ისინი უფრო ხშირად არა-რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ან მხოლოდ საბაზრო ძალების სტიმულებზე არ რეაგირებენ, არამედ უამრავი სხვა ფაქტორია, რომელზეც უფრო მეტად რეაგირებენ, შესაბამისად, შეუძლებელია მათი მომავლის შესახებ მოლოდინების მხოლოდ „საპროცენტო განაკვეთებზე“ გავლენის მოხდენით მართვა, – და (ii) „ფული“ არანეიტრალური ფაქტორია, მაშინ ფასების სტაბილურობისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკაში დასაქმების სტაბილიზაციას, ეროვნული შემოსავლის განაწილების სტაბილიზაციას, რადგან ერთის მხრივ, ამით გავლენას ვახდენთ ფასების სტაბილურობაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენგან დამოუკიდებელი „ეგზოგენური შოკებით“ გამოწვეული ინფლაციის შემთხვევაში, მოსახლეობას ვაზღვევთ სოციალური დესტაბილიზაციისგან.

 

წერილის II ნაწილის შეჯამება

წერილის II ნაწილში განვითარებულ მსჯელობაში, ჩვენ შევეხეთ ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს საბოლოო ჯამში მაკრო-მოდელს, ანუ როგორ ვუყურებთ და ვხსნით ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს.

შესაძლოა, არა-ეკონომისტი მკითხველისთვის ეს ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგან, ერთი შეხედვით, შეიძლება ბუნდოვანი იყოს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ისეთი ცვლადები, რომელსაც რთულია წარმოვიდგინოთ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთზე და მაშასადამე, მთლიან ეკონომიკაზე და საბოლოო ჯამში ფასების სტაბილურობაზე. ამიტომ, წერილის მომავალ ნაწილებში ამაზე მსჯელობას უფრო ღრმად განვავრცობ და ასეთი მკითხველისთვის უფრო და უფრო ცხადი გახდება მსჯელობის არსი.

რომ შევაჯამოთ, ესეიგი მაკროეკონომიკურ ინსტიტუტებს თავიანთი ამოცანების შესასრულებლად, პირველ რიგში, სჭირდებათ ბაზისური წარმოდგენის შექმნა ფუნდამენტური მაკრო ცვლადების ურთიერთ-კავშირის შესახებ: თუ რა ურთიერთმიმართება აქვს

  1. ფულს („ფულად აგრეგატებს“, „ფულის მასას“),
  2. დასაქმებას/უმუშევრობას,
  3. ეკონომიკურ გამოშვებას, (ეროვნულ შემოსავალს) და
  4. ფასებს (ხელფასებს, მოგებას, რენტას და საპროცენტო განაკვეთს).

შესაბამისად, იმისთვის, რომ სრულფასოვანი წარმოდგენა შევიქმნათ კაპიტალისტური მონეტარული ეკონომიკის შესახებ, პირველ რიგში, სულ მცირე ბაზისური წარმოდგენა უნდა გვქონდეს ამ მაკროეკონომიკური ცვლადების შესახებ.

რაც ნიშნავს იმას, რომ გვჭირდება:

  1. სწორი ფულის თეორია:

უნდა გვქონდეს სწორი წარმოდგენა „ფულის მასის“ და უმუშევრობის დონეს, ეკონომიკურ გამოშვებასა და ფასების დონეს შორის კავშირზე.

წარმოიდგინეთ, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს. თუ არასწორი ფულის თეორია გვაქვს, მაშინ მასზე დაფუძნებული მაკრო-მოდელიც აცდენილი იქნება რეალობასთან და მისგან ნაკარნახევი მოძრაობის „საგზაო ნიშნებიც“ შეცდომაში შემყვანი.

„ფულის თეორიამ“ ასევე უნდა აგვიხსნას საპროცენტო განაკვეთების მოძრაობის დინამიკა. ესეიგი უნდა აგვიხსნას „დანაზოგები-ინვესტიციების“ ურთიერთმიმართება. ამაზეც დეტალურად წერილის სხვა ნაწილებში.

  1. დასაქმების თეორია;

უნდა გვქონდეს სწორი წარმოდგენა უმუშევრობაზე. არსებული უმუშევრობის დონე არის „ბუნებრივი უმუშევრობის დონე“, რომლის შესამცირებლად გატარებული აქტიური მაკროეკონომიკური (მონეტარული და ფისკალური) პოლიტიკა დადებითი შედეგის ნაცვლად, ზიანს მოიტანს თუ საქმე გვაქვს ე.წ. „ციკლურ უმუშევრობასთან“, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას გულისხმობს?

ცენტრალური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს იმის ანალიზი თუ რომელი ბაზარი განაპირობებს კაპიტალისტურ ეკონომიკაში დასაქმების დონეს:

შრომის ბაზარი (ესეიგი ხელფასების დონე), თუ

საქონლისა და მომსახურების ბაზარი (ესეიგი, „ეფექტური მოთხოვნა“).

ამას იმიტომ აქვს ცენტრალური მნიშვნელობა, რომ გასაგები იყოს შეუძლია თუ არა კაპიტალისტურ ეკონომიკას „თვითრეგულირება“/ „წონასწორობა“/ “ფასების ავტომატური სტაბილიზაცია”. ამით გავდივართ დასკვნაზე, რომელიც დაგვანახებს სწორია თუ არა ესა თუ ის მაკრო-მოდელი, რომელიც მხოლოდ „ეგზოგენურ“ ფაქტორებს განიხილავს ეკონომიკის დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზებად.

უბრალოდ დაფიქრდით, თუ აღმოვაჩენთ, რომ ეკონომიკა მიდრეკილი არ არის „თვით-რეგულირებისკენ“ / „წონასწორობისკენ“, ანუ წონასწორული ფასების დონის მიღწევისკენ, რა დროსაც ბაზარი თავად აითვისებს პროდუქტიულ რესურსებს, მაშინ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაკრო-მოდელს, რომელსაც სახელში ჰქვია ზოგადი წონასწორობის მოდელი („ახალი კეინსიანური“ DSGE მოდელი განიმარტება როგორც: „დინამიური სტოქასტური /შემთხვევითი/ ზოგადი წინასწორობის“ მოდელი), ხომ ცხადია, რომ უკვე არასწორია? ამაზე დეტალურად წერილის შემდეგ ნაწილებში.

და რაც მთავარია, მოდელის ასაგებად გვჭირდება ასევე

  1. ფასების თეორია

ესეიგი რა იწვევს ფასების მერყეობას: ინფლაციურ წნეხს ან დეფლაციურ წნეხს. „ფულის მასის“ მოცულობა? „მიწოდების შოკი“? „მოთხოვნის შოკი?“

თუ გვჯერა, რომ „ფულის მასა“ იწვევს, ეს გამომდინარეობს ფულის კონკრეტული იდეოლოგიური ინტერპრეტაციიდან, რომელიც „მონეტარიზმის“ სკოლით არის ცნობილი. თუ მაკრო-მოდელი ასეთი ფულის თეორიაზეა აგებული, მაშინ მაკროეკონომიკურმა ინსტიტუტმა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაატაროს: შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი – ე.წ. “Sound Finance” მიდგომა, და გაზარდოს საპროცეტო განაკვეთი, ანუ გააძვიროს ფული – ე.წ. “Austerity”.

მაგრამ, სინამდვილეში თუ ეკონომიკაში, სადაც 20%-იანი უმუშევრობაა და ფული ნეიტრალური ფაქტორი არაა, მაშინ Austerity პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას და მასში მცხოვრებ ადამიანებს. გასწირავს მათ საშინელი ტანჯვისთვის.

ან თუ ინფლაციის მიზეზი მიწოდების შოკია“, მაგრამ მას ვებრძვით ისეთი ფისკალური და მონეტარული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც გამართლებული იქნებოდა მხოლოდ „მოთხოვნის შოკის“ დროს, ეკონომიკას ასევე გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ.

ამ 3 ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ცვლადის ურთიერთმიმართების გასაგებად, უბრალოდ ვერ გვექნება წარმოდგენა კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ.

და რაც მთავარია, როგორც აღვნიშნეთ, კაპიტალისტური ეკონომიკა, პირველ რიგში, „მონეტარული/ფულადი“ ეკონომიკაა და შესაბამისად, ნებისმიერი მაკრო-მოდელი, სადაც „ფულს“ ცენტრალური ადგილი არ უკავია, უბრალოდ მცდარია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი წერილის მომდევნო III ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანია განვმარტოთ თუ რას გულისხმობს „მონეტარული/ფულადი ეკონომიკის“ არსი და რატომ არის ნეოლიბერალურ/ლიბერტარიანულ მაკრო-მოდელებში „ფულის“ როლი გამოტოვებული, რომელიც ეფუძნება ნეოკლასიკური სწავლების მიერ „ფულის“ ფუნდამენტურად არასწორ გააზრებას და შესაბამისად, მცდარ „ფულის თეორიას“.

და შედეგად, თუ „ფულადი ეკონომიკის“ აღსაწერად შექმნილი ნებისმიერი მაკრო-მოდელი რეალურ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე „ფულის“ როლს უგულვებელყოფს, ბუნებრივია ის უგულვებელყოფს რეალობასაც.

ესეიგი, ასეთი მოდელების მიხედვით, თუ თეორია აცდენილია რეალობასთან, მით უარესი რეალობისთვის!

გაგრძელება იხილეთ წერილის III ნაწილში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.