ვირუსი და კაპიტალიზმი

 

ვაჩოვსკების სამეცნიერო ფანტასტიკაში „მატრიცა“, ადამიანების მცირე ჯგუფი ახერხებს თავი დააღწიოს კომპიუტერული მანქანების მონობას და მთელი ძალისხმევით ეწინააღმდეგება მათ ტყვეობაში ხელახლა მოხვედრას. ფილმის ერთ მომენტში კომპიუტერული მანქანები, რომლებიც მატრიცის ვირტუალური რეალობის ფარგლებში ადამიანის ფორმაში ჩნდებიან აგენტი სმიტის სახით, ახერხებენ მორფეუსის გატაცებას. სანამ აგენტი სმიტი სასტიკად დაკითხავს მორფეუსს, იგი მას უხსნის თუ რატომ ურევს ადამიანები მას გულს: „ამ პლანეტაზე მცხოვრები ყველა ცხოველის ინსტიქტია ირგვლივ არსებულ გარემოსთან ბუნებრივ წონასწორობაში ყოფნა, გარდა თქვენი, ადამიანებისა… ამ პლანეტაზე კიდევ ერთი ორგანიზმია, რომელიც თქვენს მსგავსად ამ თვისებას იმეორებს. და იცი რომელია ეს? – ვირუსი!“

ისევე როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა ხშირად წარმოადგენს გარკვეული შთაგონების წყაროს, რათა შევიქმნათ წარმოდგენები თანამედროვე საზოგადოებისა და ეკონომიკის შესახებ, ასევე საინტერესოა გავავლოთ გარკვეული ისტორიული პარალელები თავად კაცობრიობის წარსულთან. მაგალითად, თავის დროზე „ესპანურმა გრიპმა“ თავისი წვლილი შეიტანა თანამედროვე გლობალიზაციის პირველი ტალღის კოლაფსში. დღეს ბევრი კითხულობს, რამდენად რეალურია საუკუნის შემდეგ იგივე გააკეთოს კორონავირუსმა?

კაცობრიობის ისტორია მუდმივი „ტრაგედიების“ ქრონიკაა – ომების, ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკონომიკური კრიზისებიდან გამოწვეული შოკების, რომლებიც ხშირად მთავარი ცვლილებების განმაპირობებელნიც კი გამხდარან. მაგალითად, ინფექციური პანდემიები ყოველთვის ახლო კავშირში იყო ვაჭრობასა და ჯარისკაცების გადაადგილებასთან. შუამდინარეთიდან დაბრუნებული რომაელი ჯარისკაცები, პასუხისმგებელნი იყვნენ ეპიდემიაზე, რომელმაც შეარყია იმპერია ჩვ.წ. მეორე საუკუნეში, ეს ერთერთი იყო იმ პანდემიებიდან, რომელმაც რომის იმპერიის გლობალური დომინაციის დასრულებას შეუწყო ხელი. XIV საუკუნის შავმა ჭირმა, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო, ევროპამდე ჩამოაღწია სავაჭრო გემების მეშვეობით, სადაც ვირუსით დაინფიცირებულმა თაგვებმა მოახდინეს ინფექციის იმპორტი ევროპაში. პირველი კარანტინის კანონი ვენეციაში შემოიღეს, რაც გულისხმობდა 40 დღით უცხოური პორტებიდან მომავალი ყველა გემის შემოსვლასა და ქალაქში საქონლის შემოტანაზე მკაცრი აკრძალვის დაწესებას. სწორედ შავი ჭირის ეპიდემია გახდა ფეოდალური სისტემის რღვევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, იმის გამო, რომ მოსახლეობის მკვეთრმა შემცირებამ ყმათა რაოდენობის რადიკალურად შემცირება გამოიწვია. რადგან ისინი ძირითად სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ, მათი რაოდენობის მკვეთრად შემცირებამ მათი პოზიციები მოეთხოვათ უკეთესი პირობები და ანაზღაურება, უფრო გააძლიერა. ყმებს თავისუფლად შეეძლოთ დაეტოვებინათ ბატონთა მიწები, რათა სამუშაო ძალის დეფიციტის პირობებში უფრო მაღალი ანაზღაურება ეძებნათ სხვა ადგილებში. შედეგად, მიწა, რომელიც ჩვეულებრივ, სიმდიდრის უპირველეს წყაროს წარმოადგენდა, უკვე გამოუსადეგარი გახდა.

მაგრამ (!) შავმა ჭირმა ხელი შეუწყო ფეოდალური სისტემის მოშლას არა მარტო სამუშაო ძალაზე შექმნილი დეფიციტის გამო, არამედ ფართო მასებში ფეოდალური ინსტიტუტების მიმართ სანდოობის დაკარგვის გამოც. სწორედ ეს შიში აიძულებს დღეს სახელმწიფოებს ჩაკეტონ საზღვრები მილიონობით ადამიანისთვის და არ დაუშვან ვირუსის სწრაფად გავრცელება, რომელიც მათ ჯანდაცვის სისტემებს კოლაფსის წინაშე დააყენებს, რაც მათ მიმართ ნდობას კიდევ უფრო გააქრობს.

დღეს კორონავირუსის გლობალური პანდემია დაემთხვა რადიკალურად პოლარიზებულ და მასობრივ სახალხო უკმაყოფილებას წარმომადგენლობითი ინსტიტუტების, მედია ელიტებისა და ფინანსური ოლიგარქების წინააღმდეგ დასავლეთსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტად ახდენს ის გლობალიზაციის სისხლის მიმოქცევის სისტემის პარალიზებას: დრამატულად ამცირებს ფულის, საქონლისა და იაფი მუშახელის საერთაშორისო მიმოქცევას.

ვინაიდან კორონავირუსის (COVID-19) სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ვირუსულ ინფექციებთან შედარებით დაბალია, ამ კუთხით ის, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მსხვერპლის გამომწვევი პანდემია. თუმცა, გამომდინარე მისი სწრაფად გავრცელების უნარით, მან უკვე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა გლობალურ კაპიტალისტურ სისტემაზე უკანასკნელი 70 წლის მანძილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე სისტემები უბრალოდ მზად ვერ აღმოჩნდნენ სწრაფად გამკლავებოდნენ მას. შედეგად, გლობალური ეკონომიკა უბრალოდ უეცრად გაჩერდა ტემპერატურის მატების მოლოდინში.

გლობალური ეკონომიკა: მიწოდების და მოთხოვნის შოკები

გაეროს გენერალური ასამბლეის ძირითადი ორგანოს ვაჭრობისა და განვითარების საკითხებში UNCTAD-ის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული ფინანსური ბაზრების ღირებულების შემცირებითა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული შეფერხება მსოფლიო ეკონომიკას 2 ტრილიონი დოლარის ზარალი დაუჯდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 0,5%-ით მაინც შეძლებს გაზრდას.

დღეს გლობალური ეკონომიკა ორმხრივ შოკს განიცდის: როგორც მიწოდების ჯაჭვის დარღვევას, ასევე მოთხოვნის მკვეთრ ვარდნას: თავდაპირველად, ჩინეთში, ხოლო შემდეგ ევროპასა და ამერიკაში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ქარხნებისა და მასთან დაკავშირებული საწარმოო სივრცეების დახურვამ უეცრად ჩამოშალა მიწოდების ჯაჭვი. მოთხოვნის ვარდნისგან განსხვავებით, რომლის სტიმულირებაც სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვა მექანიზმებით (იქნება ეს დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა, ფულის ბეჭდვა (QE), თუ ფისკალური სტიმული), მიწოდების შოკი ჰგავს ბუნებრივ კატასტროფებს, როგორიც არის მაგალითად, ცუდი მოსავალი, ან თუნდაც ომები. ასეთ დროს, მსოფლიოს ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითება ხდება მაგალითად უზრუნველყოს ხორბლის, მარცვლეულის ან სხვა საჭირო სასაქონლო პროდუქციის წარმოება და გლობალური ბაზრებისთვის მიწოდება, რაც ქმნის დეფიციტს და აძვირებს ფასებს. მოთხოვნის ვარდნისგან გამოწვეული რეცესიისგან განსხვავებით, მიწოდების შოკის დროს სტიმულირების პოლიტიკით სიტუაციის გამოსწორება პრობლემას ვერ მოაგვარებს. დღეს გლობალური ბაზრები ორმხრივი შოკიდან (როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების) გამოწვეულ ჩავარდნას განიცდიან. თუ კომპანია ვერ ყიდის პროდუქტს, რადგან მყიდველი აღარ ყავს (მოთხოვნის შოკი), ეს საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის აქციების ღირებულებას შეამცირებს. ასევე, თუ კომპანია ვერ ყიდის თავის პროდუქციას, რადგან მაგალითად ჩინეთში ის ქარხანა, სადაც ამ პროდუქტის აწყობა ხდება, დაკეტილია (მიწოდების შოკი), ეს ასევე აისახება ამ კომპანიის აქციათა ღირებულების ვარდნაზე. ვირუსული ინფექციით გამოწვეულმა ბიოლოგიურმა კრიზისმა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 30%-ით შეამცირა ფინანსური ბაზრების ღირებულება. 2008 წლის კრიზისის შემდგომ დასავლეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის შედეგად რეკორდულად იაფი სესხებით საფონდო ბირჟებზე გაბერილი აქციათა ფასების წარმოსახვითი სპეკულაციური რეალობა უკვე ოფიციალურად დასრულებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.

ჩინეთი გლობალური მიწოდების ჯაჭვის მთავარი ცენტრია. ჩინურ ქარხნებში იწარმოება ელექტორონული და ფარმაცევტული ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის უდიდესი ნაწილი. მაგალითად, ჩინური საწარმოების გაჩერებამ დიდი დაბრკოლება შეუმქნა სამხრეთ კორეის საავტომობოლო ინდუსტრიას, რომლებსაც თავიანთი წარმოების გარკვეული შუა რგოლების ჩინეთში აუთსორსინგის გამო, შეექმნათ პრობლემები.

ევროპაში, მაგალითად გერმანია, ევროკავშირის ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა და ყველაზე დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე სახელმწიფო დიდი რისკების წინაშეა. ჯერ კიდევ 2019 წელს, გერმანიამ დიდი დარტყმა მიიღო მსოფლიო ვაჭრობის შემცირებითა და ამერიკა ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის შედეგად. გერმანიის ინდუსტრიული ეკოსისტემა, რომელიც საავტომობილო წარმოების გარშემოა ორგანიზებული, გასულ წელს რეცესიას განიცდიდა. ამ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს ჩინეთის ეკონომიკის რყევები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც თავისთავად იმოქმედებს ჩინეთში გერმანული ექსპორტის წილის შემცირებაზე. ბუნებრივია, გერმანიის ეკონომიკის შემცირება ძლიერ იმოქმედებს იტალიის ავტოინდუსტრიის ექსპორტზე, რომლის მნიშვნელოვანი წილი გერმანიაზე მოდის. იტალიისთვის თებერვლის თვე მე-17 თვე იყო, რაც მისი ინდუსტრიული საქმიანობის ტემპი ზედიზედ დაქვეითებას განიცდის.

ეპიდემიამ იფეთქა ზუსტად იმ დროს, როდესაც წამყვანი კაპიტალისტური ეკონომიკები მნიშვნელოვან სისუსტეს ავლენდნენ და ეკონომისტთა დიდი ნაწილი 2020 წელს რეცესიას ისედაც ელოდებოდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ სანამ პანდემია იფეთქებდა, თითქმის ყველა წამყვანი ეკონომიკის როგორც „გლობალურ ჩრდილოეთში“, ისე „გლობალურ სამხრეთში“, ეკონომიკური აქტივობა მკვეთრი შემცირების ტენდენციას ამჟღავნებდა. ამერიკის მრეწეველობის ინდექსი, რომელიც ზომას ინდუსტრიული სექტორის აქტივობას და ითვლება ამერიკის ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად, ბოლო 3 წლის მანძილზე შემცირების ტენდენციას აჩვენებდა. იაპონიის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. განვითარებადი ეკონომიკების, ბრაზილიის, მექსიკის, თურქეთის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის ეკონომიკები ფაქტობრივად სტაგნაციაში იყვნენ. ისეთი სწრაფად მზარდი ეკონომიკები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მნიშვნელოვან ვარდნას განიცდიდნენ ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ხოლო, ვირუსის ეპიდემიის შედეგად დროებით დაპაუზებული ჩინეთის ეკონომიკური აქტივობა, დამატებით პრობლემებს არა მხოლოდ მას შეუქმნის, არამედ მლიანად გლობალურ ეკონომიკას, რადგანაც ისედაც შენელებულ გლობალურ ზრდაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის წილი გადამწყვეტია.

COVID-19-ის პანდემია უბრალოდ გარდამტეხი მომენტია, რომელმაც გლობალურ ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი ეფუძნებოდა ერთ მთავარ თეზისს, რომლის გარშემოც იყო აგებული მთელი მისი ეკოსისტემა: სახელმწიფო უნდა შეიზღუდოს, რადგან სახელმწიფო ვალი მთავარი პრობლემაა, ხოლო კერძო კორპორატიული სექტორის ვალები პრობლემას არ წარმოადგენს. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრახი და ჩვენს თვალწინ დღეს დაწყებული კრიზისი აჩვენებს, რომ დღეს მსოფლიო, იმაზე ღრმად არის კერძო კორპორატიულ ვალში ჩაფლული, ვიდრე ეს ბოლო კრიზისის დროს იყო. როდესაც ბიზნესები ფულადი სახსრების მოულოდნელი შეჩერების პერსპექტივას განიცდიან, ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევებში მაინც შედარებით ახალი თაობის კომპანიებია, რომელებსაც ისედაც უჭირდათ არსებული სესხების გადახდა. ამ კლასში შედიან ე.წ. „ზომბები“ – კომპანიები, რომლებსაც ძალიან ცოტა შემოსავალი აქვთ და  სესხებზე პროცენტის გადახდას, ახალი ვალის გამოშვებით ახერხებენ. მაგალითად, ასეთი „ზომბები“ ამჟამად აშშ-ს საფონდო ბირჟების 16%-ს, ხოლო ევროპის 10% შეადგენენ. თუ ეს კომპანიები გაკოტრდნენ, მთ მიჰყვებათ დამატებით სხვა სექტორებიც, რადგან მსგავსი კრიზისი გადამდებია, ეს კი სერიოზულ დარტყმას გულისხმობს არამარტო ეკონომიკისთვის, არამედ თავად კაპიტალისტური გლობალური წესრიგისთვის. მაგალითად, ასეთ კომპანიებს მნიშვნელოვანი წილი უკავიათ აშშ-ის ფიქლის ნავთობის სექტორში, რომელზეც არის დაფუძნებული ტრამპის ამერიკის ეკონომიკის სიძლიერე.

ვირუსმა ითამაშა ერთგვარი გადამწყვეტი როლი. როგორც ეკონომისტმა მაიკლ რობერტსმა აღწერა, ეს ჰგავს ქვიშის მწვერვალს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი ქვიშა ემატება, როგორც რეკორდული ვალები გლობალურ ეკონომიკას. რაღაც მომენტში, ქვიშის მთელი გროვა იმდენად მყიფე ხდება, რომ ქვიშის ერთი მარცვლის ჩამოვარდნაც კი საკმარისია მას მოჰყვეს მთელი სხეულის დიდი ნაწილი, რაც მას არამდგრადს ხდის. პოსტ-კენსიანელი ეკონომისტებისთვის ამას „მინსკის მომენტი“ ეწოდება. მარქსისტული ეკონომიკური ტრადიციისთვის ეს კაპიტალისტური წარმოების წესის პერიოდული არასტაბილურობის გამოვლინებაა, რომელიც დრო და დრო ღრმა კრიზისებით შეგვახსენებს თავს. სხვადასხვა ჰეტეროდოქსული ეკონომიკური აზროვნება ამ პროცესს სხვადსხვა პერსპექტივიდან უყურებს, მაგრამ მთავარი რამ რაშიც ისინი ნეოლიბერალური აზროვნებისგან განსხვავდებიან არის ის, რომ ვირუსი, რომელმაც გაამძაფრა კრიზისი, არ წარმოადგენს სისტემისთვის ეგზოგენურ ფაქტორს. არამედ, თავად კრიზისის სიმძაფრე თავად ამ სისტემის შიგნით არსებული ფუნდამენტური წინააღმდეგობების შედეგია.

კაპიტალიზმის გლობალური კრიზისები ყოველთვის დიდი გარდაქმნების, მანამდე დაფუძნებული პოლიტიკური შეხედულებებისა და სოციალური იერარქიების ტრანსფორმაციის და მეინსტრიმული იდეების გადააზრების მომენტს წარმოადგენს. ასეთი იყო 1848 წელი, კაპიტალიზმის პირველი გლობალური კრიზისის მომენტი, როდესაც პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების რადიკალურად ტრანსფორმაცია მოხდა. ასეთი იყო 1910-იანი წლები, რომელმაც შედეგად პირველი მსოფლიო ომი, რადიკალური პოლიტიკური პარტიების აღზევება და რასაც კარლ პოლანი უწოდებს: ‘დიდი ტრანსფორმაცია’ – საერთაშორისო ოქროს სტანდარტის სისტემის საბოლოოდ დანგრევა გამოიწვია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ძველი ტიპის ე.წ. “Laissez-faire” კაპიტალიზმი. 1930-იანი წლების გლობალურმა კაპიტალისტურმა კრიზისმა და მეორე მსოფლიო ომმა შვა რეგულირებული კაპიტალიზმი, რომლის საერთაშორისო მონეტარულ წესრიგს „ბრეტონ-ვუდსის“ სისტემა განაპირობებდა. ამ ტიპის დასავლური კაპიტალიზმი ამ საზოგადოებებში ერთგვარ კლასობრივ შერიგებაზე, კაპიტალსა და შრომას შორის კომპრომისზე იყო დაფუძნებული, რაც გამოიხატა ძლიერი სოციალური სისტემებისა და შრომითი კანონმდებლობის შექმნაში. ამ პერიოდს ხშირად უწოდებენ კაპიტალიზმის „ოქროს ხანას“, როდესაც ეკონომიკური ზრდაც და სოციალური თანასწორობის ხარისხიც ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციას ასახავდა. 1970-იანებში რიგმა საერთაშორისო ფაქტორებმა, როგორიც იყო ვიეტნამის ომი და ამის შედეგად გაზრდილი ინფლაცია შეერთებულ შტატებში, ისრაელ-არაბული სამყაროს ომმა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის შექმნამ, მათ მიერ ნავთობზე ფასების გაზრდამ და ამის შედეგად დასავლურ ეკონომიკებში წარმოქმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა, კეინსიანური კაპიტალისტური ეკონომიკები სტაგფლაციაში შეიყვანა. სწორედ, მაშინდელი გლობალური კაპიტალიზმის კრიზისის შედეგია თანამედროვე ნეოლიბერალური გლობალური წესრიგი, რომელიც დაფუძნებული იყო „ვაშინგტონის კონსესუსის“ დღის წესრიგზე, რომლის თეორიული სიცოცხლისუნარიანობაც 2008 წელს წარმოქმნილმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ლოგიკურად დაასრულა. 2008 წლის შემდეგ, დასავლურმა ეკონომიკებმა კრიზისიდან გამოსვლა უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის მეშვეობით სცადეს. ბოლო 12 წლის მანძილზე, გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთების შედეგად სისტემაში ჩაშვებული უზარმაზარი რაოდენობის ახალი კრედიტი საბოლოოდ დაილექა არა რეალურ ეკონომიკაში, რასაც უნდა გამოეწვია მოთხოვნის ზრდა, არამედ ძირითადად დაილექა ფინანსურ ბაზრებზე კომპანიების აქციათა ვაჭრობაში, რამაც შედეგად გაბერა ამ კომპანიების აქციათა ფასები, რომელთა სწრაფავ ვარდნას ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალს.

კოლექტიური საფრთხის მომენტებში, ყოველთვის აშკარა ხდება ერთი მთავარი პოლიტიკური არჩევანის შესახებ: ან კაპიტალისტური კლასი ცდილობს, რომ იზოლირდეს ღარიბებისგან და იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ან გააცნობიეროს საზოგადოებად ყოფნის კოლექტიური ინტერესი, რომ ასეთ დროს ყველას საერთო ბედი გვაქვს. როგორც წესი, ისინი ხშირად, ამ შანსს ხელიდან უშვებენ. როგორც ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა შენიშნა, „ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მათ მიერ დაქირავებული მეინსტრიმ მედია და მთავრობები პანდემიაზე საუბრისას ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ სიკვდილიანობის მაჩვენებლების განსხვავებებზე ასაკის მიხედვით, მაგრამ ისინი ძალიან ფრთხილად ერიდებიან კლასობრივ განსხვავებებზე მითითებას, თუ რა გავლენას ახდენს ვირუსის ინფექციური პანდემიის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა ადამიანებზე მათი შემოსავლისა და სიმდიდრის მიხედვით.“

გლობალური კაპიტალიზმი ახლა მორიგ კრიზისს განიცდის, რადგან ის მხოლოდ კერძო მოგებაზე ორიენტირებული სისტემაა, რომელიც მუდმივად ფოკუსირებულია კაპიტალის კერძო ხელში აკუმულირებასა და მუდმივად გამრავლებაზე და არა მსგავსი შემთხვევების წინასწარ პრევენციაზე. კაპიტალიზმის კრიზისი ნიშნავს, არა მარტო ეკონომიკური ზრდის შეწყვეტასა და სტაგნაციას, არამედ გაბატონებული საზოგადოებრივი სტრუქტურის მოშლასა და არსებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას.

***

„ადამიანებს“, აგრძელებს აგენტი სმიტი მორფეუსთან საუბარში, „არ შეუძლიათ რაციონალური წონასწორობის შექმნა გარემოსთან, რადგან თქვენ მუდმივად ახდენთ და ახდენთ გარემოს ექსპლუატაციას მანამ, სანამ არ აითვისებთ უკანასკელ ბუნებრივ რესურსს“. ამ ლოგიკით, ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, სადაც თავად ვართ ვირუსის როლში.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის ის გარემოება, რომ  მეინსტრიმულმა ნეოლიბერალურმა აზროვნებამ ამის გასააზრებლად ძალიან ცუდად მოგვამზადა.

დატოვე კომენტარი