აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 8 ოქტომბრის განცხადებით, ქვეყანამ თურქეთში, სტამბულში მოქმედი საკონსულოს მუშაობა, კერძოდ კი, არამიგრაციული ვიზების გაცემა შეაჩერა. საპასუხოდ, იგივე გადაწყვეტილება მიიღო თურქულმა მხარემ და ვაშინგტონში არსებული მისი საკონსულოს საქმიანობა იმავე ფუნქციით შეამცირა. არამიგრაციული ვიზები მოიცავს ტურისტულ, სამედიცინო, ბიზნეს, დროებით სამუშაოსა და სასწავლო ვიზიტებს.
ამერიკულმა მხარემ მისი გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად თურქეთის მიერ აშშ-ის დიპლომატიური მისიისა და პერსონალის უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაასახელა. აშშ-ის მიერ ვიზების გაცემის შეჩერება თურქული სპეცსამსახურების მიერ გასულ კვირას ამერიკის საკონსულოს თურქი თანამშრომლის დაკავებას მოჰყვა. დაკავებულს ბრალად ჯაშუშობა ედება, რაც აშშ-ში მცხოვრებ, გასული წლის თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ფეთჰულა გიულენის ჯგუფებთან კავშირში გამოიხატება.
ამერიკის საკონსულოს მიერ ვიზების გაცემის შეჩერებამ თურქეთის ეკონომიკაზე მყისიერი ეფექტი იქონია. თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 6.6%-ით გაუფასურდა, თურქულ საფონდო ბირჟებზე აქტივობა შემცირდა, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წილი 11%-ით გაიაფდა.
თურქეთში აშშ-ის მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა ბოლო წლებში ისედაც მცრიდებოდა. თუკი მათი რიცხვი 2015 წელს 88 000-ს სცდებოდა, 2016 წელში იგი მხოლოდ 37 000-ს აღწევდა. აღნიშნული რადიკალური კლება იმ დროს თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა არაერთმა ტერორისტულმა თავდასხმამ განაპირობა. მაგრამ მას შემდეგ თურქეთში ამერიკელ ვიზიტორთა შემცირებას სხვა მიზეზი განსაზღვრავს, რასაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება დაერქვას.
ურთიერთობების გაუარესების ქრონოლოგია
აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გართულება სათავეს 2016 წლის ივლისში თურქეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან იღებს. გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენი და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი მისი ორგანიზაციათა ქსელი ე.წ. ფეტო დაადანაშაულა. გადატრიალების მცდელობის საპასუხოდ, ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას თურქეთში მასობრივი დაკავებების ტალღა მოჰყვა. ტალღაში, როგორც სამხედრო პირები, პოლიციელები და სხვა საჯარო მოხელეები, ასევე მასწავლებელები და ჟურნალისტები მოყვნენ.
თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ფეთჰულა გიულენი და ფეტო ტერორისტებად შერაცხა და ამერიკული მხარისგან გიულენის თურქეთში დაუყოვნებლივ ექსტრადიცია მოითხოვა. აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციამ კონკრეტული ფაქტებისა და სამხილების გარეშე პენსილვანიის შტატში მცხოვრები გიულენის თურქეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ დაიმუქრა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდებოდა თუკი აშშ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა.
ურთიერთობის დაძაბვის პირველი პრაქტიკული გამოხატულება თურქეთის მიერ ინჯირლიკის სამხედრო ბაზისთვის საჰაერო სივრცის დახურვა იყო, რომელმაც ძირითადად, ამერიკული ავიაგამანადგურებლების ოპერაციები სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეზღუდა.
გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში მოღვაწე ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი ფეტოსთან კავშირის მიზეზით დააკავა. ერდოღანმა მისი გათავისუფლება აშშ-სთან სავაჭრო საკითხად აქცია, შესთავაზა რა მან აშშ-ს მისი გიულენში გაცვლა. მიუხედავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მცდელობისა და მოთხოვნისა, ბრანსონი პატიმრობაში დღემდე რჩება.
ერდოღანის მთავრობასა და ობამას ადმინისტრაციას შორის არსებული კონფრონტაციული მდგომარეობის ხარისხი ობამას პრეზიდენტობის ბოლომდე იზრდებოდა. მაგრამ შექმნილი სიტუაციის განელება ვერც დონალდ ტრამპის ამერიკის ხელისუფლებაში მოსვლამ მოახერხა. თებერვლის ბოლოს თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ადანაში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი ჰამზა ულუჯაი, რომელიც 36 წლის განმავლობაში საკონსულოს მთარგმნელი იყო, ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. მართალია, მოგვიანებით ულუჯაი გაათავისუფლეს, მაგრამ თვითონ ფაქტი თურქეთის ანტიამერიკული ქმედებათა ტენდენციის გაგრძელება და ახალი ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი პოლიტიკური სიგნალი იყო.
მაისში თურქეთის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით დონალდ ტრამპს ვაშინგტონში ესტუმრა. ლიდერთა შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე გამოჩნდა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის რადიკალურ ცვლილებას და გადატვირთვას უახლოეს მომავალში ადგილი არ ექნებოდა. მაგრამ ვიზიტისას მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი, რომელმაც შემდგომში ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ერდოღანის პირადმა დაცვამ ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან ქურთი დემონსტრანტები დაარბია და ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით, აგვისტოს ბოლოს ამერიკულმა სასამართლომ მომხდარზე ბრალი ერდოღანის უსაფრთხოების სამსახურს დასდო და პასუხისმგებლობა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ერდოღანის აშშ-ის საწინააღმდეგო რიტორიკა კიდევ უფრო გაამძაფრა. მან მომხდარს სკანდალი უწოდა და აშშ, როგორც ფეტოს, ასევე PKK-ს წევრების შეფარვა-დაცვაში დაადანაშაულა.
უკვე ივლისში თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა Anadolu-მ სირიის ტერიტორიაზე ქურთების კონტროლირებად რეგიონში განთავსებული 10 ამერიკული სამხედრო ბაზის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გასცა. ინფორმაციაში შედიოდა ბაზირებულ ამერიკელ ჯარისკაცთან რაოდენობა და მათი კონკრეტული მდებარეობები. ეს ინფორმაცია კონფიდენციალური და სადაზვერვო ხასიათის იყო და საჯარო გაცხადებას არ ექვემდებარებოდა, რადგან ამერიკელი სამხედროები, როგორც ისლამური სახელმწიფოს, ასევე ასადის რეჟიმის ძალების იერიშების სამიზნე არ გამხდარიყვნენ. პენტაგონმა მაშინდელ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიმართ წუხილი გამოთქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის და მისი მოკავშირის უსაფრთხოებას სათანადოდ არ აფასებს.
გაუარესებული ურთიერთობის მიზეზები
აშშ-სა და თურქეთს შორის მთავარი განხეთქილების საგანი ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადიციაზე ამერიკული უარია. თურქეთის ხელისუფლებისთვის გიულენის არსებობა და მისი საქმიანობა მხოლოდ დისკომფორტს არ წარმოადგენს – გიულენი და ფეტო ერდოღანის ძალაუფლების მთავარი გამომწვევი სუბიექტები არიან.
თურქული საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია, რაც ქვეყანაში აპრილში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართულმა რეფერენდუმმაც აჩვენა. მართველი პოლიტიკური კლასის ძალაუფლების გაზრდას ამომრჩეველთა 51%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 49%-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამჟამად, ხელისუფლების მიზანია გიულენმა და მისმა ორგანიზციულმა ქსელმა, იქნება ეს სასწავლო დაწესებულებები, მედია საშუალებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების მისი მოწინააღმდეგე ნაწილის მობილიზაცია და მასში პროტესტის გენერირება არ მოახდინოს. შესაბამისად, ხელისუფლება ამ სცენარის აღსაკვეთად აქტიურ რეაქციულ თუ რეპრესიულ უსაფრთხოების პოლიტიკას ატარებს.
მხარეებს შორის დაპირისპირების მეორე საგანი სირიის კონფლიქტი, კერძოდ კი სირიაში მოქმედი ქურთული სამხედრო დანაყოფებია. წლების განმავლობაში აშშ და თურქეთის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დასავლური კოალიციის წევრები იყვნენ და მათ საერთო მიზანი ამოძრავებდათ. ბოლოს პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აშშ-მ და თურქეთმაც ასადის რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობა და შემდეგ უკვე სურვილიც დაკარგეს. მათთვის ოპერაციულ დონეზე ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაღა დარჩა. მაგრამ აქ ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი.
ისლამისტური დაჯგუფებების გარდა თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიქვამს სირიაში ქურთულ სახალხო დაცვის შენარეთებს (YPG) და მას თურქული PKK-ს სირიულ დანაყოფად მიიჩნევს. სირიელი ქურთები ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, პრაქტიკულად, სრულ პერიმეტრზე აკონტროლებს. თურქეთის თავსატეხი იმაში მდგომარეობს, რომ სირიელ ქურთების სტრატეგიული მოკავშირე აშშ-ია, რომელიც მათ, როგორც სამხედრო ტექნიკით, ასევე წვრთნითა და აღჭურვით სამოქალაქო ომის დაწყებიდან აქტიურად ეხმარება. თურქული მხარის მრავალჯერ გაჟღერებული მოთხოვნისა, რომ აშშ-მ სირიელ ქურთთა მხარდაჭერა შეწყვიტოს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ეს მოთხოვნები უყურადღებოდ რჩება. თურქეთის ხელისუფლება დაიმუქრა კიდეც, რომ შესაძლოა მან საკუთარი სახმელეთო ოპერაცია დაგეგმოს ქურთი ტერორისტებისგან ქვეყნის სამხრეთ საზღვრის გასაწმენდად.
სახეცვლილი საგარეო კურსი
თურქეთის ევროპული პერსპექტივის განელებამ და ამასთანავე, უკვე აშშ-სთან გამძაფრებულმა ურთიერთობამ, როგორც რიტორიკის, ასევე ქმედებების დონეზე, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა აღმოსავლეთის პოლიტიკის (Ostpolitik) გააქტიურებაზე დააფიქრა. ამ მიმართულებით, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება ისეთი მსხვილი რესურსების და ბაზრის მქონე ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
თვალშისაცემია ბოლო პერიოდში თურქეთ-რუსეთის დაახლოება. ერდოღანი მის რუს კოლეგას მხოლოდ წელს სხვადასხვა ფორმატში უკვე რამდენჯერმე შეხვდა. მაისში ერდოღანი სოჭს, ხოლო სექტემბრის ბოლოს ვალიდმერ პუტინი ანკარას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, კერძდ კი სავაჭრო ბრუნვა იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც იგი 2015 წელს რუსეთის მიერ თურქების მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების გამო თურქეთზე დადებულ ეკონომიკურ ემბარგოდე იყო. ქვეყნები ენერგოსექტორშიც აღრმავებენ კავშირებს, უკვე დაწყებულია გაზსადენ ‘თურქული ნაკადის’ მშენებლობა, რომლის სიგრძე 910 კმ იქნება და ყოველწლიურად 31.5 მ3 გატარებას მოახერხებს. პროექტის ღირებულება 11.4 მილიარდი ევრო იქნება. ამასთანავე, რუსეთი თურქეთში, აქუიუს ატომურ ელექტროსადგურს ექსპლოატაციაში მალე შეიყვანს.
თურქეთმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გზებიც გამონახა. ხელისუფლებამ უკვე გადაიხადარუსეთისგან შეკვეთილი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა S-400-ის ღირებულება. მიუხედავად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობისა, თურქეთმა ეს ნაბიჯი გადადგა და დასავლელი პარტნიორების საჩვენებლად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ იგი დამოუკიდებელი მოთამაშეა და მის სუვერენულობას საერთაშორისო აქტორები ვერ განსაზღვრავენ.
რუსულ-თურქული დაახლოება სირიის კონფლიქტში მათი პოლიტიკური პოზიციების დარეგულირებაშიც გამოიხატება. თურქეთი უკვე მარტივად თანხმდება ასტანის მოლაპარაკებების ფორმატში რუსულ ინიციატივებს და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს და თურქეთს საერთო მიდგომა აღმოაჩნდა სექტემბრის ბოლოს ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მიმართაც. ქვეყნის ლიდერები რეფერენდუმს არალეგალურად თვლიან და რეგიონზე ოფიციალური ბაღდადის სუვერენიტიტს აღიარებენ.
ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმმა თურქეთისა და ირანის ურთიერთობების დათბობაც გამოიწვია. ქვეყნებს საერთო ინტერესი – დამოუკიდებელი ქურთისტანის არარსებობა – აქვთ. აგვისტოში ანკარაში ირანის სამხედრო გენერლის მუჰამედ ბაღერის ისტორიული ვიზიტი შედგა, ხოლო ოქტომბრის დასაწყიში თეირანს ოფიციალური ვიზიტით რეჯებ ტაიპ ერდოღანი ეწვია. ქვეყნის ლიდერებმა სავაჭრო ბრუნვის წლიურ 30 მილიარდ დოლარამდე და თურქეთის მიერ ირანიდან გაზის იმპორტის გაზრდაზეც ისაუბრეს ისაუბრეს. ისტორიულად მეტოქე ქვეყნებს შორის მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საკვანძო საკითხების განხილვა მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც სამომავლოდ რეგიონის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ამასთანავე, ირანი სამომავლოდ ჩინეთის მიერ ინიცირებულ ‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მონაკვეთი იქნება, რომლიდანაც ტვირთებმა ევროპისკენ თურქეთზე უნდა გაიაროს.
დასკვნის მაგიერ
თურქეთსა და აშშ-ს შორის გაუარესებული მდგომარეობა თურქეთის მმართველი ელიტის პოლიტიკური დღის წესრიგის შედეგია. გასული წლების განმავლობაში პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციის პრეზიდენტის ხელში მოქცევამ, რომელიც აპრილის რეფერენდუმმა სამართლებრივად გაამყარა, თურქეთის, როგორც შიდა, ასევე გარე საფრთხეების კარდინალურმა ზრდამ, მისი დასავლელ პარტნიორებთან მთელ რიგ საკითხებში საერთო მიზნების არ ქონამ გამოიწვია ის, რომ თურქეთის ხელისუფლებას სუვერენულობის იდეის გაძლიერებისკენ უბიძგა.
დღეს, ქვეყნის მმართველი ძალა ცდილობს საკუთარი, დამოუკიდებელი შიდა და საგარეო პოლიტიკა გაატაროს, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ თურქეთის ინტერესებს და არ იზიარებს მისი საერთაშორისო პარტნიორების ღირებულებებს, მიზნებსა და სულისკვეთებას. თურქეთის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანაა, რაც მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს; ევროკავშირი კი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული თურქეთის ეკონომიკური განვითარება. ამ მოცემულობაში რამდენ ხანს გასტანს თურქეთის აღმოსავლური პოლიტიკა, რომელიც მისი სტაბილურობის გარანტად ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება, რთულად პროგნოზირებადია.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.