ეროვნული ბანკი, ინფლაცია და ‘დაბნეული’ ექსპერტები: ნაწილი I

წინამდებარე წერილი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. აქ წარმოდგენილია ტექსტის მხოლოდ I ნაწილი – შესავალი.

ნაწილი I – შესავალი

აღნიშნული წერილის pdf ფორმატში გადმოწერა შეგიძლიათ აქ.

ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ სფეროს საგრძნობლად აკლია იმ მაკროეკონომიკური თეორიული ჩარჩოს კრიტიკული ანალიზი, რომელშიც იწარმოება თანამედროვე მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეს არის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

ფისკალური პოლიტიკა განაგებს ეკონომიკაში მთლიანი საბიუჯეტო ხარჯვის დონეს, მაშასადამე ის თავის არსში გულისხმობს საბიუჯეტო დეფიციტის/პროფიციტის პოლიტიკას, ხოლო მონეტარული პოლიტიკა განაგებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მაშასადამე ფულის აგრეგატების მართვას, სავალუტო და ფინანსური სექტორის სტაბილურობას. ფისკალური (საბიუჯეტო) პოლიტიკის უშუალო სამიზნე ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორია, ხოლო მონეტარული პოლიტიკის სამიზნე ეკონომიკის ფინანსური სექტორი და ეკონომიკაში „საპროცენტო განაკვეთებზე“ გავლენის მოხდენით მონეტარულ აგრეგატებზე გავლენის მოხდენაა. ორივე მათგანს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ეკონომიკაში „ეფექტური მოთხოვნის“ ფორმირებაზე. თავის მხრივ, „ეფექტური მოთხოვნა“, რომელიც შედგება რეალური ერთობლივი მოხმარებისა და რეალური ერთობლივი ინვესტიციებისგან, წარმოადგენს კაპიტალისტური ეკონომიკის მამოძრავებელ ძრავას. მაკროეკონომიკურ თეორიაში, ლეგენდარული ბრიტანელი ეკონომისტის, ჯონ მეინარდ კეინსის მიერ, თავის დროზე, „ეფექტური მოთხოვნის“ ცნების შემოტანამ რევოლუცია მოახდინა, საიდანაც წარმოიშვა მაკროეკონომიკური კონტრ-ციკლური პოლიტიკის საჭიროება და მაკროეკონომიკურ თეორიაში, სწორედ „ეფექტური მოთხოვნის“ მართვა განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან მაკროეკონომიკური პოლიტიკის საჭიროებას: უზრუნველჰყოს კაპიტალისტური ეკონომიკის მენეჯმენტი ფისკალური და მონეტარული ჩარევების გზით, კაპიტალისტური ეკონომიკის ციკლურობის გათვალისწინებით.

ჩვენს მიერ I ნაწილის შესავალშივე წარმოდგენელი მნიშვნელოვანი თეზისი, ნეოლიბერალური და ლიბერტარიანული თეორიული ჩარჩოს მქონე ეკონომისტებისთვის პრობლემური და იდეოლოგიურად მიუღებელია, რადგან მათი მაკრო-იდეოლოგიური შეხედულებები ეფუძნება ნეოკლასიკურ სწავლებაში კლასიკური პოლიტეკონომიის ცენტრალურ განსაზღვრებას, ე.წ. „სეის კანონს“ (და ასევე სხვა მრავალ ფუნდამენტურად მცდარ დაშვებას, რომლებსაც წერილის სხვადასხვა ნაწილებში ეტაპობრივად გავშლით, ავხსნით და არგუმენტაციის საფუძველზე უარვყოფთ), რომლის მიხედვითაც მიწოდების მხარე (საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა) განაპირობებს მოთხოვნის მხარეს (საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას), რაც გულისხმობს რწმენას, რომ კაპიტალისტურ ეკონომიკაში არ წარმოიქმნება ჭარბწარმოება (თუ ეკონომიკას ‘მიწოდების’ მხრიდან შევხედავთ) ან მოთხოვნის ნაკლებობა. ეს რწმენა გულისხმობს, რომ საბაზრო ეკონომიკა „თვითრეგულირებადია“ და მიდრეკილია „წონასწორობისკენ“ (ესეიგი, საბაზრო ეკონომიკას თავადვე შეუძლია ეკონომიკაში არსებული პროდუქტიული საზოგადოებრივი რესურსი: წარმოების ფაქტორების პროდუქტიული ათვისება და შესაძლო რეცესიებიდან დამოუკიდებლად გამოსვლა, რაც თავისი არსით, ასევე გულისხმობს რომ ეკონომიკაში არ წარმოიქმნება ე.წ. „ციკლური უმუშევრობა“). შესაბამისად, მათ მაკრო-მოდელში „ეფექტური მოთხოვნის“ ცნება დაქვემდებარებული მაკრო-ეკონომიკური ცვლადია, და არა განმაპირობებელი. ეს რწმენა შეგვიძლია გამოვხატოთ მარტივი მიმართებით, რომ „მიწოდება წარმოქმნის მოთხოვნას (ნეოკლასიკური ხედვა) და არა „მოთხოვნა წარმოქმნის მიწოდებას (კეინსიანური ტრადიცია).

ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, იმისთვის, რომ საკითხით დაინტერესებულმა არაეკონომისტმა მკითხველმა ეკონომიკის შესახებ ამ იდეოლოგიურ ლაბირინთში გზა გაიკვლიოს, მან ფუნდამენტური წარმოდგენა უნდა შეიქმნას კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების ცენტრალურ საკითხზე, რომლის გარშემო პოზიციების სხვადასხვაობა განაპირობებს ამა თუ იმ მაკრო-ეკონომიკური იდეოლოგიური სკოლების შეხედულებებს. ეს ცენტრალური საკითხი გახლავთ შემდეგი:

ინვესტიციები განაპირობებს დანაზოგებსს (კეინსიანური სწავლება) თუ დანაზოგები განაპირობებს ინვესტიციებს? (ნეოკლასიკური სწავლება).

თანამედროვე მაკროეკონომიკურ დებატებში სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ ცენტრალურ წყალგამყოფს, ერთის მხრივ, „ორთოდოქსულ“ (ნეოკლასიკურ) და მეორეს მხრივ, „ჰეტეროდოქსულ“ (კრიტიკულ) მაკროეკონომიკურ ტრადიციებს შორის.

ადამიანებს – რომლებიც კაპიტალისტურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ, იქნება ეს ფასების სტაბილურობა, ეკონომიკური კრიზისების (ბიზნეს ციკლების) გამომწვები მიზეზები, ეკონომიკური ზრდა და ა.შ. – თუ არ აქვთ საფუძვლიანად გააზრებული ‘დანაზოგები-ინვესტიციების’ ურთიერთმიმართება, მათი ეკონომიკის შესახებ მსჯელობა ხარვეზიანია, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს მსჯელობა არ ემყარება გამართულ მაკროეკონომიკურ თეორიულ ჩარჩოს (არც ‘ორთოდოქსების’ შემთხვევაში და არც ‘ჰეტეროდოქსების’ შემთხვევაში).

მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ როგორც შესავალშივე გამოჩნდა, ამ ცენტრალურ საკითხთან (დანაზოგები-ინვესტიციების ურთიერთმიმართება) დაკავშირებით პოზიციები უკვე გაყოფილია: ‘ორთოდოქსულ’ (ნეოკლასიკურ) ტრადიციაში შემავალ ეკონომიკურ სკოლებს სჯერათ, რომ ‘დანაზოგები განაპირობებს ინვესტიციებს’, ხოლო ‘ჰეტეროდოქსულ’ (კრიტიკულ) მაკროეკონომიკურ ტრადიციაში შემავალ სხვადასხვა მაკროეკონომიკურ სკოლებს[1] სჯერათ, რომ ‘ინვესტიციები განაპირობებს დანაზოგებს’.

ვინაიდან და რადგანაც ეს გახლავთ ცენტრალური საკითხი მაკროეკონომიკაში, ამიტომ ბუნებრივია ასეთ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობა „პირადი სურვილების“ და „გემოვნების“ ამბავი არ არის. თუ რომელი მოდელი არის უფრო ადეკვატური კაპიტალისტური ეკონომიკის დახასიათებლად, ეს უნდა გამოჩნდეს ადეკვატურ მაკრო-მოდელში, რომელიც რეალურ სამყაროში, კაპიტალისტურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უფრო საფუძვლიანად ახსნის და უპასუხებს უფრო მეტ კითხვას, ვიდრე გააჩენს.

მაგრამ, იმისთვის, რომ ამ ტიპის დასკვნებამდე გავიდეთ, და ასევე დავასაბუთოთ თუ რატომ არის ეს საკითხი ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელი და ავხსნათ თუ რატომ აქვს ამას კავშირი ისეთ მაკროეკონომიკურ მოვლენასთან, როგორიც არის ფასების სტაბილურობა/დესტაბილიზაცია (ესეიგი ინფლაციური ან დეფლაციური წნეხი ეკონომიკაზე), აქამდე ბუნებრივია შორი გზა გვაქვს გასავლელი და მანამდე უნდა ავაგოთ მრავალი ხიდი, რომ ეს საკითხები ერთმანეთს ნათლად დაუკავშირდეს და მსჯელობა და დასკვნები ცხადი გახდეს.

ამ საკითხების ფუნდამენტური ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკურ პრობლემებს. ძირითადად, ყურადღება ფოკუსირებულია დომინანტურ ნეოკლასიკურ მოდელზე, რომელიც საკუთარ მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს აფუძნებს მიკრო-ეკონომიკურ საფუძვლებს. ძნელად თუ მოიპოვება სერიოზული მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელიც ამ პარადიგმის მიღმა აანალიზებს განვითარებადი ქვეყნის პრობლემას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ჩვენ აქ შეგვიძლია მხოლოდ მთავარი დავასახელოთ: არსებობს მოსაზრება, რომ განვითარებადი ქვეყნები არ განსხვავდებიან განვითარებული ქვეყნებისგან, გარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონის, მთლიანი შიდა პროდუქტისა და სხვა მსგავსი ‘რაოდენობრივი’ მონაცემის მიხედვით, რომ ე.წ. „განვითარებული“ ქვეყანა ე.წ. „განვითარებადი“ ქვეყნის მომავლის სარკისებურ სურათს წარმოადგენს.

სინამდვილეში, „განვითარებადი“ ეკონომიკები „განვითარებული“  ეკონომიკებისგან არა მხოლოდ „რაოდენობრივი“ ფაქტორებით, არამედ „ხარისხობრივი“ ეკონომიკური ფაქტორებითაც განსხვავდებიან, რომელთა იდენტიფიცირება მხოლოდ დომინანტური ნეოკლასიკური თეორიული პარადიგმის მიღმაა შესაძლებელი.

ამის ხაზგასმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მრავალი მაკროეკონომიკური მოვლენის ანალიზისას თუ მხედველობაში არ არის გათვალისწინებული განვითარებადი ეკონომიკის ისეთი „თვისებრივი“ მახასიათებელი, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურის განსხვავებულობიდან მოდის – მაგალითად ეს შეიძლება გულისხმობდეს ეკონომიკის „დოლარიზაციის“ მაჩვენებელს, სავაჭრო კალათის სტრუქტურაში არსებულ მდგომარეობას, საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ან განვითარებადი ეკონომიკის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში პოზიციას ან თუნდაც, „წარსულით განპირობებული ეკონომიკური სტრუქტურის მდგომარეობას“ (‘Path Dependence’), ამ მახასიათებლების მხედველობაში გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ განვითარებადი ეკონომიკებისთვის საჭირო სწორ მაკროეკონომიკურ მოდელზე.

აქვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ დავკარგოთ ამ წერილის მთავარი ფოკუსი – ცენტრალური ბანკი (მონეტარული პოლიტიკის გამომხატველი), ფასების სტაბილურობა[2] (რაც ეროვნული შემოსავლების განაწილების უშუალო გამომხატველი მოვლენაა, რადგან ეროვნული შემოსავლის განაწილებას განაპირობებს ეკონომიკაში არსებული მთავარი ფასები: ხელფასების დონე /სამუშაო ძალის ფასი/, მოგების დონე /კაპიტალის უკუგება, ანუ კაპიტალის ფასი/, საპროცენტო განაკვეთების დონე /ფულის ფასი/) და ექსპერტების ინტერპრეტაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

აქვე მნიშვნელოვანია გავაკეთოთ 2 აუცილებელი განმარტება:

I განმარტება შეეხება წერილის სათაურში გამოყენებულ ტერმინს – „დაბნეული“:

ტერმინი “დაბნეული” არ მიემართება არავის პიროვნულად. არამედ, ის მიემართება კონკრეტული ტიპის “საექსპერტო კულტურას”. ესეიგი ის მიემართება არა პიროვნებებს, არამედ პოზიციებს და ამ პოზიციების შინაარსს. და ამ ტერმინის გამოყენების ერთადერთი მიზანი არის უკიდურესად მცდარი პოზიციების სიმძაფრის წარმოჩენა და არა ვინმეს შეურაცხყოფა. ბუნებრივია, წერილის სხვა ნაწილებში ამას უფრო ნათელს მოვფენთ.

II განმარტება შეეხება ე.წ. „ინტელექტუალური პატიოსნების“ პრინციპის დაცვას.

სანამ რამეზე დავიწყებთ მსჯელობას, იმისთვის, რომ ნებისმიერ ასეთ საკითხზე მსჯელობა და დისკუსია პროდუქტიული და არა-სპეკულაციური იყოს, აუცილებელია, პირველ რიგში, საკუთარ თავს შევახსენო და შემდეგ სხვებს მოვუწოდო, „ინტელექტუალური პატიოსნებისკენ“. ინტელექტუალური პატიოსნება ეს არის მდგომარეობა, როდესაც მაკროეკონომიკური ინტელექტუალური დებატის მონაწილეს ცხადად აქვს გააზრებული, რომ მისი ნებისმიერი ეკონომიკური ინტერპრეტაცია (არ აქვს მნიშვნელობა აქებს თუ აკრიტიკებს კონკრეტულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას), მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული თეორიული და იდეოლოგიური ჩარჩოდან ნაკარნახევი პოზიციაა.

მნიშვნელობა არ აქვს ესა თუ ის “ექსპერტი” ამას ასე მიიჩნევს თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს დისკუსიაში რომელიმე მხარე ამას აცნობიერებს თუ არა. რადგან, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ნებისმიერი ჩვენი ეკონომიკური ინტერპრეტაცია კონკრეტული იდეოლოგიური ჩარჩოთია ნაკარნახევი, ეს მაინც ასეა. ნებისმიერი ეკონომიკური პოზიცია გამოხატავს კონკრეტულ თეორიულ წარმოდგენას, რომელიც იდეოლოგიურია. მიუხედავად იმისა, ამას ვაცნობიერებთ თუ არა. ამიტომ, ეკონომიკურ ინტერპრეტაციებში არ არსებობს არა-იდეოლოგიზირებული „საღი აზრი“, არამედ არსებობს კონკრეტული იდეოლოგიური ინტერპრეტაციები. ისინი, ვინც „საღი აზრის“ პრინციპით საუბრობენ და ამბობენ, რომ დაცლილი არიან ნებისმიერი ღირებულებათა სისტემისგან, მაშასადამე ნებისმიერი იდეოლოგიის გავლენისგან, სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან კონკრეტული იდეოლოგიების ან მიზანმიმართულად ან გაუაზრებლად გამტარნი. როგორც წესი, ამას ხშირად ნეოლიბერალური ეთიკის მატარებელი ადამიანები აკეთებენ. ხშირად გამიზნულად, მაგრამ უფრო ხშირად გაუაზრებლად, რადგან იმდენად ღრმად აქვთ გამჯდარი კონკრეტული ღირებულებრივი და ეთიკური სისტემა, რომ ‘იდეოლოგიურად’ ეჩვენებათ ნებისმიერი სხვა კრიტიკული პოზიცია, ვიდრე საკუთარი პოზიციები.

ადამიანი თუ აცნობიერებს ამას და „ინტელექტუალური პატიოსნების“ პრინციპს იცავს, მაშინ ასეთი ადამიანი ამას ცხადად აჩვენებს ალტერნატიული მოდელის თეორიული არსის აღწერით. თუ გააზრებული აქვს და „საღი აზრის“ პერსპექტივიდან ცდილობს პოზიციონირებას, ის ამას აკეთებს ქულების დასაწერად.

მას შემდეგ, რაც უკვე განვმარტეთ პროდუქტიული ინტელექტუალური დისკუსიისთვის აუცილებელი ეს უმნიშვნელოვანესი 2 წინაპირობა, ამიტომ ახლა შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ: ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ პოპულარულ დისპუტში ფაქტობრივად იშვიათად ან საერთოდ ვერ შევხვდებით იმ მაკროეკონომიკური მოდელის კრიტიკას, რომლის ფარგლებშიც მიიღება მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რომ განვმარტო: ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ სფეროს, მაკროეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი ინდივიდების პიროვნული ლანძღვა/გინება და კრიტიკა კი არ აკლია, არამედ იმ მაკროეკონომიკური მოდელის კრიტიკული გააზრება აკლია, რომლის მიხედვით და რომლის ფარგლებშიც, მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინდივიდები მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესახებ იღებენ გადაწყვეტილებებს.

ესეიგი, საქმე გვაქვს სრულიად არასერიოზულ სიტუაციასთან, სადაც ერთის მხრივ, თავად ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება იყოს  მცდარი და ცუდი შედეგების მომტანი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის გამტარებელი ადამიანები არიან არაკომპეტენტურები იმ მაკრო-მოდელის ცოდნის თვალსაზრისით, რომლის ფარგლებშიც იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს (ცხადია არასდროს არ უნდა გამოირიცხებოდეს ეს ფაქტორიც), არამედ თავად კონკრეტული მაკრო-მოდელი, ესეიგი ის თეორიული ლინზა, რომლითაც აღიწერება კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირება, და რომელიც პოლიტიკის შემქნელებს კარნახობს თუ როგორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ, იყოს ფუნდამენტურად არასწორი, „გაბზარული“ და არასწორ დაშვებებზე აგებული.

შესაბამისად, ამ მაკრო-მოდელის რაც არ უნდა კომპეტენტური და ღრმად განსწავლული ხალხი განაგებდეს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, შედეგი მაინც ყოველთვის არასწორი იქნება (ჩემი აზრით, სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის პრობლემების მთავარ მიზეზს). ესეიგი, ჩვენი მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა პირებმა მათი მაკრო-მოდელის შესახებ ნაკლები იციან (რომ თითქოს საკმარისად გაწვრთნილები არ არიან სახელმძღვანელო ნეოლიბერალური მაკრო-მოდელის ცოდნაში), არამედ ჩვენი მთავარი პრობლემა თავად ეს ნეოლიბერალური მაკრო-მოდელია, რომელსაც სახელმძღვენლოდ იყენებენ ისინი და ეს გახლავთ ახალიკეინსიანური DSGE მოდელი.

თანამედროვე დომინანტური ნეოკლასიკური მაკროეკონომიკური მოდელი, რომელსაც ცენტრალური ბანკები იყენებენ („დინამიური სტოქასტური ზოგადი წონასწორობა“ (DSGE)), წარმოადგენს ძირითად პოლიტიკის ანალიზის ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ეს მოდელი თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკას განიხილავს, როგორც შინაგანად სტაბილურ სისტემას, რომელსაც არ სჭირდება აქტიური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები სისტემაში სტაბილიზაციისა და სრული დასაქმების მისაღწევად, რადგან ამ მაკროეკონომიკური მოდელის მიხედვით, საბაზრო სისტემას თავად შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

მაგრამ, რა ხდის ჩვენს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებას კრიტიკულად არასერიოზულს და კომიკურს?

ჩვენს საჯარო დისკურსს კომიკურს ხდის ის გარემოება, რომ მეორეს მხრივ, საჯარო დისკურსში კრიტიკული აზრის შექმნელებად წარმოდგენელია ეკონომისტი „ექსპერტების“ დიდი ნაწილი (თუმცა, ყველაზე ამას ვერ ვიტყვით), რომელთა ერთადერთ საქმიანობად იქცა „ეკონომიკური ექსპერტიზა“ გაასაღონ ან

  1. პოლიტიკის გამტარებელი ჩინოვნიკების პიროვნულ ლანძღვად, რომ ამ პოლიტიკის შემქნელებს კომპეტენციის ნაკლებობა აქვთ (თუმცა, გაუგებარია რაში: მათემატიკის ცოდნაში? ნეოლიბერალიზმის ცოდნაში? თუ რაში?) და
  2. რომ არა ამ მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლების ეს პიროვნული „არაკომპეტენტურობა“, ზუსტად იგივე ნეოლიბერალურ მაკრო-მოდელში, თავად ეს კრიტიკოსი „ექსპერტები“ უკეთესი პოლიტიკის გამტარებლები იქნებოდნენ.

ფაქტობრივად, ამ „ექსპერტების“ მთელი საქმიანობა არის შემდეგი:

დამნიშნეთ მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად (მონეტარული პოლიტიკა), ან ფინანსთა მინისტრად (ფისკალური პოლიტიკა), და იგივე მაკრომოდელში მე უფრო კარგი შედეგები მექნება.

იმისთვის, რომ თავადვე არ გამოგვივიდეს დისკუსიის დროს ჩვენს მიერ დაწესებული ზემოხსენებული I განმარტების დარღვევა, აუცილებელია მოგვიანებით უფრო ნათლად გამოვკვეთოთ იმ ექსპერტთა პოზიციების არსი, რომელსაც წერილის ამ ნაწილში ვაკრიტიკებთ. იმისთვის, რომ საკითხით დაინტერესებული მკითხველის მიერ ჩემი პოზიცია არ იქნას არასწორად აღქმული, „ინტელექტუალური პატიოსნების“ პრინციპი თავადვე მავალდებულებს, რომ ცხადად გამოკვეთო, რომ თუ ჩვენი კრიტიკის სამიზნე კონკრეტული პოზიციების შინაარსია და არა პიროვნებები, მაშინ ამ პოზიციების შინაარსი ნათლად უნდა გამოვხატოთ, რომელსაც წერილის მომდევნო ნაწილებში ვრცელ დროს დავუთმობთ და დეტალურად განვმარტავთ.

შესაბამისად, მე თავადვე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგე მხარის იდეოლოგიური პოზიციების სწორად, ნათლად და გასაგებად გამოხატვაზე, და მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადო ამ პოზიციების კრიტიკა. სწორედ ასეთი მიდგომა წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს, განსხვავებულ პოზიციებს შორის  დისკუსიამ გადალახოს პიროვნული დაპირისპირების ხასიათი და გადაიზარდოს უფრო მნიშვნელოვანში და არსებითში: ინტელექტუალურ პოლემიკაში, რამაც საჯარო დისპუტი ღირებული უნდა გახადოს.

აქვე, მნიშვნელოვანია დავამატოთ ისიც, რომ თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს სერიოზულად ჩაითვალოს ჩვენი კრიტიკული ნააზრევი, მაშინ ასევე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ წარმოვადგინოთ დისკუსიაში მონაწილე მოწინააღმდე მხარის მაკროეკონომიკური მოდელის ალტერნატივა. ესეიგი, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ალტერნატიული მოდელის საჭიროება და არ შეგვიძლია წარმოდგენა შევქმნათ თუ რა უნდა იყოს, ჩვენი აზრით, სწორი მაკროეკონომიკური მოდელის იდეოლოგიური საფუძვლები, მაშინ ჩვენი კრიტიკაც ისეთივე „დამაბნეველი“ იქნება, როგორიც მათი, ვისაც ვაკრიტიკებთ.

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ:

ჩვენი საჯარო დებატების კომიკურობას ამ საჯარო დებატებში არსებული კრიტიკული „ექსპერტიზის“ იდეოლოგიური საფუძველი განაპირობებს. ეს ექსპერტული მოსაზრებები ძირითადად მიემართება პიროვნულ ლანძღვას და პიროვნული კომპეტენციების დაწუნებას და არა უფრო მთავარს: არსებული ნეოლიბერალური მაკრო-მოდელის საფუძვლების კრიტიკას, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელებისთვის გახლავთ სახელმძღვანელო და გზამკვლევი ჩარჩო და რომლის ფარგლებშიც იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს.

ფაქტობრივად, ამით ვამბობთ, რომ ასეთი ‘კრიტიკული’ ‘ექსპერტიზა’ მაკროეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებლებს ადანაშაულებს არასაკმარის ნეოლიბერალიზმში და თავიანთ თავს წარმოგვიდგენენ ზუსტად იგივე ნეოლიბერალური მოდელის უკეთეს გამტარებლებად. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქართულ საჯარო დისკურსში ვერ ნახავთ ერთ აკადემიურ სტატიასაც კი, სადაც ღრმა ცოდნაზე დაფუძნებით მსჯელობა მიდის არსებული მაკრო-მოდელის („ახალი-კეინსიანური“ DSGE მოდელის) არსზე. რაც, ბუნებრივია, ჩვენს მიერ კომიკურად გამოცხადებულ „საექსპერტო კულტურას“ უფრო კომიკურად აქცევს.

აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ კომიკურ სიტუაციაში ეროვნული ბანკი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინსტიტუტი (მონეტარული ხელი), ერთი შეხედვით, ბევრად სერიოზულად გამოიყურება. ისინი არ მსჯელობენ პირადი „სურვილების“ და „შეხედულებების“ მიხედვით. მათ ოფიციალურად გაცხადებული აქვთ თავიანთი ანალიტიკური მართვის სისტემა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ მეინსტრიმულ, დასავლეთში თითქმის ყველა ცენტრალური ბანკის მიერ დანერგილ და ადაპტირებულ მაკროეკონომიკურ/იდეოლოგიურ პოლიტიკის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკა ეყრდნობა არა ეროვნული ბანკის რომელიმე თანამშრომლის ან გნებავთ ხელმძღვანელის პიროვნულ მიმართებებსა და სიმპათიებს, არამედ ნეოლიბერალურ – „ახალი-კეინსიანური“ მაკრო-იდეოლოგიური სახელძღვანელო ჩარჩოს მიერ ნაკარნახევ პოლიტიკას. ამ მაკრო-მოდელში დეტალურად არის გაწერილი რა დროს, რა შესაძლო რისკის დროს, რა შესაძლო ცვლილებების დროს, რა შესაძლო მოულოდნელობის დროს, თუ რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა.

ამ მოცემულობაში ალბათ ხვდებით, თუ რამდენად უფრო სერიოზულ მდგომარეობაში გამოიყურება ეროვნული ბანკის პოზიციები, ვიდრე თავად მისი მაკრიტიკებელი „ექსპერტების“, რომელთა თეორიული და იდეოლოგიური წარმოდგენების და ამ მხრივ, უმეტესი მათგანის კომპეტენციის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით (ცხადია, ვგულისხმობ მათ აკადემიურ კომპეტენციას და არა პოლიტიკურ პოზიციებს).

ყოველშემთხვევაში ამას გვაფიქრებინებს მათი ‘კრიტიკული’ ნააზრევი’ და მათ მიერვე განვითარებული მსჯელობა.

მაგრამ (!), მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი მდგომარეობა ასეთი კომიკურია, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური ბანკის პოზიცია მთლიანობაში სწორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური ბანკი მთლიანობაში მართალია, ან იმას, რომ ის სწორად მართავს ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ვხედავთ რა ცენტრალური ბანკის მიმართ წარმოებულ კრიტიკას, რომელიც დაკავშირებულია „ფულის ბეჭდვასთან“ (“ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს და ამიტომ არის ინფლაცია”), ამ კუთხით, ცენტრალური ბანკის პოზიციები სწორია, რადგან ის გამოხატავს და აკმაყოფილებს საბანკო სექტორის და ეკონომიკაში ფულის წარმოქმნასთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, რომლის გაცნობიერებაც საწინააღმდეგო მხარეს არ უნდა, რადგან ისინი ან იდეოლოგიური პოზიციებით არიან დაბრმავებული და მწყრალად არიან აკადემიურ ცოდნასთან და ვერ აკმაყოფილებენ მაკროეკონომიკის ცოდნასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს, ან უბრალოდ ‘ინტელექტუალური ტერორიზმის“ ტრადიციის მიმდევრები არიან, რომლებსაც ფანატიკური რწმენა აქვთ და უბრალოდ ასე სჯერათ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში ცენტრალური ბანკი მართალია. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ცენტრალური ბანკის თანამშრომლებს კომპეტენციის პრობლემა აქვთ მათემატიკის ცოდნაში, წრფივი ალგებრის ცოდნაში, კალკულუსის ცოდნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად იმ მაკროეკონომიკური მოდელის ცოდნაში, რომელსაც გზამკვლევად იყენებენ, ესეიგი რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ, არამედ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ სწორედ მათი სახელმძღვანელო ნეოლიბერალური მაკრო-მოდელია არასწორი. შესაბამისად, თუ საჯარო დებატები მთლიანად ფოკუსირდება ისეთი ტიპის დისკუსიაზე, რომელიც ახლა ძირითადად არის მიმართული ეროვნული ბანკისადმი, ასეთი დებატების ინტელექტუალური პოტენციალი შორს ვერ წავა და ვერასდროს გავიგებთ ყველაზე მთავარს: რატომ არის მათი მაკრო-მოდელი მცდარი. თუ ცენტრალური ბანკის კრიტიკაში ადგილს დაიკავებს ისეთი ‘კრიტიკული’ მოსაზრებები, რომელიც ბანკომატიდან გამოტანილი „ახალ კუპიურით“ დაასკვნის რომ ცენტრალუმა ბანკმა ფული დაბეჭდა და სწორედ ამის შედეგია ინფლაციაც, მაშინ ვერასდროს გავიგებთ რატომ არის ინფლაცია, რატომ არის მცდარი ეროვნული ბანკის მაკრო-მოდელი. ამით საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგებთ, რადგან საქმე გვაქვს ფანტაზიორებთან და არა საქმეში რეალურად გარკვეულ ადამიანებთან.

იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ტიპის საჯარო დებატების მიერ შექმნილი „ჩაკეტილი წრიდან“, და რეალურად გავაკრიტიკოთ ცენტრალური ბანკი, ამისთვის უნდა აღვწეროთ და გავაკრიტიკოთ ის მაკროეკონომიკური მოდელი, რომელიც ცენტრალურ ბანკს კარნახობს გაატაროს კონკრეტული პოლიტიკები. ეს მაკრო-მოდელი არის რბილად რომ ვთქვათ ‘ხარვეზიანი’ და იდეოლოგიურად არასწორი, რადგან ამ მაკრო-მოდელიდან დანახული კაპიტალისტური ეკონომიკის რეალობა არის მცდარი, „გაბზარული“ და კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ არასწორ დაშვებებზე აგებული, რადგან ეს მოდელი დგას ინდივიდებისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთმიმართების შესახებ ფუნდამენტურად მცდარ დაშვებებსა და წარმოდგენებზე, რომელზე აგებული მათემატიზირებული მოდელი, რაც არ უნდა მეცნიერულად გამართული და სწორი ჩანდეს, ყოველთვის არასწორი იქნება.

 

მაკროეკონომიკის 2 განზომილება

მაკროეკონომიკას აქვს 2 ფუნდამენტური განზომილება:

  1. დესკრიპციული განზომილება კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ. ესეიგი როგორ აღვიქვამთ და აღვწერთ სოციალურ სინამდვილეს. ამისთვის არსებობს სხვადასხვა იდეოლოგიური სკოლები, თეორიული ჩარჩო და მაშასადამე, განსხვავებული მაკროეკონომიკური სათვალე, რომელში გახედვითაც სხვადასხვანაირად აღვიქვამთ რეალობას. ეს გულისხმობს განსხვავებულ ინტელექტუალურ ცნობიერებას კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ.
  2. მაკროეკონომიკის მეორე მხარეა, „policy making”-ი. კონკრეტულად თუ რა მონეტარულ და ფისკალურ ნაბიჯებს ვდგამთ ეკონომიკის სამართავად/სტაბილიზაციისთვის.

თუ ჩვენ არასწორად აღვწერთ ეკონომიკას (პირველი მხარე), ცხადია არასწორი იქნება „policy making”-იც (მეორე მხარე).

სინამდვილეში, ეროვნული ბანკის ფუნდამენტური პრობლემა ის კი არაა, თუ რატომ ‘ვერასდროს’ გამოიცნო მან ინფლაცია, რომ ყოველთვის ამბობს ერთს, რეალურად გვაქვს მეორე, ამბობს რომ იქნება 2% ან 3% (ე.წ. სამიზნე ინფლაცია ), და სინამდვილეში ხან არის 7%, ხან არის 13%, ხან „იმდენი“, ხან „ამდენი“…

სინამდვილეში, მთავარი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მონეტარული პოლიტიკის მთავარი ხედვა გულისხმობს მომავალი ეკონომიკური მდგომარეობის წინასწარ პროგნოზზე დაფუძნებას, იმის ვარაუდს, რომ ადამიანების ქცევას წინასწარ გამოიცნობს, რადგან „რაციონალური მოლოდინების ჰიპოთეზის“ ფარგლებში დარწმუნებულია, რომ საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის ინსტრუმენტით შეუძლია დაეყრდნოს ფირმებისა და ინდივიდების მოლოდინების მართვას, შესაბამისად, მათი ქცევის პროგნოზს და ეკონომიკის ბედიც ამაზე დააფუძნოს.

საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ნეოლიბერალური მიდგომა, რომელიც კონკრეტულად კონკრეტული მაკროეკონომიკური სკოლის, „მონეტარიზმის“ იდეოლოგიური სწავლებაა, რომელიც ნობელიანტი მილტონ ფრიდმანის „ადაპტაციური მოლოდინების“ ჰიპოთეზით თავიდან გაცოცხლდა 1970-იან წლებში, და მისი მოსწავლის, ნობელიანტი რობერტ ლუკასის „რაციონალური მოლოდინების“ ჰიპოთეზით განხორციელებული ‘რაციონალური მოლოდინების რევოლუციით’ საბოლოოდ დამკვიდრდა მეინსტრიმულ ნეოლიბერალურ მაკროეკონომიკურ თეორიაში, მცდარია.

ესეიგი, რომ დავუბრუნდეთ ქართული საჯარო დისპუტის ხასიათს. ცენტრალური ბანკი გააკრიტიკო იმაში თუ რატომ ვერასდროს “დასვა” ინფლაცია სამიზნე დონეზე, არის ‘კომიკური’, რადგან რა ჩარჩოთიც ხელმძღვანელობს ცენტრალური ბანკი, ის ჩარჩოც სწორედ მაგას ეუბნება, რომ მას შეუძლია მართოს “ინფლაცია”.

ესეიგი, ასეთი ‘კრიტიკის’ მთავარი შინაარსი არის თუ რატომ არ არის ცენტრალური ბანკი საკმარისად ნეოლიბერალური, რადგან ასეთი ‘კრიტიკის’ ავტორს თავადაც სჯერა, რომ მხოლოდ ინფლაციის მოლოდინების მართვით, მთლიანი ეკონომიკის მართვა შესაძლებელია და ცენტრალური ბანკი რატომაც ვერ ართმევს ამას თავს, არის პიროვნებების კომპეტენციის პრობლემა და არა თავად ეს არასწორი მაკრო-მოდელი, რომელიც ამბობს რომ ინფლაციური მოლოდინების მართვით ეკონომიკის მართვა შესაძლებელია.

ეს არისჭრელო პეპელა ნურც მოფრინდები ნურც გაფრინდების დონის კრიტიკა ამიტომ, არასერიოზულია.

მაგრამ, თუ ეს ჩარჩო ‘მონეტარიზმია”, მაშინ რა შუაშია „ახალი-კენსიანელობა“, რომელსაც ჩვენი ეროვნული ბანკი იდეოლოგიურად გამოხატავს?

ამის გასარკვევად გეპატიჟებით მაკროეკონომიკური თეორიების ლაბირინთში, რომელზეც ბაზისური წარმოდგენის შექმნა ეკონომიკაზე მსჯელობისას აუცილებელია.

 

წერილის I ნაწილის შეჯამება

ჩემი აზრით, ცენტრალური ბანკი არასწორ „მაკრო-მოდელს“ ეყრდნობა და გასაკვირი არაა, რომ მუდმივად „გარეგან“ და „ეგზოგენურ“ ფაქტორებზე ლაპარაკობს. რადგან ეს მოდელი სწორედ „გარეგან შოკებს“ გულისხმობს (შიდა მიკრო ელემენტების გათვალისწინებით, რაც აქცევს მას “ახალ-კეინსიანელად”).

მაგრამ, იმისთვის რომ ავხსნათ, რატომ არის ცენტრალური ბანკი არასწორი, ამისთვის ალტერნატიული იდეოლოგიური მაკრო-მოდელების შესახებ ბაზისური წარმოდგენა უნდა შევიქმნათ, რაც შევეცდები აღვწერო წერილის შემდგომ ნაწილებში. მანამდე კი, ვფიქრობ, რომ წერილის ამ ნაწილში მთავარი სათქმელი რაც არის, მისი ფუნდამენტურად გააზრება არის ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელი.

ერთი სიტყვით თუ რატომ არის ცენტრალური ბანკის მაკროეკონომიკური მოდელი არასწორი და რატომ ‘ვერასდროს’ ვერ გამოიცნობს ის სამიზნე ინფლაციის დონეს, და რატომ არის შეუძლებელი ფასების სტაბილურობის მართვა მხოლოდ მოლოდინების მართვით, ამის შესახებ მსჯელობას განვავრცობ წერილის შემდეგ ნაწილში.

მანამდე კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ რატომ აქვს სწორ და ადეკვატურ მაკროეკონომიკურ მოდელს, როგორც მაკროეკონომიკური ინსტიტუტების სახელმძღვანელო თეორიულ ჩარჩოს, ცენტრალური მნიშვნელობა კაპიტალისტურ ეკონომიკაში, და შესაბამისად, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ფასების სტაბილურობის მისაღწევად.

ამიტომ, წერილის II ნაწილი შეეხება სწორი მაკრო-მოდელის მნიშვნელობის დასაბუთებას, რაც ლეგიტიმურს გახდის წერილის ამ ნაწილში გამოხატულ პრეტენზიას, რომელიც მიემართება ჩვენს მიერ აღწერილ ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ დისკურსში არსებულ კომიკურ მდგომარებას.

გაგრძელება იხილეთ წერილის II ნაწილში.

[1] მეტი სიცხადისთვის უნდა განვმარტოთ, რომ „ჰეტეროდოქსული“ (კრიტიკული) ეკონომიკური ტრადიცია ძალზედ მრავალფეროვანია, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიეკუთვნებიან ‘კრიტიკულ’ ტრადიციას, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებია. მაგალითად, ფუნდამენტური განხვავებაა ‘კეინსიანურ’ და ‘ავსტრიულ’ ეკონომიკურ სწავლებას შორის. ‘კეინსიანურ’ და ‘მარქსისტულ’ ეკონომიკურ სწავლებას შორის. ‘ავსტრიულ’ და ‘მარქსისტულ’ სწავლებას შორის. მაგალითად, ‘ჰეტეროდოქსულ’ ტრადიციაში შემავალი ‘ავსტრიული’ ეკონომიკური სწავლება 80%-ით უფრო ჰგავს ‘ორთოდოდოქსულ’ ტრადიციაში შემავალ ‘ნეოკლასიკურ’ სწავლებას, ვიდრე ‘ჰეტეროდოქსულ’ ტრადიციაში შემავლ სხვა სკოლებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, ‘ჰეტეროდოქსულ’ ტრადიციაში შემავალი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სკოლები იმიტომ შედიან ‘არა-ორთოდოქსულ’ ტრადიციაში, რომ მათი წარმოდგენა ინდივიდის შესახებ განსხვავებულია ‘ორთოდოქსული’ წარმოდგენისგან, რომელიც ეკონომიკურ აგენტს განიხილავს როგორც სრულად ‘რაციონალურს’, როგორც ე.წ. ‘რობინზონ კრუზოს’.

განმარტება: ტერმინი ‘ჰეტეროდოქსული’ გულისხმობს ‘მრავალფეროვანს’, ‘არა-ორთოდოქსულ’ სწავლებას და გამოხატავს ეკონომიკური აზროვნების ამ ტრადიციაში შემავალ მრავალფეროვან არა-ორთოდუქსულ, მაგრამ ერთმანეთისგან ასევე რადიკალურად განსხვავებულ სკოლებს.

[2] როგორც ტექსტშივეა განმარტებული, ფუნდამენტური ფასები, რომლებიც ეკონომიკაში სიმდიდრის (ეროვნული შემოსავლის) შექმნასა და განაწილებას განაპირობებს გახლავთ ხელფასი (შრომა), მოგება (კაპიტალი), პროცენტი (საპროცენტო განაკვეთი, ანუ ფულის ფასი), რენტა (მიწის ფასი). საბაზრო ეკონომიკაში, ამ ფუნდამენტური ფასების დინამიკას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ‘სამომხმარებლო ფასების’ მერყეობაზე და პირიქით, სამომხმარებლო ფასების მერყეობას ამ ფუნდამენტურ ფასებზე. ამიტომ, რადგან ინფლაცია (სამომხმარებლო ფასები) პირველ რიგში დაკავშირებულია ეროვნული შემოსავლის განაწილების პროცესში, ეროვნული შემოსავლის ცვლილებით გამოწვეული ამ ფუნდამენტური ფასების გამომხატველ სოციალურ ჯგუფებს შორის შექმნილ დაძაბულობასთან, ამიტომ ინფლაციის ანალიზი უპირველესად ამ ფუნდამენტური ფასების დონის დინამიკას უნდა აანალიზებდეს.