2015 წელს, მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყვიტა ევროპული გაერთიანების დატოვება, ბრიუსელის კულუარებში აქტიურად მუსირებს გაერთიანების გაფართოების საკითხი. დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხუთი ქვეყანა ფლობს (სერბეთი, მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი), რომლიდანაც ოთხი დასავლურ ბალკანურია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა საკმარისზე მეტად გაუარესდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ევროპული პერსპექტივიდან სხვაგან მიემართება, გაფართოების მთავარი ორიენტირი მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის მიმართ არის მიმართული.
გასული წლის სექტემბერში ევროპულმა კომისიამ სტრატეგია „ევროკავშირის შესაძლო გაფართოების პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის“ შემუშავება დააანონსა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გაერთიანების მდგომარეობის შესახებ თავის სიტყვით გამოსვლაში დაადასტურა, რომ ბრიუსელის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა გაფართოების საკითხი და სტრატეგიის შემუშავების დაწყება არის ბალკანური ქვეყნებისთვის შეთავაზების გაკეთება და მათთვის ისტორიულ შესაძლებლობათა ფანჯრის გახსნა.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები მხოლოდ ორ ქვეყანას, სერბეთსა და მონტენეგროს აქვს დაწყებული და მიიჩნევა, რომ სწორედ ისინი ფლობენ 2025 წლისთვის გაწევრიანების ყველაზე კარგ შესაძლებლობას. ბრიუსელი მზადაა გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს ალბანეთთან და მაკედონიასთან (ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი ჯერ კიდევ 2009 წელს გაჟღერდა) და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გახსნას ბოსნიასა და კოსოვოსათვის. თუმცა ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირში ინტეგრირებისთვის ჯერ არცერთი ქვეყანა არ არის მზად.
მიღებულ გაფართოების სტრატეგიაში გამოყოფილია მიმართულებები, რომლებზეც ქვეყნებმა უნდა იმუშავონ, რათა წევრობისთვის იყვნენ მზად. პირველ რიგში კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლი და კოპენჰაგენის კრიტერიუმები. სტრატეგიაში ბალკანეთის ქვეყნებისთვის მთავარი კრიტიკული სფეროები ოთხ საკითხად გამოიკვეთა: კანონის უზენაესობა, ეკონომიკა, ორმხრივი დავები ქვეყნებს შორის და ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი არჩევანის სიცხადე.
კანონის უზენაესობის სფეროში ბალკანეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანი პრობლემებია: კორუფცია მმართველობის ყველა დონეზე, ორგანიზებული დანაშაული, კერძო და საჯარო ინტერესების აღრევა, მედიის საქმიანობაში სახელისუფლებო ჩარევა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი.
ეკონომიკის სფეროში გამოკვეთილია პოლიტიკური ჩარევები ბიზნესში, განვითარების პროცესში მყოფი კერძო სექტორი და ზოგადად, არშემდგარი ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა. ასევე, ხაზგასმულია სხვა სტრუქტურული პრობლემებიც, როგორიცაა შრომის ბაზარი და უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგზარდებში.
სტრატეგიაში მითითებულ ორმხრივ დავებში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ევროპული გაერთიანება თავის რიგებში არ მიიღებს იმ ქვეყანას, რომელსაც მეზობელთან სასაზღვრო-ტერიტორიული დავები ექნება. ამგვარ ქვეყნებს ბრიუსელი მოუწოდებს დროულად გამონახონ განსაზღვრული და ურთიერთდამაკავშირებელი გადაწყვეტილებები. უნდა აღინიშნოს ის, რომ ევროკავშირის უკვე წევრ ორ ბალკანურ ქვეყანას, სლოვენიასა და ხორვატიას შორის ახლაც არსებობს სასაზღვრო დავა. ეს დავაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას სლოვენია ბლოკავს.
ბოლო საკითხი ბრიუსელისთვის ერთ-ერთი საკვანძოა. იგი კანდიდატ და გაწევრიანების მსურველ მხარეებს მოუწოდებს, რომ ევროპული გზა უნდა იყოს მათი საზოგადოებების გამოკვეთილი სურვილი და თავად პოლიტიკურ ელიტებშიც არ უნდა არსებობდეს გაურკვევლობა ევროპული პერსპექტივის შესახებ. ეს საკითხი შეგნებულად არის დღის წესრიგში გამოტანილი, რადგან ამ კუთხით ბალკანური ქვეყნები არაერთგვაროვანი და არასტაბილურია. 2017 წლის ბალკანეთის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ევროინტეგრაციის მიმართ ოპტიმიზმი კლებადია და პესიმიზმი მზარდი. მაგრამ განსხვავებებია თვითონ ქვეყნებს შორის მისწრაფებებში. ევროინტეგრაციის მიმართ ყველაზე მაღალი ოპტიმიზმით კოსოვო და ალბანეთი გამოირჩევიან (37% და 35%) და ყველაზე ნაკლებით ბოსნია და სერბეთი (15% და 9%). ამ ქვეყნების მოსახლეობის 28% კი თვლის, რომ ისინი ვერასდროს გახდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. კოსოვოსა და სერბეთის მოსახლეობების განწყობებს შორის ამგვარ რადიკალურ განსხვავებას აქვს საკუთარი მიზეზები. კოსოვო მეტწილადაა დასავლურ ფინანსურ დახმარებებზე დამოკიდებული, ასევე უფრო ხშირია ბიზნესაქტივობები და მიგრაციული კონტაქტები ორ მხარეს შორის. კოსოვოს მსგავსად, სერბეთის ეკონომიკაც მზარდად დამოკიდებული ხდება ევროკავშირზე, მაგრამ პოლიტიკურად პროევროპელობა სერბეთში არაპატრიოტულ პოზიციად აღიქმება და პოპულარობით ჯერ კიდევ არ სარგებლობს.
სტრატეგიაში ბალკანური პრობლემების საპასუხოდ ბრიუსელმა შეიმუშავა დახმარების პაკეტი, რომელიც ექვს წამყვან ინიციატივას ემყარება:
- კანონის უზენაესობის გაძლიერება;
- უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებში ჩართულობა:
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული საქმიანობა, ექსტრემიზმის პრევენცია, ევროპოლის რეგიონში გაძლიერება, მიგრაციის მართვა.
- სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა:
სტარტაპების ხელშეწყობა, უმუშევრობის შემცირება, ფინანსური დახმარება ჯანდაცვისა და განათლების სფეროში – Erasmus+ დაფინანსების გაორმაგება.
- სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება;
- გაციფრულება:
ელექტრონული მმართველობა, როუმინგის ფასების შემცირება;
- შერიგებისა და კარგი მეზობლობის დახმარება:
რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება განათლების, კულტურულ და ახალაგაზრდობის საკითხებში, ბალკანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
ბრიუსელის ამგვარი მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯი დაჩქარებული გაფართოების კუთხით, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ბრექსიტის დასრულების შემდგომ გაერთიანება მისი შიდა ბაზრის მნიშვნელოვან წილს (65 მილიონი მომხმარებელი) დაკარგავს, რაც მის ეკონომიკას გარკვეულწილად შეამცირებს. ამის ნაწილობრივ დასაკომპენსირებლად გაერთიანება შეეცდება დასავლეთ ბალკანეთის კავშირს გარეთ დარჩენილი ექვსივე ქვეყანა მიიღოს, რომელიც ჯამში 20 მილიონიანი ბაზარია, მაგრამ მზარდი ეკონომიკების და შიდა მოთხოვნის მქონე. ამით გაერთიანება შეეცდება საერთაშორისო ასპარეზზეც დარჩეს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ეკონომიკად და უცხოური ინვესტიციებისთვის მოსაზიდ დანიშნულების ადგილად.
ეკონომიკური ფაქტორის გარდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტებიც. ევროგაერთიანება გაფართოების პროცესის დაჩქარებით შეეცდება დაამტკიცოს, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მიმზიდველი გარე სამყაროსთვის. მეორე აღსანიშნავი ასპექტი ევროკავშირის მთავარი ღირსებაა, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორობაში გამოიხტება და რის გამოც ორგანიზაციამ 2012 წელს ნობელი პრემია მიიღო. ბალკანეთის ინტეგრაციით ბრიუსელი შეეცდება მისი ეს მახასიათებელი კიდევ ერთხელ გამოავლინოს და ევროპის კონტინენტზე ყველაზე ტურბულენტური რეგიონის ხანგრძლივვადიან პერიოდში დამშვიდება განაპირობოს. ამ კუთხით ხაზგასასმელია ისიც, რომ ბალკანეთზე გადის ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრანტთა მთავარი მარშრუტი და მის საკუთარ სივრცეში მოქცევით ბრიუსელი მიგრაციული ნაკადების გაკონტროლებას უკეთ მოახერხებს.
მესამე ასპექტი რუსეთისგან მომავალი ევროგაერთიანების დეზინტეგრაციისკენ მიმართული საინფორმაციო პოლიტიკა და საკუთარი გავლენების ზრდის მცდელობაა. ამ კუთხით, ყველაზე მოწყვლადი სწორედ ბალკანური ქვეყნებია. მათი ინტეგრაციით ევროკავშირი შეეცდება მის შუაგულში არსებული სივრცე რუსულ გავლენებს გამოაცალოს და მას დასაყრდენი წაართვას.
ფოტო გარეკანზე: pastemagazine.com
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.