გაიცანით პოლონეთის ახალი პრემიერი - მატეუშ მორავიეცკი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ორწლიანი მმართველობის შემდგომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდვომ თანამდებობა საკუთარი ვადის ამოწურვამდე დატოვა. მისი გადადგომა პოლონეთის მმართველი პარტიის სამართალი და სამართლიანობის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის სურვილს უკავშირდება. პანი შიდვოს თანამედროვე პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოუწია ქვეყნის მართვა, როდესაც პოლონეთს უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა ოფიციალურ ბრიუსელთან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბრიუსელში პოლონეთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება/გაუქმებაზე დაიწყეს საუბარი. ვარშავასა და ბრიუსელს შორის კრიზისი შექმნის მიზეზი კაჩინსკის პოლიტიკური სვლები აღმოჩნდა, რომელიც სახელისუფლებო პარტიის სხვადასხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე – სასამართლო, მედია – გავლენების მოპოვების მცდელობაში გამოიხატა.

ბოლო გამოკითხვებით, ბეატა შიდვო მოსახლეობაში დიდი ნდობით სარგებლობდა და მმართველ პარტიას უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მის ადგილს მალე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მატეუშ მორავიეცკი დაიკავებს.

 

მატეუშ მორავიეცკი

პან მორავიეცკი ანტიკომუნისტი დისიდენტის შვილია, რომელიც წარმატებული ბანკირი, შემდგომ კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი გახდა. მინისტრობისას მან სახელი გაითქვა გადასახადების თავიდან აცილების მსურველ ინდივიდებთან თუ კომპანიებთან ბრძოლით და კეთილდღეობის სახელმწიფოს გაძლიერებით. მისი თქმით, იგი დაუნდობელი მტერია ყველა კრიმინალისა და მაფიოზის, ვინც ცდილობს გადასახადის გადახდას არალეგალური გზებით თავი აარიდოს. ამ პოლიტიკით მორავიეცკიმ მხოლოდ გასულ წელს ბიუჯეტში დამატებით 7.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა.

49 წლის მორავიეცკის ყველაზე დიდი მხარდაჭერა პოლონეთის შედარებით ღარიბ ფენაში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი კოსმოპოლიტური შეხედულებებისაა, იგი ღიად აფიქსირებს მის პატრიოტულ ხედვებს, რომელიც ძირითადად, პოლონეთის კომუნისტური მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაში გამოიხატება. მის ოცნებას ვარშავის ცენტრში სტალინის მიერ აგებული მეცნიერებისა და კულტურის 230 მეტრის სიმაღლის სასახლის დემონტაჟი წარმოადგენს.

მისმა ამგვარმა პოპულარულმა  ხედვებმა თუ გადაწყვეტილებებმა პოლონულ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად განაპირობა მისი პრემიერის პოსტზე შერჩევაც.

90-იან წლებში, მას შემდეგ რაც მორავიეცკიმ ისწავლა ისტორია, ბიზნეს ადმინისტრირება, ევროპული სამართალი და ეკონომიკური ინტეგრაცია, 1998 წელს იგი ბანკირი გახდა. მისი საბანკო კარიერის განმავლობაში მორავიეცკი აპოლიტიკური იყო, მაგრამ მას ბანკირისთვის უჩვეულო რამ ახასიათებდა. მიუხედავად მისი კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებისა, იგი სტეიტისტური ხედვებით გამოირჩეოდა – იგი თვლიდა, რომ ტრანზიციული ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია და იგი მისი სტიმულირებისთვის ხშირად უნდა ჩაერიოს კიდეც.

მორავიეცკის აზრით, კომუნიზმის დაცემის შემდეგ მთავარ შეცდომას წარმოადგენდა ის, რომ მმართველმა ელიტებმა ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფოს როლი მთლიანად გამორიცხეს და ტოტალურ პრივატიზაციას მიჰყვეს ხელი. მსხვილმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოლონეთის საკვანძო სექტორები ჩაიგდეს ხელში და ამ პერიოდში მთელი მათი მოგება ქვეყნის გარეთ გადიოდა.

მორავიეცკი და იაროსლავ კაჩინსკი ერთ ღირებულებათა სისტემას იზიარებენ, რომლის მთავარი პოსტულატებია ეკლესია, ოჯახი და სამშობლო. შესაბამისად, მორავიეცკი მართველი პარტიის ნაციონალისტური და კონსერვატიული იდეოლოგიის მხარდამჭერია. ამ ღირებულებებიდან გამომდინარეობს მორავიეცკის პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვები და ქმედებებიც.

2015 წელს მან პოლონეთის მთავარი ბანკის, Bank Zachodni WBK-ის მართველის პოსტი დატოვა და იაროსლავ კაჩინსკის შეთავაზებას, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულიყო, დათანხმდა. 2016 წელს მან ფინანსთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

მატეუშ მორავიეცკის ეკონომიკური ხედვა „პოლონური ოცნების“ განხოცრიელებაა, რომელიც კეთილდღეობის სახელმწიფოს გაძლიერებას გულისხმობს. „პოლონური ოცნების“ მიხედვით, ყველა პოლონელს ფუნდამენტურ სიკეთეებზე, სამუშაოსა და საცხოვრებელზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა გააჩნდეს. მორავიეცკის ინიციატივა იყო პოპულარული 120 ევროიანი სახელმწიფო დახმარება ბავშვიან ოჯახებზე, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად 19 მილიარდი უჯდება. მისი მინისტრობისას ქვეყანაში გაიზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა და საპენსიო ასაკმა დაიწია.

სახელმწიფო ხარჯებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოხმარება. წელს პოლონეთის ეკონომიკის 4%-ით გაზრდას ვარაუდობენ. ხოლო უმუშევრობა 6.6%-მდეა შემცირებული. ასევე შემცირდა სახელმწიფო ვალი მშპ-სთან შედარებით და ახალ იგი 54%-ს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრობის პერიოდში „მორავიეცკის გეგმის“ ფარგლებში სახელმწიფომ 238 მილიონი ევროს მობილიზება მოახდინა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის. თანხები მობილიზებული იქნა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე ევროკავშირის ფონდებიდან და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკიდან.

1990-იან წლებში პოლონეთის ეკონომიკური ტრანზიციის, ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი მორავიეცკის აკრიტიკებს და მას პოპულიზმში დებს ბრალს. მისი თქმით, მორავიეცკი ეკონომიკის და  ბანკების პოლიტიზირებას ახდენს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს სახელმწიფო ჩარევას ანიჭებს უპირატესობას და სახელმწიფო ხარჯებს არარაციონალურად ხარჯავს.

 

პრემიერის გამოცვლის მიზეზები

გასულ კვირას შიდვოს მიერ წარდგენლ მთავრობის ახალ კაბინეტს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმამ“ უნდობლობა გამოუცხადა, რაც მმართველმა პარტია წარმატებით დაძლია. ამასთანავე, პარლამენტმა მალევე უნდა უყაროს კენჭი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ბევრი თვლის, რომ კაჩინსკის პრემიერ-მინისტრის შეცვლით, როგორც პოლიტიკურ კლასში, ასევე საზოგადოებაში მოსალოდნელი პროტესტის განმუხტვა სურს.

შიდვოს მთავრობას ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაურთულდა ურთიერთობები ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან გერმანიასა და საფრანგეთთან. მას მოლაპარაკებებისთვის საჭირო პოლიტიკური რესურსი თითქმის ამოწურული ჰქონდა. მორავიეცკის დანიშვნით კაჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლონეთი ამ კრიზისული მომენტიდან გამოვა და შელახულ საერთაშორისო რეპუტაციას აღიდგენს. პოლონურ პოლიტიკურ ელიტას თვლიან, რომ როგორც ბანკირი, მორავიეცკი უფრო მარტივად გამონახავს კომუნიკაციის შესაძლებლობებს ემანუელ მაკრონთან და ანგელა მერკელთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი საკუთარ პოზიციებს დათმობს და ევროპული მითითებების შესრულებას მალე დაიწყებს.

მატეუშ მორავიეცკი ძირითადად იზიარებს კაჩინსკის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია თუ როგორ კანონებს შექმნის საკუთარი საზოგადოებისთვის და დაიცავს მის უზენაესობას. მორავიეცკი ასევე ეთანხმება მმართველი პარტიის პოლიტიკას იმიგრაციასთან დაკავშირებით. მისი აზრით, მუსლიმთა დიდი რაოდენობისთვის ადგილი პოლონეთში არ არის. პოლონეთმა უკვე მიიღო მილიონზე მეტი უკრაინელი იმიგრანტი და ესეც საკმარისი მაჩვენებელია. მორავიეცკი მიუთითებს იმაზეც, რომ დასაველთ ევროპა გაცილებით მდიდარია ვიდრე აღმოსავლეთი და მათ უნდა აიღონ ამ კუთხით მეტი პასუხისმგებლობა. პოლონეთის ახალი მმართველი ხაზს უსვამს, რომ იგი ერთიანი ევროპული სახლის მომხრეა, მაგრამ არა ისეთის, როგორიც ის ახლა ყალიბდება. მას ევროპის რექრისტიანიზაცია სურს.

Deutsche Welle-სთან ინტერვიუში, მორავიეცკის პოლონეთში იმ მასშტაბურ საპროტესტო ტალღებზე კითხეს, რომელიც ახალმა კანონმა აბორტსა და ერთსქესიანთა უფლებებზე და საკონსტიტუციო კრიზისმა გამოიწვია. მისი პასუხი მარტივი აღმოჩნდა, მორავიეცკი თვლის, რომ საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და რომ პოლიტიკური ველი პოლონეთში ღიაა.

ბოლო პერიოდში პოლონეთში გახშირებულ ულტრანაციონალისტური გამოსვლებით ქვეყანას საერთაშორისო იმიჯი შეელახა. 11 ნოემბერს, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ათი ათასობით ულტრასის მარშს ვარშავის ქუჩებში დიდი რეზონანსი მოჰყვა ევროპაში. კაჩინსკი მიიჩნევს, რომ მორავიეცკის ამ კუთხითაც აქვს უნარი პოლონეთის შელახული საერთაშორისო რეპუტაცია აღადგინოს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.