„ზღაპრული ახალი წელი“ - „სიენენის“ სტატია საქართველოზე

„სიენენი“ საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს და წერს, – „თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია. ამიტომ თუ თქვენ მზად არ ხართ დაემშვიდობოთ ჯადოსნურ განათებებსა და ქუჩაში გაჟღერებულ საშობაო სიმღერებს, თბილისი თქვენი საუკეთესო გასაქცევი იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, თბილისის საშობაო ბაზრობებს ევროპული სული აქვს. ეს კი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც რამე ახლის ნახვა სურს. სტატიაში აღნიშნულია, რომ დღესასწაულის ფარგლებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, უამრავი საშობაო ბაზრობაა. თუმცა, მათგან საუკეთესო ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნების ბაზრობებია, სადაც მსურველს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება, ქუჩის პერფორმანსების ხილვა და კერძების დაგემოვნება შეუძლია.

„ახალი წელი საქართველოში იმდენად მნიშნველოვანია, რომ მას ორჯერ აღნიშნავენ. ერთი 31 დეკემბერია, ხოლო მეორე 14 იანვარი. ძველით ახალი წლის აღნიშვნით, დღესასწაული კიდევ უფრო ხანგრძლივი ხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.