ყირიმის ხიდის აფეთქება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას აქვს ინფორმაცია აფეთქებული სატვირთოსა და მისი მფლობელის შესახებაც. ის კრასნოდარის მხარის მცხოვრებია. მის საცხოვრებელ ადგილას ახლა ჩხრეკა მიმდინარეობს.

ყირიმის ხიდზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. მოგვიანებით, რუსეთში განაცხადეს, რომ ხიდზე სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა, ცეცხლი კი მატარებლის საწვავით სავსე ვაგონებს მოედო. შედეგად, ყირიმის ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. ამაჟამად ხიდზე ხანძარი ჩამქრალია და საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა შეწყვეტილია, თუმცა, მოსკოვში ამბობენ, რომ მატარებლების მოძრაობა შესაძლოა საღამოს აღდგეს.