„წერილები ჯარისკაცებს“ - მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს

„წერილები ჯარისკაცებს“ – ამ პროექტის მორიგი ეტაპი განხორციელდა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში.

ავღანეთიდან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილებს ადრესატები კოჯორში სამხედროებთან ერთად გაეცნენ.

ოფიცრები ბავშვებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მისიის შესახებ ესაუბრნენ. მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს და მხიარული ესტაფეტა გამართეს.

„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან.

პროექტის მიზანი, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.