ვითარება ისევ იძაბება ბელარუსის დედაქალაქში. სასწავლო პროცესის დაწყების დღეს, პოლიციამ მინსკის ქუჩებში გასული 50-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღეს სწორედ სტუდენტებმა გააპროტესტეს. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ბელარუსში არჩევნების ხელახლა გამართვა მოითხოვეს.
შიდა დაძაბულობის ფონზე მწვავდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებიც. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის სპეციალურ განცხადებაში ჩაიწერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, ბელარუსში წამების 450 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ, როცა გაერო მთავრობას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს, მეექვსე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლუკაშენკო პოზიციების დათმობას არ აპირებს. არ ცხრება საპროტესტო მუხტიც.