ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ
მამაკაცს, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ, მან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაიწყო. ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებების შედეგად, 45 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს ჩაბარდა. სროლისას არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.