საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის პროცესი სპეციალური პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა და ვაქცინის გაკეთებამდე, გიორგი ვოლსკიმ თერაპევტის კონსულტაცია გაიარა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძეც. მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინის მიმართ ნდობა იზრდება, რასაც დადებითად აფასებს.