პირველადი სია გამოქვეყნებულია, ვინ გამწესდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ამის შესახებ საბოლოო შემადგენლობის ფორმირების შემდეგ, პარლამენტი იმსჯელებს. თუმცა, დღეს გამოქვეყნებულ ჩამონათვალს, კრიტიკული განცხადებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი ისევ ე.წ. კლანზე მიუთითებს და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ შერჩევის რამდენიმესაფეხურიანი პროცესი, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება.
დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის კი არიან მოქმედი გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს ყოფილი წევრები და მათ შორის ის მოსამართლეებიც, რომლებიც გასულ წელს პარლამენტში წარდგენილ ათკაციან სადავო სიაში იყვნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაშინ სიის განხილვა პარლამენტმა შეაჩერა. მოსამართლეების ნაწილი, რომლებიც დღეს ამ კონკურსთან დაკავშირებით საუბრობდნენ, ამბობენ, რომ ისინი კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. საკუთარ კეთილსინდისიერებაში და კომპეტენციაში დარწმუნებულები არიან ის იურისტებიც, რომლებიც ასევე მონაწილეობენ კონკურსში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორისაა პოლიტიკოსი კახაბერ ძაგანიაც.