„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.
ექსპოზიციის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. მოგვიანებით კი მოეწყობა სპეციალური ღონისძიება სახელწოდებით, „უსაზღვრო ქართული კულტურა. საერთაშორისო გამოფენა საქართველოს სტენდთან გაიხსნება და ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბერლინის მერი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და გამოფენის დირექტორი. 7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ეთმობა. მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი პრეზენტაციას გამართავს.