ტყიბულს ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აქვს. გახსნას ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა“ და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა. მინისტრი ამბობს, რომ მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც იქნება.
ახლად გახსნილი ცენტრის მომსახურებით ტყიბულისა და მისი მიმდებარე 11 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს. ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა. თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა მორგებული, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.