საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით, ინფორმაცია განათავსეს.
დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.