სომხეთის გეოპოლიტიკური სტრატეგია
სომხეთ–რუსეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე: ერევნის ახალი გეოპოლიტიკური არჩევანი
რუსეთსა და სომხეთს შორის უთანხმოების თემების ჩამონათვალი ფართოვდება. ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო უარესდება. მოსკოვი ერევნისგან ითხოვს, გამოკვეთოს პოზიცია, თუ რომელ ეკონომიკურ სივრცეში ყოფნა სურს – ევრაზიულ კავშირში, თუ ევროკავშირში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ერევანი დასავლეთისკენ იხრება – ასეთი პოზიციონირება კი კრემლის უკმაყოფილებას იწვევს, რაც ზეწოლის კონკრეტული ბერკეტების ამოქმედებაში უკვე გამოიხატა. თავის მხრივ სომხეთი რუსეთთან ურთიერთობების გადააზრებას ცდილობს. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა სომხური რკინიგზის მართვის საკითხიც. ფაშინიანის პოზიციაა, რომ რუსული მართვით სომხეთის რკინიგზა მუშაობას დიდხანს აღარ უნდა აგრძელებდეს. სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც გეგმავს, მაშინ როცა სადგურის აშენება რუსეთს სურს, ერევანი მოლაპარაკებებს ამერიკულ და ფრანგულ კომპანიებთან აწარმოებს.
რა იგულისხმება სომხეთის პრემიერის მიერ არაერთხელ ხაზგასმულ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაში: სომხეთის ახალ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას, რომელიც მრავალვექტორულ პოლიტიკას ეფუძნება, საბოლოო კონტურების გამოკვეთა სჭირდება, რადგან დიდ ძალებთან ერევნის ურთიერთობები გადაწყობის პროცესშია.
სომხეთის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური არჩევანი
სომხეთის მრავალვექტორული პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობების გადააზრებას გულისხმობს, რომ ერევანს ჰქონდეს მანევრის საშუალება საერთაშორისო ურთიერთობებში. ესპროცესი დიდწილად უკავშირდება, იმას, თუ რომელ ეკონომიკურ ბლოკთან იქნება სომხეთი ახლოს.
ერევანს დასავლეთთან დაახლოება სურს, თუმცა, მოსკოვი ამისთვის ერევნისგან მეტ სიცხადეს ითხოვს და სომხეთის ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარებას თხოვს. ამ თემაზე ლიდერებმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზეც ისაუბრეს:
„თქვენ კარგად იცით რუსეთის პოზიცია – სომხეთის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ქვეყნისა და მისი ხალხის ბუნებრივი და ლეგიტიმური უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხი ხალხის გადასაწყვეტია თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების ვექტორი. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, სირთულეებს უქმნის სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას და სომხეთის უპირატესობებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზარზე არსებულ სავაჭრო ჯაჭვებს“– რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
ერევანს და მოსკოვს შორის წინააღმდეგობა სწორედ რეფერენდუმს უკავშირდება.
ფაშინიანის მთავრობა რეფერენდუმის იდეას არ იზიარებს და არც იმ კანონის გაუქმებას აპირებს, რომლის მიხედვით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო. უთანხმოების ფონზე რუსეთმა სომხეთიდან მთელი რიგი პროდუქციის იმპორტი შეაჩერა, რის გამოც, ფაშინიანი ექსპორტის დივერსიფიკაციის გეგმაზე გადავიდა.
ფაშინიანის მტკიცებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ ერთგულების ფიცი არცერთ ქვეყანას არ აქვს დადებული, რაც ერევანს მანევრის საშუალებას აძლევს, თუმცა ეკონომიკური საკითხების დაბალანსებაც მოუწევს. ეკონომიკაში სომხეთი რკინიგზის საკითხსაც ააქტიურებს, რადგან სომხეთის რკინიგზა რუსეთის ფედერაციის კონცესიური მართვის ქვეშაა და ერევანი ამტკიცებს, რომ ეს აფერხებს საერთაშორისო რკინიგზასთან მის ინტეგრირებას. სომხეთი ითხოვს რკინიგზის მესამე მხარისთვის გადაცემას.
სამხედრო თანამშრომლობა – 102–ე რუსული ბაზის საკითხი სომხეთში
ეკონომიკასთან ერთად, დღის წესრიგშია სამხედრო საკითხიც. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ სომხეთს რუსული სამხედრო ბაზის არსებობა არ სურს, ხვალვე შეუძლია გაიყვანოს რუსული ჯარები სომხეთის ტერიტორიიდან. ეს, როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებასაც არ უქმნის დაბრკოლებას.
„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს დაგვიყენებია სომხეთში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საკითხი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მის ყოფნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. რუსეთი თუ გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთის რესპუბლიკიდან გაყვანას, წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა დარჩენის სურვილი თუ გამოითქმება, მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხი არასდროს დაგვიყენებია“ – ნიკოლ ფაშინიანი, 03.09.2026
ევროკავშირის მხარდაჭერა და ექსპორტის დივერსიფიკაცია
რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გადახედვის ფონზე, სომხეთისთვის პირობების შემსუბუქების გზას დაადგა ევროკავშირი, მაშინ როდესაც ერევანი ეკონომიკურ დივერსიფიკაციას ცდილობს, ევროპულმა საბჭომ სომხური პროდუქციისთვის დროებითი ლიბერალური სავაჭრო პირობების შემოღება დაამტკიცა. ეს ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს შეეხება. მათ შორის იმ ახალი ხილის, ბოსტნეულის და მცენარეების ექსპორტის 99%-ს, რომელიც მანამდე რუსეთში გადიოდა, ასევე სასმელების ექსპორტის 91%-ზე მეტს. ახლა საკითხზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
რუსეთის ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები და საზოგადოებრივი აზრი სომხეთში
· ფულადი გზავნილები: მოსკოვმა, შესაძლოა, შეწყვიტოს რუსეთიდან სომხეთში ფულადი გზავნილები, რაც მილიარდ-ნახევარ დოლარამდე აღწევს.
· მიგრაციული პოლიტიკა: შესაძლოა, მოხდეს რუსეთში მცხოვრები და მომუშავე რამდენიმე ასეული ათასი სომხეთის მოქალაქის დეპორტაცია.
· ენერგორესურსები: მთავარი ბერკეტი ბუნებრივი აირია, რომელსაც სომხეთი ამჟამად 170$-ად ყიდულობს, მაშინ როდესაც ევროპაში კუბური მეტრის ფასი 700$-ს აჭარბებს.
რუსეთს და ევროკავშირს შორის არჩევანი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სომხეთის მოსახლეობაში:
„ფაშინიანი სწორ საქმეს გააკეთებს. ეს შესანიშნავი ნაბიჯია. რაც უფრო შორს იქნება რუსეთისგან, მით უკეთესია. ის სწორ საქმეს გააკეთებს“.
„რუსეთის გარეშე ჩვენ გავქრებით. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩვენი დამცველის როლი შეასრულოს. იქნება ეს საკუთარი ინტერესების გამო ,თუ სხვა რამის გამო“- ეჭვობენ სომხეთის მოქალაქეები.
„ეკონომიკურად ევროკავშირი მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის, საკუთარი მოკლე ხედვის, რომ არ ვთქვა, სისულელის გამო კარგავს თავის უპირატესობებს. ინერციის გამო ქვეყნები, ჩვენი სერბი, მეგობრები და ახლა ჩვენი სომეხი კოლეგები აგრძელებენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე დაკარგავენ ამ სურვილს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
კრემლში ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღებით, სომხეთმა ფაქტობრივად დაიწყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის პროცესი. ერევანს და მოსკოვს შორის ტრადიციული ურთიერთობები მკვეთრად გაართულა ყარაბაღის ომმა, როდესაც სომხეთმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების
ორგანიზაციამ თავის წევრს დახმარება არ აღმოუჩინა. სომხეთის დასავლეთისგან გადახრა სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, თუმცა, მრავალვექტორულ ურთიერთობებში გასარკვევი ერევნისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა.