სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც შიდა ქართლში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აცხადებდა, რომ მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან შესაძლო დისციპლინური გადაცდომებისა და უკანონო საქმიანობის შესახებ გასაუბრება ჩატარდა, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.
ამავე განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ კი მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ სამსახურის დატოვება მისი სიძის, შიდა ქართლში დაცვის პოლიციის ყოფილი უფროსის გიორგი მეზვრიშვილის გამო მოთხოვეს, რომელიც მისივე თქმით, სამსახურიდან კახა საბანაძესთან მეგობრობის მოტივით გაათავისუფლეს.