„პრაიდის“ კვირეული - შსს-ს განცხადება

დღეს პრაიდფესტივალის კვირეული სრულდება – დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. ამასთან, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულები იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს – დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. უწყება ასევე მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.