შსს-ს განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექნილი დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა.

უწყების ცნობით, კრიმინალების დაკავება საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული, ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი მამაკაცი და ერთი ქალია. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ასევე ჯავშანჟილეტები და მოპარული ნივთები.

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ატიკის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში ორი წელი ძარცვავდნენ სახლებს. მათ მიერ მოპარული ნივთების ღირებულება ორასი ათას ევროს აღწევს.

დაკავებულებს ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.