შეხვედრა პრეზიდენტთან

ვის პოზიციას და არგუმენტებს გაითვალისწინებს პრეზიდენტი – საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ კერძო ტელევიზიების? გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დაადებს თუ არა ვეტოს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა წინა კვირას მეორე მოსმენით დაამტკიცა.

გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტმა მხარეებს ცალ-ცალკე მოუსმინა. კანონპროექტის განხილვის დროს განსაკუთრებული აქცენტი დოკუმენტის იმ ნაწილზე გაკეთდა, რომელიც ჩვენს ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი არხი მხოლოდ დილით და შუადღისას და ისიც შეზღუდული დროით ითხოვს რეკლამის განთავსების უფლებას, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამ ცვლილებაში კომერციული არხების დასუსტების საფრთხეს ხედავენ. და ეს იმ ფონზე, როდესაც სარეკლამო ბაზარი ევროპის ქვეყნებში ყველა ტელევიზიისთვის და მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის ხელმისაწვდომია. სწორედ ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში შევიდნენ. შედეგად, ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში წარმატებული კომერციული არხების და საზოგადოებრივი მაუწყებლების რეიტინგები თითქმის თანაბარია. ამ რეალობის გათვალისწინებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირი კანონში შესატან ცვლილებებს, მათ შორის, რეკლამის ნაწილში, სრულად უჭერს მხარს.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა არგუმენტები მოისმინა დღეს პრეზიდენტმა.